Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აიყვანეს 40-მდე ქართველი ექთანი გერმანიის კლინიკაში და რატომ ქრებიან მედდები საქართველოში


უკანასკნელ წლებში, საქართველოდან ევროპაში სამუშაოდ ათეულობით ექთანია წასული.
უკანასკნელ წლებში, საქართველოდან ევროპაში სამუშაოდ ათეულობით ექთანია წასული.

საქართველოში ექთნების დეფიციტი რომ იყო, ეს ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის პერიოდში გამოჩნდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, ექთნების დეფიციტი კონკრეტულ რიცხვებში ასახა.

აღმოჩნდა, რომ ქვეყანას იმაზე გაცილებით ნაკლები ექთანი ჰყავს, ვიდრე უნდა ჰყავდეს. აი, მაგალითად, OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრი 38 ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე უნდა მოდიოდეს 880 ექთანი. საქართველოში კი 2022 წელს ეს თანაფარდობა ასეთი იყო - 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 563 ექთანი.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში ისიცაა ნათქვამი, რომ სახელმწიფო ვერც არსებული კადრების უწყვეტი განათლების სისტემით უზრუნველყოფასა და ვერც ამ პროფესიაში ახალგაზრდების მოზიდვას ახერხებს.

ამ დასკვნის პარალელურად კი ირკვევა, რომ ქართველი ექთნები სამუშაოდ ევროპულ კლინიკებში გადადიან.

ექთნები საქართველოს დაბალი ანაზღაურების, მძიმე სამუშაო გრაფიკის და განვითარების პერსპექტივის არარსებობის გამო ტოვებენ. ამავე მიზეზებით, ახალგაზრდები, რომლებიც საექთნო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ, დასაქმების ადგილად უცხოეთს განიხილავენ.

უკანასკნელ წლებში, საქართველოდან ევროპაში სამუშაოდ ათეულობით ექთანია წასული.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ქართველი ექთნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა გერმანიაა. გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში ექთნების დეფიციტს საქართველოდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წაყვანილი ექთნებით ავსებს.

საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ სწორედ ის პროფესიული სასწავლებელია, რომელიც მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, თანამშრომლობდა ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ექთნებს არჩევდა. შერჩევის შემდეგ კი, სამუშაო ვიზითა და ცხოვრების უფლებით, გერმანიაში, სხვადასხვა კლინიკაში სამუშაოდ მიჰყავდა.

კოლეჯის დირექტორი, ვასილ კიკნაძე გვეუბნება, რომ თანამშრომლობის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული პროგრამით, გერმანიაში სამუშაოდ 10-12 ექთანი გაემგზავრა:

„ გერმანული მხარე სრულად აფინანსებდა ექთნებისთვის გერმანული ენის სასწავლო კურსს. შემდეგ ისინი აბარებდნენ გამოცდას და იმ შემთხვევაში, თუკი მათი ენის ცოდნის დონე იყო B2, მიჰყავდათ გერმანიაში“.

ვასილ კიკნაძე გვეუბნება, რომ პროგრამა, რომელიც კოლეჯის ბაზაზე 5-6 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, დაახლოებით ერთი წელია შეჩერდა:

„გერმანულ მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რაც შეიძლებოდა მეტი ექთანი წაეყვანა საქართველოდან. თუმცა, ენის შესწავლა მოკლე დროში არ იყო მარტივი და ამიტომ ეს პროექტი ჩვენს ბაზაზე დასრულდა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, გერმანულ მხარეს დღესაც ბევრი ექთანი მიჰყავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში დასასაქმებლად“.

40 ქართველი ექთანი ერთ გერმანულ კლინიკაში

თამუნა სვირავა 27 წლის იყო, ორ ქართველ ექთანთან ერთად რომ წავიდა გერმანიაში სამუშაოდ. 2016 წელს ის ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა ერთ-ერთი გერმანული კომპანიის, Medicjobline-ის აგენტს, ანდრეას თაუხმანს, რომელმაც თამუნა და მასთან ერთად კიდევ ორი ქართველი ექთანი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაო ვიზითა და ცხოვრების უფლებით წაიყვანა გერმანიაში.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ლედი თაუხმანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 2009 წლიდან კომპანიამ გერმანიის სხვადასხვა ქალაქის კლინიკაში რამდენიმე ასეული ქართველი მედდა დაასაქმა:

