Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ვინ იქნება „სამშობლოს მოღალატე“?

ვინ იქნება „სამშობლოს მოღალატე“?


"ქართული ოცნება" სისხლის სამართლის კოდექსში "სამშობლოს ღალატის" მუხლს აბრუნებს
"ქართული ოცნება" სისხლის სამართლის კოდექსში "სამშობლოს ღალატის" მუხლს აბრუნებს

„ქართული ოცნება“ აბრუნებს მუხლს „სამშობლოს ღალატის“ შესახებ. მსგავსი მუხლი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2007 წელს გააუქმა, თუმცა ყველაფერი, რასაც ის ითვალისწინებდა, კვლავინდებურად დასჯადია.

სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის მუხლი დაბრუნდება და „სამშობლოს ღალატი“ ერქმევა. შესაბამისი კანონპროექტის წარდგენას „ქართული ოცნება“ უახლოეს დღეებში გეგმავს. ამ საკითხზე აქტიურად საუბრობენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც და მათდამი კეთილგანწყობილი მედია.

2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი განსაზღვრავდა „სახელმწიფოს ღალატს“, რომელიც მოიცავდა ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, შეთქმულება ან ამბოხება, საბოტაჟი, და სხვა.

ოღონდ საქმე ისაა, რომ ყველა ქმედება, რომელიც “სახელმწიფოს ღალატის” ჩამონათვალში შედიოდა, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით ისედაც ისჯებოდა. მაგალითად, 308-ე მუხლით ისჯება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, 309-ე მუხლით - ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, 310 მუხლით - საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა და ა.შ.

307-ე მუხლი არსებითად არაფერს ცვლიდა, გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მომდევნო მუხლებს „სახელმწიფოს ღალატი“ ეწოდებოდა. ლევან ბეჟაშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, 2007 წლის განხილვისას 307-ე მუხლის ამოღებას „ტექნიკური ხასიათის ცვლილება“ უწოდა. მისი განმარტებით, მუხლის ამოღების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ის „ამოვარდნილი“ იყო კოდექსის „საკანონმდებლო ტექნიკის კონსტრუქციიდან“, რადგან იმ ფონზე, როცა სისხლის სამართლის კოდექსის ყველა სხვა მუხლი ცალკეულ დანაშაულთან მიმართებით სასჯელს განსაზღვრავს, 307-ე მუხლი მხოლოდ „განმარტებითი ხასიათის“ იყო.

ქვევრი და ღვინო

დღეს „ქართულ ოცნებაშიც“ ადასტურებენ, რომ ამ მუხლს პირვანდელი ფორმით დააბრუნებენ.

„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, ის არ იქნება რაიმე სანქციის შემცველი, ეს იქნება იდენტური შინაარსის რაც იყო მის გაუქმებამდე”, - თქვა 18 თებერვალს “ქართული ოცნების” ამჟამინდელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, რომელიც 2007 წლის აპრილში “ნაციონალური მოძრაობის“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

“ქართულ ოცნებას” მუხლში ერთადერთი ცვლილება შეაქვს - “სახელმწიფოს ღალატის” ნაცვლად იქ “სამშობლოს ღალატი” ჩაიწერება.

“[ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა] დამისვა შეკითხვა, ორი ცნებიდან რომელია შენთვის პრივილეგირებული, სამშობლო თუ სახელმწიფოო? მე არ ვუპასუხე და ვკითხე, შენთვის რომელია-მეთქი?”, - ჰყვება ბიძინა ივანიშვილი 2019 წელს მიცემულ ინტერვიუში და შემდეგ განმარტა, რატომ არ დაეთანხმა თანამოსაუბრეს რომელმაც უპასუხა, სახელმწიფოო:

“ვიღაცამ კარგი შედარება გამიკეთა - ღვინო და ქვევრი რომ შევადაროთო. ქვევრი მოიგონეს იმისათვის, რომ ღვინო შეენახათ და დაეცვათ. თუ ღვინო არ გიყვარს, ქვევრს რა თავში იხლიო?”.

