ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მობინადრეები ქალაქის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მრავალშვილიანი მირანდა ნემსიწვერიძის თქმით, შენობა გაზიფიცირებული არ არის და ბინაში გათბობის ერთადერთი საშუალება ელექტროენერგიაა,ზამთრის თვეებში მოხმარებული დენის გამო კი დავალიანება დაუგროვდა. მირანდა ნემსიწვერიძის თქმით, საცხოვრისის ბენეფიციართა დავალიანების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ქალაქის მერიაში და გადასახადის დაფარვაში მათა დგილობრივი თვითმმართველობა უნდა დახმარებოდა. სოციალური საცხოვრისის მობინადრის განცხადებით, „დაპირების მიუხედავად, მის ოჯახს არავინ დახმარებია და მეორე დღეა, დენი არ მიეწოდება“.
ნემსიწვერიძეების მრავალშვილიანი ოჯახის მსგავსად, გუშინ მრიცხველი მოუხსნეს სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ კიდევ ორ ოჯახს. ბენეფიციარები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის გარეშე მათი ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა.
ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა პასუხად, მერიაში განმარტავენ, რომ საცხოვრისის სამი ოჯახის ელექტრომრიცხველები კომპანია „ენერგოპრო-ჯორჯიას“ თანამშრომლებს დავალიანების გამო არ მოუხსნიათ, ისინი დაზიანებული იყო. მერიის ინფორმაციით, მრიცხველებს შეაკეთებენ და ისევ დაამონტაჟებენ. რაც შეეხება ელექტორენერგიის გადასახადს, მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ნიშნიანიძის, ინფორმაციით, „ოჯახებს დაკავებული ფართის მიხედვით ყოველთვიურად აუნაზღაურდებათ 60 ან 80 ლარი და თანხა მომავალი წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია“.
ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხა მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და მერია აპირებს კომპანიას თანხა გადაუხადოს იმის მიუხედავად, რომ შენობა ავარიულია, რაც კორუფციული გარიგების ეჭვს იწვევს.გიგა შუშანია
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი, სულ 380 ადამიანი, ერთ, ორ და სამოთახიან ბინებში 2017 წლის სექტემბერში შეასახლეს. საცხოვრისის მობინადრეებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გააპროტესტეს შენობაში შექმნილი მდგომარეობა. მობინადრეები ამბობენ, რომ საცხოვრისი ავარიულია და სიცოცხლისთვის სახიფათო. ისინი შენობიდან გაყვანას ითხოვენ.
სოციალურ საცხოვრისს სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნევს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გიგა შუშანიაც. შუშანიას განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი ის დაზიანებები, რომლებიც შენობას აქვს და ის ავარიულადაა მიჩნეული. გიგა შუშანია ქუთაისის მერიას სოციალური საცხოვრისის მშენებელ კომპანია „სანოსთან“ კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ საცხოვრისის მშენებლობისთვის 2016-2017 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონ 800 ათასი ლარი გადაირიცხა და გადასარიცხი დარჩა 528 ათასი. შუშანიას მტკიცებით, „ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხა მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და მერია აპირებს კომპანიას თანხა გადაუხადოს იმის მიუხედავად, რომ შენობა ავარიულია, რაც კორუფციული გარიგების ეჭვს იწვევს“.
წელიწადია, ხალხი ცხოვრობს. მერიაში არის ყველა დოკუმენტი, რომ შენობა მდგრადია. თუ აღმოჩნდა ხარვეზები, ნახევარ მილიონზე მეტი დევს ბიუჯეტში და გამოასწორონ.შოთა მურღულია
გიგა შუშანიას პასუხად, მერიაში განმარტავენ, რომ 528 ათასი ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც იყო გათვალისწინებული, როგორც შეუსრულებელი ვალდებულება, და იგი აისახა 2019 წლის ბიუჯეტშიც. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ნიშნიანიძის, ინფორმაციით, „მერია კომპანია „სანოს“ სოციალურ საცხოვრისში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მილიონ ლარს ედავება სასამართლო წესით და არ იგეგმება მისთვის ნახევარ მილიონზე მეტის გადარიცხვა“. ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად არასახარბიელო საყოფაცხოვრებო პირობებისა, მერია ამ დროისთვის ვერ უზრუნველყოფს სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ოჯახებს სხვა თავშესაფრით. დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ მომავალში შესაძლოა შენობას რემონტი ჩაუტარდეს.
სოციალური საცხოვრისის მდგრადობას ეჭვქვეშ არ აყენებს და შენობას სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევს ქუთაისის ყოფილი მერი, შოთა მურღულია. მურღულიას მერობის დროს გარემონტდა ნიკეას ქუჩაზე ყოფილი კავშირგაბმულობის ადმინისტრაციული შენობა სოციალური საცხოვრისისთვის და იქ 5 წლის ვადით შეასახლეს უსახლკაროდ დარჩენილი, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. შოთა მურღულიას განცხადებთ, 2017 წელს 528 ათასი ლარი კომპანია „სანოს“ იმ მიზეზით არ გადაურიცხეს, რომ ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი კომპანიას გამოესწორებინა.
„წელიწადია, ხალხი ცხოვრობს. მერიაში არის ყველა დოკუმენტი, რომ შენობა მდგრადია. თუ აღმოჩნდა ხარვეზები, ნახევარ მილიონზე მეტი დევს ბიუჯეტში და გამოასწორონ“, - ამბობს მურღულია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი გასული წლის სექტემბერში შეასახლეს. საცხოვრისის მობინადრეებმა უკმაყოფილება მალევე გამოთქვეს, რადგან ოთახებში რამდენჯერმე ჩამოვარდა ჭერის ნაწილი.