ლედი თაუხმანი
ლედი თაუხმანი

"ამ კომპანიას გერმანიაში არსებული კლინიკები აფინანსებენ. კომპანია მსურველებს სთავაზობს სამუშაო ადგილებს კლინიკებში, ინდივიდუალურ პროფესიულ ინტეგრაციას, გერმანული ენის კურსების დაფინანსებას, დასაქმებასთან დაკავშირებულ ყველა სახის ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას. აქ ჩამოსულ მედდებს ვახვედრებთ საცხოვრებელ ბინას, რომლის ქირასაც უკვე თავად დასაქმებულები იხდიან, ვეხმარებით ოჯახის წევრების გერმანიაში წაყვანაში. აქ სამედიცინო პერსონალზე მოთხოვნა დიდია. საქართველოს გარდა, ბოლო პერიოდში, ბევრი ექთანი ჩამოდის ბრაზილიიდან, მაროკოდან, ბალკანეთის ქვეყნებიდან", - ამბობს ლედი თაუხმანი.

თამუნა სვირავა უკვე რვა წელია, ქალაქ ჰაგენში, კლინიკა VAMED-ში, ექთნად მუშაობს.

საქართველოდან წასვლის ერთადერთი მიზეზი ის მიზერული ანაზღაურება იყო, რასაც მძიმე სამუშაოს სანაცვლოდ იღებდა: „36-48 საათიც კი გამიტარებია კლინიკაში გადაბმულად, რომ ცოტა მეტი თანხა გამომსვლოდა“, - იხსენებს თამუნა, რომლის თვიური შემოსავალი ორ სამსახურში, ჯამში 600 ლარს შეადგენდა.

250 პაციენტზე გათვლილი კერძო კლინიკა, რომელშიც 35 წლის თამუნა მუშაობს, პულმონოლოგიის, ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული რეაბილიტაციისთვისაა განკუთვნილი.

თამუნა სვირავა ამბობს, რომ ამ კლინიკაში მასთან ერთად 40 ქართველი ექთანი მუშაობს:

„ეს ექთნებიც იმ აგენტის გავლით ჩამოვიდნენ, რომელმაც თავის დროზე მე ჩამომიყვანა.

ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, შვილებით. თუმცა, გარდა ჰაგენისა, სხვადასხვა ქალაქში მაქვს ურთიერთობა ქართველ ექთნებთან, ძალიან ბევრნი ჩამოდიან.

ვინც ჯერ არ წამოსულა და საქართველოშია, სულ მეკითხებიან, როგორ უნდა ჩამოვიდნენ გერმანიაში. შორიდან თითქოს ყველაფერი მარტივია, მაგრამ არ ვატყუებ და ვუხსნი, რომ საკმაოდ რთულია აქ ადაპტაცია“.

თამუნა სვირავა ქართველ ექთნებთან და გერმანელ მასწავლებელთან ერთად ქალაქ ჰაგენში
თამუნა სვირავა ქართველ ექთნებთან და გერმანელ მასწავლებელთან ერთად ქალაქ ჰაგენში

რვა წლის წინ, სანამ თამუნა მუშაობას ოფიციალურად შეუდგებოდა, მან გერმანიაში ჯერ ერთწლიანი გადამზადების კურსი გაიარა. ერთი წლის თავზე კი - გასაუბრება გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო პროფესიით დასაქმება.

მას თვეში რამდენიმე ათასი ევროს შემოსავალი აქვს. თუმცა, ამბობს, რომ ამ ანაზღაურებას თავისი საფასურიც აქვს:

თამუნა სვირავა, ქართველი ექთანი გერმანიაში
თამუნა სვირავა, ქართველი ექთანი გერმანიაში

„სამუშაო პირობები საკმაოდ რთულია. საქართველოში ინტენსიური განყოფილებების გარდა, ექთნებს არ უწევთ პაციენტის მოვლა. მოვლაში ვგულისხმობ, მაგალითად, პაციენტის დაბანას, ჩაცმას, მოწესრიგებას, თუმცა აქ ეს ყველაფერი ექთნებს გვაბარია.