“რადიო თავისუფლების” კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს მუხლში “სახელმწიფოს ღალატის” ჩანაცვლება “სამშობლოს ღალატით”, “ქართულმა ოცნების” დეპუტატი ლადო ბოჟაძე პასუხობს:

ლადო ბოჟაძე
ლადო ბოჟაძე

“სახელმწიფოებრიობის აღქმა ამ ადამიანებს არ აქვთ, ამიტომ, იქნება სამშობლოს აღქმა მაინც ჰქონდეთ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ უსამშობლოები არიან, შეიძლება, არც ეს დასახელება იყოს მათთვის პრობლემა”.

ბოჟაძემ განმარტა, რომ “ამ ადამიანებში” იგულისხმა “ნაციონალური მოძრაობა”. მისი მტკიცებით, ყოფილმა მმართველმა პარტიამ 2007 წელს ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან იმისათვის ამოიღო, რათა “დემონიზებისგან თავი გადაერჩინა”.

ვინ იყვნენსახელმწიფოს მოღალატეები“?

გაუქმებამდე სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი გაასამართლეს.

ერთ-ერთი მათგანი რომან დუმბაძე იყო - ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მეთაური, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძეს უერთგულა და უმაღლეს მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს, დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

დუმბაძე სახელმწიფოს ღალატის გამო 2005 წელს გაასამართლეს და სამი წლის შემდეგ, 2008 წლის 29 აგვისტოს, რუსეთმა 12 ქართველ ჯარისკაცში გაცვალა. 2012 წლის 21 მაისს რომან დუმბაძე მოსკოვში დაუდგენელმა პირებმა მოკლეს.

მეორე მაღალჩინოსანი ქართველი ოფიცერი, რომელიც სახელმწიფოს ღალატში ედებოდა ბრალი, კოდორის ხეობის ამბოხის ორგანიზატორი ემზარ კვიციანი იყო.

კვიციანი მაშინ რუსეთში გაიქცა და საქართველოში 2014 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდა. იმავე წელს სასამართლომ ამბოხის მოწყობისთვის დამნაშავედ ცნო, თუმცა 2015 წლის 28 იანვარს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების შემდეგ გათავისუფლდა. 2016 წელს ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტის წევრი გახდა.

2006 წლის სექტემბერში 315-ე მუხლით, შეთქმულების ან ამბოხების ბრალდებით, რაც მაშინ სახელმწიფოს ღალატად კვალიფიცირდებოდა, დააკავეს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის 13 მხარდამჭერი. სასამართლომ მათ პატიმრობა 2007 წლის აგვისტოში შეუფარდა, როცა 307-ე მუხლი უკვე გაუქმებული იყო.

რაში სჭირდებაოცნებას“ 307- მუხლი?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ სისხლის სამართლის კოდექსში “სამშობლოს ღალატის” მუხლის დაბრუნებას “სამართლებრივად აზრი არ აქვს”.

სიმონიშვილი ამ გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” პოლიტიკურ მიზნებს მიაწერს და ამბობს, რომ ამგვარად, “ოცნებას” ოპონენტებისთვის მოღალატის იარლიყის მიკრობა სურს:

“მოწმედ რომ დაგიბარებენ, რომ გამოგკითხავენ, ბრალი თუ წაგიყენეს, ხომ მითუმეტეს - სამშობლოს ღალატისთვის ბრალდებული ხარ ან იმ დანაშაულისთვის იკითხები.

„შავ პიარზე“ გათვლილი სვლა არის, რომ სამშობლოს ღალატისთვის არის გამოძიება დაწყებული“, - უთხრა ნიკა სიმონიშვილმა „რადიო თავისუფლებას“.

იმას, რომ მუხლის დაბრუნებას სამართლებრივი დატვირთვა არ ექნება, ადასტურებს ლადო ბოჟაძეც.

“ წმინდა იურიდიული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს მუხლი არ ითვალისწინებს არავითარ სასჯელს”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ “სამშობლოს ღალატის” მუხლი “შეფასებითი ხასიათის” იქნება, ოღონდ უარყო, რომ “ქართული ოცნება” მის გამოყენებას ოპონენტების დემონიზებისთვის აპირებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG