Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის ჩარტერული რეისი, იმპიჩმენტი და გამოძიება - რა (არ) არის მოსალოდნელი?


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში. 30 ივნისი, 2023 წელი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში. 30 ივნისი, 2023 წელი.

ოპოზიციური პარტიები პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ცდილობენ - იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებითა თუ გამოძიებით. ეჭვი არავის ეპარება, რომ ღარიბაშვილმა კანონი დაარღვია სასწავლებლად შვილის სამთავრობო თვითმფრინავით გაცილებით. "ოცნება" ამტკიცებს, რომ პრემიერს ბიუჯეტის თანხა არ დაუხარჯავს.

მთავრობის სტრატკომი საზოგადოებას ეუბნება, რომ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება კერძო მიზნებისთვის არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. საექსპერტო წრეებში ამას „ბავშვურ თამაშებს“ უწოდებენ.

„ოცნება“ კანონდარღვევას გამორიცხავს. მმართველი პარტია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით შვილის სასწავლებლად გაცილებისას ხარჯი თავად ღარიბაშვილმა დაფარა. ოპოზიციისთვის ეს ფაქტი კორუფციის არსებობაზე მიანიშნებს.

პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობა „TV პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დაიწყო. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ოჯახთან ერთად თბილისიდან მიუნხენამდე სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა. მიუნხენიდან აშშ-მდე კი, სადაც პრემიერის ოჯახი შვილს პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წლის დასაწყებად გაჰყვა, სტრატკომის მტკიცებით, რეგულარული კომერციული რეისით.

შესაძლებელია პრემიერის იმპიჩმენტი?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება „ლელოს“ ინიციატივაა.

პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა 11 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმპიჩმენტი „პოლიტიკური აქტია“, რომელიც, სამომავლოდ, დანაშაულის დასჯის საფუძველს შექმნის და არ შეიძლება, რომ „ქვეყანას მის ისტორიაში ყველაზე უფრო კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს“ და „საზოგადოებასა და ოპოზიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდეს“.

იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან საეჭვოა, რომ საკითხის ინიციირებისთვის 50 აუცილებელი ხმა მოგროვდეს.

  • ამჟამად ოპოზიციას პარლამენტში 56 დეპუტატი ჰყავს.
  • პრემიერის იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ გეგმავს „გირჩი“, რომელიც პარლამენტში 4 დეპუტატით არის წარმოდგენილი. პარტიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა მარცხით დასრულდება და გამარჯვებას მოუტანს „ყველაზე სუსტსა და რეპუტაციაშელახულ“ პრემიერს.
  • ყოყმანობს პარტია „საქართველოსთვის“ - 5 დეპუტატით; დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, რომ პრემიერის იმპიჩმენტის საკითხის წამოყენებით, „ოცნების“ მსგავსად, ოპოზიციაც ხელს შეუშლის „ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“.
  • იმპიჩმენტი თავიდანვე „წამგებიან თამაშად“ მიაჩნია ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ – 2 დეპუტატი.
  • ასევე, პარლამენტში 4 მანდატით არის წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“, რომელიც ძირითადად ყოველთვის ხელისუფლების პოზიციას იკავებს.

ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოძიების გზა აირჩია და 11 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, პროკურატურას განცხადებით მიმართა.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება.

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს [50 დეპუტატი].
ამის შემდეგ, საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და „პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში“.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს იმპიჩმენტის საფუძველს, დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
მთავრობის წევრი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [სულ მცირე 76 დეპუტატი].

რა საფუძვლით ითხოვს იმპიჩმენტს „ლელო“? დანაშაულის რა ნიშნებს ხედავს?

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი ლევან სამუშია, რომელმაც, 10 სექტემბერს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სპეციალურ ბრიფინგზე გაახმაურა, რადიო თავისუფლებასთან დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების არსებობაზე ლაპარაკობს:

„TV პირველის“ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტში დანაშაულის ნიშნების პირდაპირი ფაქტებია. ეს არის [პრემიერის მხრიდან] სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების გამოყენება. თამაზ გაიაშვილი ["ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელი] ადასტურებს, რომ თვითმფრინავის რეისისთვის თანხა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გადარიცხა... თუ გავყვებით "ქართული ოცნების" ვერსიას, რომ თანხა ღარიბაშვილმა თავისი ჯიბიდან გადაიხადა. საიდან ღარიბაშვილს ეს თანხა?!“, - ლევან სამუშია ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ქონება [ამ შემთხვევაში კონკრეტული თვითმფრინავი] „არ უნდა იქნას გამოყენებული კერძო მიზნებისთვის“ და რომ ეს ფაქტიც „დანაშაულის ნიშნების შემცველია“.

მთავრობის სტრატკომმა მოგვიანებით, მხოლოდ „TV პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დაადასტურა, თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერის კერძო რეისი შესრულდა, სახელმწიფოს ბალანსზეა.

10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ტექსტში სტრატკომი აღნიშნავს, რომ:

  • თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერმა იმგზავრა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბალანსზეა.
  • აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან.
  • და კიდევ - მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა.

ეს განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც „TV პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტში, „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის ნათქვამიდან გაირკვა, რომ პრემიერ-მინისტრი გერმანიაში მისმა კომპანიამ წაიყვანა.

მანამდე, 7 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი აღნიშნავდა, რომ პრემიერი მიუნხენში კერძო ვიზიტით, არასაბიუჯეტო ფულით დაფინანსებული კომერციული რეისით გაემგზავრა. განცხადებაში არ იყო ნათქვამი, რომ პრემიერმა, ვაჟთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა.

ჟურნალისტური გამოძიებისა და სტრატკომის პასუხების შემდეგ გაჩნდა კითხვები:

  • თუკი პრემიერის თვითმფრინავი ხელმისაწვდომია ყველასთვის, რატომ არის ინფორმაცია გასაიდუმლოებული?
  • რატომ არა აქვს „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ საჯაროდ გამოქვეყნებული ტარიფები, თუნდაც მათთვის, ვისაც შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, ისარგებლოს სამთავრობო თვითმფრინავით?

კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილისთვის სტრატკომის განმარტება „ბავშვური თამაშები“ და „ნახევარი სიმართლეა“, რადგან, როგორც ის გვეუბნება, ერთი მხრივ - საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს კომერციული საქმიანობის უფლება აქვთ, მაგრამ, მეორე მხრივ, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით, სამთავრობო თვითმფრინავი, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, ხელმიუწვდომელი უნდა იყოს კერძო პირებისთვის.

„მანქანა, რომლითაც ღარიბაშვილი გადაადგილდება, იგივე წესით არის რომელიღაც უწყების ბალანსზე და ამ მანქანის დაქირავებაც შემიძლია?! პირველი ბორტის დაქირავებაც ზუსტად იმავე საფუძვლით არ შემიძლია, რითაც - მანქანის.

რატომ არ შემიძლია? პირველ პირზეა ლაპარაკი და მე, კერძო პირმა, იქ [თვითმფრინავში] შეიძლება გავაკეთო ისეთი რამ, ანდა მივიღო ისეთი ინფორმაცია, რომელიც უსაფრთხოებას სერიოზულად დააზარალებს. დავუშვათ, რაღაც ნაკლი აღმოვაჩინე; განლაგება ვნახე, შიგნით [თვითმფრინავში] რა არის, როგორ არის... რა იციან, რა მიზნით გამოიყენებს კერძო პირი“, - ალაფიშვილის თქმით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მუშაობისას, 1997 წელს, ეს კანონი მისი დაწერილია, „მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა“ და ზუსტად იცის, რა მოთხოვნები აქვს ამ კანონს.

ლევან ალაფიშვილის განმარტებით, სამთავრობო თვითმფრინავის ფოტოგადაღებაც კი შეზღუდული უნდა იყოს და როცა ის არ გამოიყენება, დაცულ ადგილას, დაცვის სპეციალური სამსახურის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, იურისტი განმარტავს, რომ ამ კომპანიის ჯგუფი ამ შემთხვევაში პერსონალით ემსახურება სახელმწიფოს კუთვნილ თვითმფრინავს. „ისევე, როგორც, ვთქვათ, მანქანა რომ მყავდეს და მისთვის მძღოლი ვიქირავო, უხეშად რომ ვთქვა“, - გვეუბნება ალაფიშვილი.

იმპიჩმენტის პროცედურაზე ლაპარაკი ლევან ალაფიშვილს სარისკოდ მიაჩნია. „მე ამ გზით არ წავიდოდი. წამგებიანი თამაშის დაწყება არ მგონია გონივრული“, - ამბობს ის და „პირის ან პირების პასუხისმგებლობის საკითხის გამოსაკვეთად“ აუცილებლად მიიჩნევს, რომ საჭირო ინფორმაცია ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოითხოვონ - მათ შორის - ნდობის ჯგუფის ფორმატში გადაამოწმონ და „ასევე შესაძლებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაზეც ახლა არავინ ლაპარაკობს“.