პაციენტის მოვლა აქ ვისწავლე. რა თქმა უნდა, გვყავს დამხმარეებიც, მაგრამ პაციენტის მოვლა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა“.

როგორც თამუნა მიხსნის, კლინიკაში დასაქმებული ექთნები სხვადასხვა ცვლაში სხვადასხვა ანაზღაურებას იღებენ:

„მაგალითად, როცა ღამის მორიგეობა გიწევს, იქ უფრო მაღალია ანაზღაურება, თუკი დასვენების დღეებში გიწევს მუშაობა, იქაც განსხვავებული, მაღალი ტარიფით იღებ ანაზღაურებას. შაბათ-კვირის ანაზღაურებაც ასევე განსხვავებულია“.

მისივე თქმით, ექთნები მუდმივად გადიან გადამზადების კურსებს:

„ამის შესაძლებლობა საქართველოში ექთნების უმრავლესობას არ აქვს. გერმანიაში კი პირიქითაა...

აქ ექთნებს პაციენტებთან ურთიერთობას და საუბარსაც კი ასწავლიან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექთანს უწყვეტი განათლების საშუალება ჰქონდეს, რადგან შემოდის ახალი ტექნოლოგიები, ახალი მეთოდები.

დამსაქმებელი თავად უნდა ზრუნავდეს ამაზე. მარტო სკოლა და კოლეჯი ვერ მოგცემს ამ ცოდნას. თეორია სხვაა და პრაქტიკული მუშაობა სულ სხვა“.

თამუნას თქმით, ექთნების დეფიციტს საქართველოს მსგავსად დღეს ევროპის ქვეყნები და მათ შორის, გერმანიაც განიცდის:

„თითქოს ახალგაზრდებმა დაკარგეს ამ პროფესიისადმი ინტერესი. გერმანიაში ექთნების ე.წ. ტრანსფერები, ყიდვა-გაყიდვა დაიწყო. ექთნების დატაცებაზე არიან. ამიტომაც მიჰყავთ საქართველოდან ექთნები. თავად კლინიკები არიან დაინტერესებულნი“.

თამუნა გერმანიაში ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილები გერმანიაში დაიბადნენ. მიუხედავად გერმანიაში აწყობილი კარიერისა, ოცნებობს, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, საქართველოში დაბრუნდეს საცხოვრებლად და სამუშაოდ:

„გერმანიის მადლიერი ვარ და ამას ყოველთვის ვამბობ. ბევრი შესაძლებლობა მომცა. რომ არა ეს ქვეყანა, ალბათ მე და ჩემი ქმარი საქართველოში ბავშვებსაც ვერ გავაჩენდით.

მიუხედავად ამისა, საქართველოში დაბრუნება მინდა. ყოველ წელს ჩამოვდივარ ოჯახთან ერთად. ჩემი შვილები ქართულად ლაპარაკობენ. მინდა, რომ ჩემი საქმიანობა საქართველოში გავაგრძელო. ამავე აზრზეა აქ მყოფი ძალიან ბევრი ქართველი ექთანი“.

„ვფიქრობდი, იქნებ საკონდიტროში დავსაქმებულიყავი, მაგრამ მერე პაციენტმა ისეთი რამ მითხრა“...

ია ხელაძე 39 წლისაა. 10 წელია რაც ექთნად მუშაობს. ორიოდ წლის წინ იასაც შესთავაზეს სამუშაოდ გერმანიაში წასვლა, თუმცა, დედის დატოვების გადაწყვეტილება ვერ მიიღო და სამუშაოდ საქართველოში დარჩა:

ია ხელაძე, ექთანი
ია ხელაძე, ექთანი

„ერთ-ერთმა პროფესიულმა სასწავლებელმა შეგვახვედრა გერმანელებს, გამოცდილი ექთნები სჭირდებოდათ, გვითხრეს, რომ გერმანულს მასწავლიდნენ უფასოდ, თვითონ უზრუნველყოფდნენ ჩემს ტრანსპორტირებას, საცხოვრებელს, ბავშვებსაც კი წამაყვანინებდნენ, ოღონდ წავსულიყავი.

ჩემი გამოცდილებით, 4000 ევრო მექნებოდა ხელფასი. გაოცებულები იყვნენ, როცა ჩვენი გამოცდილება ნახეს, იმდენად მრავალპროფილურია ჩვენი განათლება. ქართველი ექთნები იქ მოთხოვნადი კადრები არიან. მაშინ ბევრი წავიდა, მაგრამ მე დედა ვერ დავტოვე“.

დღეს ია ორ კლინიკაში მუშაობს იმისთვის, რომ ორი არასრულწლოვანი შვილის შენახვა შეძლოს, მაგრამ მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მისი თვიური შემოსავალი ორივე სამსახურში ერთად 1000 ლარს ვერ სცდება.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების 66.5%-ის ხელფასი 1200 ლარზე ნაკლებია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 4 ლარითა და 40 თეთრით განისაზღვრა და თვეში, საშუალოდ, 792 ლარი შეადგინა. თუმცა, როგორც ია ხელაძე ამბობს, მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ ისევ და ისევ ექთნები და საბოლოო ანგარიშით, პაციენტები დააზარალა:

„მოხდა უარესი, კლინიკებმა ექთნების თანაშემწეების გაშვება დაიწყეს. პირადად მე მომიხსნეს თანაშემწე და მისი მოხსნის ხარჯზე, სანიტარს დაუმატეს თეთრები. კადრები შეამცირეს და ამით უფრო მეტად გაწირეს პაციენტები“.

მისი თქმით, არის განყოფილებები, სადაც თითო მორიგეობაზე თითო ექთანი ხშირად 12-15 პაციენტს აქცევს ყურადღებას:

„ერთადერთი, რა დროსაც ვნანობ ხოლმე, რომ ექთანი ვარ, ეს მაშინ ხდება, როდესაც ვერ ვახერხებ პაციენტს ისე მოვუარო, როგორც საჭიროა, როცა მყავს მორიგეობაზე ერთდროულად 7-8 რთული პაციენტი. და ეს ხდება იმიტომ, რომ კლინიკებში კადრი არაა.

საშინელი შეგრძნებაა, როდესაც შედიხარ პალატაში და ნაწყენი პაციენტი გეუბნება, გეძახდი და არ ჩანდიო.

თანაშემწე როცა მყავდა, მინიმალურ საჭიროებებს მაინც აკმაყოფილებდა, წყალს მიაწვდიდა პაციენტს, გამოუცვლიდა, მაგრამ ახლა, როცა მარტო ვარ, ეს პაციენტებზე ზრუნვის ხარისხზეც აისახება.

ინტენსიურ განყოფილებაში რომ ექთნის თანაშემწეს მოხსნი, ეს არის კატასტროფა“.

როგორც ია ამბობს, მორიგეობა ისე არ გადის, რომ ექთნებს შორის არ წამოიჭრას დიალოგი ან პროფესიის დატოვების, ან სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასვლაზე:

„შეუძლებელია ამ ხელფასით, ამ დატვირთვით, ამ შემცირებული კადრებით მუშაობის გაგრძელება.

ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ექთანი ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში გადავიდა სამუშაოდ, რამდენიმე საზღვარგარეთ წავიდა.

ზუსტად სამი დღის წინ, ბოლო მორიგეობაზე, მეც გავიფიქრე, ერთ-ერთ საკონდიტროში ხომ არ გადავიდე სამუშაოდ-მეთქი, ცხობაც მეხერხება... მაგრამ თითქოს დამთხვევა იყოო, პაციენტმა ისეთი რამ მითხრა, მივხვდი, რომ ვერსადაც ვერ წავალ. მითხრა, დღეებს ვითვლი, შენი მორიგეობა რომ მალე მოვიდეს ხოლმეო. ამაზე დიდი საფასური ჩემთვის არაფერია.

მართლა ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, არსად წასვლა არ მინდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ასე გაგრძელებაც შეუძლებელია“, - ამბობს ია.

მისივე თქმით, ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ამ სფეროში უწყვეტი განათლების პრობლემაც:

"თუ ის პოლიტიკა არ შეიცვალა, რაც ახლაა - დაუფასებლობა, დაბალი ხელფასი, მძიმე სამუშაო პირობები, ეს პროფესია მალე გაქრება, აღარავინ შეისწავლის.

პირადად მე ჩემს შვილს ნამდვილად არ ვურჩევ, რომ გახდეს ექთანი“.

