პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ჩადენილი შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოძიების დაწყებას მოითხოვენ, სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.
საუბარია სამთავრობო თვითმფრინავით ევროპაში განხორციელებულ ჩარტერულ რეისზე, რომლის საფასურიც, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის განმარტებით, ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და პრემიერის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღის წვეულებაზე. ამ საკითხებზე სიუჟეტი ტელეკომპანია „ტვ პირველმა" მოამზადა.
"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე და ამავე პარტიის წევრი ლაშა ტყეშელაძე საქმის აღძვრას მოითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, არაერთგზის. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოითხოვენ ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 11-დან 15 წლამდე.
ვასო ურუშაძის განცხადებით, არ აქვთ მოლოდინი, რომ გენერალური პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, თუმცა თავს ვალდებულად მიიჩნევენ, საგამოძიებო ორგანოს მიმართონ.
„დიდი ალბათობით, როგორც ეს სხვა შემთხვევებშიც ხდებოდა, ეს განცხადებაც რეაგირების გარეშე შემოიდება თაროზე, მაგრამ როცა ძალიან მალე საქართველოს ეყოლება რეალურად დემოკრატიული ხელისუფლება, დამოუკიდებელი პროკურატურით და თავისუფალი სასამართლოთი, ყველა საქმე, რომელიც დღეს თაროზეა შემოდებული და უკავშირდება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო კორუფციულ დანაშაულებს, იხილავს მზის შუქს და სამართლიანობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით, მათ მოუწევთ აგონ პასუხი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე...ორივე დანაშაულის გამოძიების და სავარაუდო ბრალდებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ვადა 15 წელია“, - განმარტა ვასო ურუშაძემ მედიასთან კომენტარში, გენერალურ პროკურატურაში განცხადების შეტანამდე.
ამასთან, პარტია „ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. ინიციატივა ეყრდნობა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მისი ვაჟის ჩარტერული რეისით მგზავრობას უკავშირდება. ოპოზიციაში ამ ფაქტს "ჩარტერის სკანდალად" მოიხსენიებენ.
მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით გაემგზავრა, ხოლო იქიდან აშშ-ის მიმართულებით - რეგულარული რეისით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.
არ არის ცნობილი, რა დაუჯდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შვილთან ერთად აშშ-ში მოგზაურობა. ბოლო დეკლარაცია მან 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.