Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის სოციალური სახლის მობინადრეები განსახლებას ითხოვენ


ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის პირველ სართულზე არასაცხოვრებელ ფართში ჭერი ჩამოინგრა.

მრავალშვილიანი მირანდა ნემსიწვერიძე, რომელიც ორი წელია ცხოვრობს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში, ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში შენობის სხვადასხვა ადგილას ჭერიდან სამშენებლო მასალა რამდენჯერმე ჩამოცვივდა. ამჯერად ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე შეკიდული ჭერიდან დიდი ზომის თაბაშირ-მუყაო და ლითონის სამაგრები ჩამოცვივდა დერეფანში, სადაც, მირანდას თქმით, ბავშვები ხშირად თამაშობენ:

„ამ საცხოვრისში 80-ზე მეტი ბავშვია, ისინი აქ ხშირად თამაშობენ, შემორბიან-გარბიან, ბავშვებს სხვა სათამაშო ადგილი არც აქვთ“.

სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა ინფორმაციით, პრობლემები შენობაში შესახლებიდან რამდენიმე თვეშივე შეექმნათ. საცხოვრებელ ოთახებსა და ტუალეტში ჭერიდან სარემონტო მასალის ცვენის გამო ფიქრობენ, რომ კორპუსში მათი სიცოცხლისთვის საშიში პირობებია, რაც არაერთხელ გააპროტესტეს კიდეც. სოციალური საცხოვრისის მობინადრეები იმასაც ამბობენ, რომ წვიმის დროს ოთახების კედლები სველდება, მალევე დაზიანდა ელექტროსადენები და ჩამრთველები. ამას ისიც ემატება, რომ შენობა ამ დრომდე არ არის გაზიფიცირებული. ბუნებრივი აირის მიმწოდებელმა კომპანიამ გაზის შეყვანაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ოთახებში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისში 380 ადამიანი 2017 წლის სექტემბერში განასახლა. მობინადრეთა შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები და მარტოხელა მოხუცები. ისინი შენობიდან გაყვანას და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას თითქმის ერთი წელია ითხოვენ:

„გაგვიყვანონ, ვიდრე ვინმე ემსხვერპლება და რომელიმე ოჯახი გაუბედურდება. საშინელ დღეში ვართ, პრობლემები ბევრია, ვითხოვთ განსახლებას“.

სოციალურ სახლში მცხოვრებთა საპასუხოდ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელი ჯონი არაბიძე ამბობს, რომ საცხოვრისის პირველ სართულზე შეკიდული ჭერიდან თაბაშირ-მუყაოს ჩამოვარდნის ფაქტი ადგილზე შეისწავლეს და გამოძიებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს. ჯონი არაბიძის განცხადებით, ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, არა დერეფანი, არამედ იზოლირებული ფართია:

„ეს ფართი დერეფანი არაა და იქ ბავშვები არ უნდა თამაშობდნენ. ვიყავით ადგილზე, დავასურათეთ და გადავაგზავნეთ შესაბამის უწყებაში საქმე. ეს არ უნდა ხდებოდეს და ვწუხვარ“.

საბინაო სამსახურის ხელმძღვანელის ჯონი არაბიძის განმარტებით, მერია მობინადრეთა ალტერნატიულ ფართში გადაყვანის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რადგან თვითმმართველობას შესაბამისი შენობა არ გააჩნია. არაბიძე უარყოფს მობინადრეთა განცხადებებს, რომ სოციალურ საცხოვრისში გაუსაძლისი პირობებია. თავის მხრივ, სოციალური საცხოვრისის მობინადრეები ამბობენ, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი დაზიანებები და შენობა ავარიულადაა მიჩნეული. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის სოციალურ საცხოვრისად რეკონსტრუქციისთვის დახარჯული თანხების მიზნობრიობა შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. მისი შეფასებით, საცხოვრისის მოწყობა, რისთვისაც 2015-2016 წლებში ქუთაისის ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, შესაძლოა დანაშაულისა და კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, მერიამ სოციალური საცხოვრისი მოაწყო უხარისხოდ, შენობა არ შეესაბამება საცხოვრებლის ფუნქციებს და მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი სათანადო საცხოვრებელი პირობები. ამავე დასკვნის მიხედვით, მერიამ სოციალური საცხოვრისი არასაბაზრო ფასად შეისყიდა. დოკუმენტურად ჩაბარებულ ფართსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს შორის სხვაობა 83 კვადრატული მეტრია, ხოლო ჩაბარებული შენობის ღირებულებასა და ექსპერტიზით დადგენილ ღირებულებას შორის სხვაობა ორ მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასალები პროკურატურას გაუგზავნა. ქუთაისის მერიაში ადასტურებენ, რომ პროკურატურა მოკვლევას აწარმოებს.

სოციალური საცხოვრისისთვის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარა კომპანია „სანომ“, რომელმაც საცხოვრისის ერთოთახიანი, ორ და სამოთახიანი ბინები საყოფაცხოვრებო ინვენტარითაც აღჭურვა.

XS
SM
MD
LG