ექთანი - პროფესია, რომელიც „ბერდება“

აუდიტის სამსახურის დასკვნის მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში აქტიური ექთნების რაოდენობამ შეადგინა 20,756, მათგან 37.5% 50 წელს გადაცილებულია.

პროფესიული სასწავლებლის, „პანაცეას“ დირექტორი ამბობს, რომ კოლეჯი წელიწადში დაახლოებით 100-120 ექთანს უშვებს. ბოლო ოთხი წელია, საექთნო მიმართულებით სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, ანუ სწავლა სრულიად უფასოა. საექთნო სპეციალობის შესასწავლად ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს:

„გვყავს 40-45 წლის სტუდენტებიც. იშვიათად, მაგრამ გვყოლია 60 წლის სტუდენტებიც. მთავარია, რომ საშუალო განათლება სრულად ჰქონდეს ადამიანს მიღებული.

სწავლა სამ წელს გრძელდება. წელიწად-ნახევრის განმავლობაში სტუდენტები ეუფლებიან თეორიულ ცოდნას, მომდევნო წელიწად-ნახევარი კი პრაქტიკული კომპონენტისგან შედგება.

პრაქტიკებზე წასული სტუდენტები, თითქმის ყველანი საქმდებიან, თუმცა, ჩემი და ყველას გულისტკივილი ეს დაბალი ანაზღაურებაა“.

ნონა ზანდარაშვილი 53 წლისაა. 30 წელია ექთანია და კარგად იცის, რა როლი აკისრია ექთანს, ერთი მხრივ, ექიმის მუშაობის და, მეორე მხრივ, პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში.

ბოლო პერიოდია, გულისწყვეტით ადევნებს თვალს, როგორ მიდიან ქართველი ექთნები სამუშაოდ საზღვარგარეთ:

ნონა ზანდარაშვილი ექთნების მიერ მოწყობილ აქციაზე ჯანდაცვის სამინისტროს წინ, 2023 წლის პირველი მაისი
ნონა ზანდარაშვილი ექთნების მიერ მოწყობილ აქციაზე ჯანდაცვის სამინისტროს წინ, 2023 წლის პირველი მაისი

„ერთი კვირის წინაც ისეთმა [კარგმა] ექთანმა დადო ფოტო გერმანიის ერთ-ერთი კლინიკიდან... მეორე კოლეგამ დაწერა მისი ფოტოს ქვეშ - „საქართველო, რა ექთანი დაკარგეო“. აბსოლუტურად ვეთანხმები, ისეთი კადრები მიდიან.

ჩვილ ბავშვთა რეანიმაციის უძლიერესი ექთანი იყო“.

ნონა ზანდარაშვილს დღეს უფროსი ექთნის სტატუსი აქვს. ერთ სამსახურს მეორეც შეუთავსა, თუმცა მისი თვიური შემოსავალი 1200 ლარსაც ვერ აღწევს:

„2024 წლიდან მომატებული ხელფასი უნდა აიღონ ექთნებმა, მაგრამ რაკი ექთნები, როგორც წესი, დაგვიანებით იღებენ ხელფასს, ჯერ არ ვიცით, რა და როგორ იქნება.

მაგალითად, ჩემი, უფროსი ექთნის ხელფასი შეადგენს 800 ლარს. დღის მეორე ნახევარში, საღამოს ექთნის ვაკანსია შევითავსე და იქ 350 ლარს ვიღებ. ჯამში დაახლოებით 1100 ლარი გამომდის.

ამიტომაც ვრჩებით ამ პროფესიაში ნელ-ნელა 50 წელს ზევით ადამიანები. პროფესიით ახალგაზრდა ექთანი იშვიათადღა მოდის.

ექთნის ადგილს სტაციონარებში ავსებენ სამედიცინოს სტუდენტები, მომავალი ექიმები, რომლებიც ამ ვაკანსიებზე მხოლოდ დროებით მოდიან“.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ექთნების დეფიციტის მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საქართველოს რეგიონების კლინიკებში, სადაც იმაზე ორჯერ ნაკლები ექთანი ჰყავთ, ვიდრე თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს.

ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-3 ექთანი მოდის. საქართველოში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა თითქმის თანაბარია: 2021 წელს ქვეყანას 100,000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავდა.

XS
SM
MD
LG