პოლიციამ თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, აქციაზე, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია დააკავა. აქციაზე შეკრებილი ადამიანები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ, პირადი მიზნებისთვის შვილის ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაყვანის გამო.
დაკავებულს პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 173-ე მუხლი) ედავებიან. არსებული ინფორმაციით, ის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, ეზოში, წარწერების გაკეთებას ცდილობდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან გაემგზავრა ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო იქიდან რეგულარული რეისით - აშშ-ის მიმართულებით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.
არ არის ცნობილი, რა დაუჯდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შვილთან ერთად აშშ-ში მოგზაურობა. ბოლო დეკლარაცია მან 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.