"ოცნება" დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრემიერის იმპიჩმენტის მოთხოვნა ოპოზიციამ პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის გადასაფარად წამოაყენა.

„ეს არის, რაღაცნაირად უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი რეალურად ამ ყველაფერს არ აქვს... ბიუჯეტიდან არ იყო არცერთი თეთრი გადახდილი. მერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია საჯარო იქნება, არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა“, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ „ყველაფერი დეკლარაციაში იქნება ასახული, როგორც შემოსავლებთან და ასევე ხარჯებთან დაკავშირებით“.

„ოცნებაში“ ვერც გამოძიების დაწყების საფუძველს ხედავენ და ბიუჯეტის ფულის ხარჯვას ოპოზიციის ხელწერად მოიხსენიებენ.

„ეს არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები. პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც კი გაკეთდა, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა“, - აცხადებს პარტიის გენმდივანი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, რომელიც თვლის, რომ ჟურნალისტები გამოგონილ სიცრუეში „აიბლანდნენ“.

„ჩემი აზრით, შვებულების დროს, კერძო პირს - ამ შემთხვევაში კი, ის პრემიერ-მინისტრი აღარ არის, რადგან პრემიერი შვებულებაშია - შეუძლია საკუთარი თანხებით იმოგზაუროს“, - ეს უკვე უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის კომენტარია.

გაფლანგვა, კორუფცია

მართალია, პროკურატურას, როგორც „ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ერთ-ერთ განშტოებას“, არ ენდობა და არც ობიექტური გამოძიების იმედი აქვს, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება მაინც შეიტანა.

„ირაკლი ღარიბაშვილი არათუ თანამდებობას უნდა ტოვებდეს, არამედ ის უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე და პასუხობდეს კითხვებს“, - თქვა პარტიის წარმომადგენელმა, ვასო ურუშაძემ პარტიის სახელით განცხადების შეტანისას. ამ განცხადებით მოითხოვენ საქმის აღძვრას ორი მიმართულებით:

  • სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენების მუხლით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
  • სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ქრთამის აღების მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 11-დან 15 წლამდე.

პარალელურად, პროკურატურას ცალკე განცხადებით მიმართეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თეიმურაზ ჯანაშიამ და მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

ბასილაიას განაცხადებით, დანაშაულის ჩადენის ფაქტები აშკარაა, მაგრამ, მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს არის კორუფცია თუ გაფლანგვა.

„ჩანს სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი განკარგვის ფაქტები... თუნდაც დადგინდეს, რომ ეს ვიზიტი არა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდა, არამედ ვიღაცის ჯიბიდან, ესეც არანაკლები სიმძიმის დანაშაულია, ეს არის კორუფციული დანაშაული.

ქართული კანონმდებლობა, საჯარო სამსახურის მარეგულირებელი ნორმები პირდაპირ ითვალისწინებს, რომ საჯარო მოხელეს და მით უფრო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს ეკრძალება წლის მანძილზე მის ხელფასზე 15%-ით მეტი საჩუქრის მიღება. ის ხარჯი კი, რაც გაწეულია ჩარტერისთვის, შესაძლოა ორჯერ მეტიც იყოს ღარიბაშვილის კანონიერ შემოსავალზე“, - განაცხადა ბასილაიამ.

ბასილაია ამბობს, რომ ფრენებთან დაკავშირებულ ხარჯს უკავშირდება ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელზეც ბრალდებულები არიან თეიმურაზ ჯანაშია და საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი; თუმცა „განსხვავებით ღარიბაშვილის შემთხვევისა, მიხეილ სააკაშვილის ფრენები რეალურად სახელმწიფოს მიზნებიდან გამომდინარე იყო“.

ბასილაია ასევე აღნიშნავს, რომ „ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დავალებების შემსრულებელი“ პროკურატურის“ მიმართ ნდობა არ აქვთ, მაგრამ მიმართვა აუცილებელია, ხოლო „პროკურატურა ვალდებულია“, რომ გამოიძიოს პრემიერის შესაძლო დანაშაული.

საქართველოს პროკურატურას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG