ცესკომ 11 უბნის მონაცემებში დაშვებული შეცდომა აღიარა, ISFED-ის ხმაურიანი კვლევის კიდევ ერთ მიგნებასთან დაკავშირებით, რომ - არჩევნებზე მისული კაცების რიცხვი, კონკრეტულ უბნებში, სიებში აღრიცხულზე მაღალი იყო.
ISFED-ის შეფასებებს საარჩევნო ადმინისტრაცია „არასწორს, მანიპულაციურსა და დეზინფორმაციულს“ უწოდებს.
რა აღიარა ცესკომ?
„11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება 150 ამომრჩეველს“, - განაცხადა 8 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა და „სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] ბრალდებებს „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული“ უწოდა.
ბრიფინგზე მედიას უჩვენეს ცხრილი, რომელიც, ცესკოს მტკიცებით, 11 უბანზე აღმოჩენილ ხარვეზებს მოიცავს. ამ ცხრილში იყო ქალების არაზუსტი აღრიცხვის მონაცემები და კაცების რაოდენობა ერთიანი და სპეციალური სიების მიხედვით:
- ყვარელში 16.12 უბანი: საერთო სიაშია 123 კაცი, სპეციალურ სიაში - 2; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა - 140 [ცდომილება: -15];
- დმანისის 24.27 უბანი: საერთო სიაშია 22 კაცი, სპეციალურ სიაში - 3; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა - 31 [ცდომილება: -6];
- დმანისის 24.34 უბანი: საერთო სიაშია 10 კაცი, სპეციალურ სიაში - 5; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა - 19 [ცდომილება: -4];
- ბორჯომის 36.11 უბანი: საერთო სიაშია 514 კაცი, სპეციალურ სიაში - 2; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა -599 [ცდომილება: -83];
- ადიგენის 38.11 უბანი: საერთო სიაშია 122 კაცი, სპეციალურ სიაში - 1; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა - 127 [ცდომილება: -4];
- ნინოწმინდის 41.15 უბანი: საერთო სიაშია 26 კაცი, სპეციალურ სიაში - 32]; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა - 65 [ცდომილება: -7];
- ონის 43.07 უბანი: საერთო სიაშია 23 კაცი, სპეციალურ სიაში - 3; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა - 29 [ცდომილება: -3];
- მესტიის 47.12 უბანი: საერთო სიაშია 28 კაცი, სპეციალურ სიაში - 4; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა - 35 [ცდომილება: -3];
- სამტრედიის 54.18: საერთო სიაშია 660 კაცი, სპეციალურ სიაში - 1; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა - 673 [ცდომილება: -12];
- წყალტუბოს 58.21: საერთო სიაშია 95 კაცი, სპეციალურ სიაში - 1; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა - 105 [ცდომილება: -9];
- ხელვაჩაურის 83.36: საერთო სიაშია 268 კაცი, სპეციალურ სიაში - 2; კენჭისყრაში მონაწილე კაცების რაოდენობა - 274 [ცდომილება: -4];
ცხრილი, რომელიც 8 ნოემბერს ცესკოს ბრიფინგზე წარმოადგინეს, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა და მის ასახსნელად არც დამატებითი კომენტარები კეთდება.
ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა, 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, არ გაიზიარა მედიის თხოვნა, რომ 11 საარჩევნო უბნის შესახებ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით ემსჯელათ.
ISFED-მა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ „საარჩევნო ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია მოცემულ საარჩევნო უბნებზე [11 უბანი] ამომრჩეველთა აქტივობის დაზუსტებული მონაცემები გენდერულ ჭრილში“ და, „შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ნაწილდება ამ უბნებში კენჭისყრაში მონაწილე კაცი და ქალი ამომრჩევლების რაოდენობა“.
- საარჩევნო ადმინისტრაციის ვებსაიტზე არ იძებნება ცხრილები, სადაც უბნების მიხედვით გენდერულ ჭრილში, ზუსტი მონაცემების ნახვა ან გადამოწმება იქნებოდა შესაძლებელი.
- ახალ ცხრილში, რომელიც ცესკომ 13 ნოემბერს გამოაქვეყნა, ISFED-ის ბრიფინგის შემდეგ, ამომრჩევლების აქტივობა არა უბნების, არამედ ოლქების დონეზეა მოცემული.
ISFED-ის უფროსმა მკვლევარმა, შოთა ნარსიამ რადიო თავისუფლებას წინა კვირაში უთხრა, რომ 8 ნოემბრის წარმოდგენილი ცხრილი ცესკოს მათთვის არ მიუწოდებია, მედიის დახმარებით გაეცნო, მაგრამ ვერ გაიგო, რას გულისხმობდა ცესკო, რადგან არჩევნებზე მისული კაცების რაოდენობა ამ ცხრილის მიხედვითაც აღემატებოდა საერთო და სპეციალურ სიებში აღრიცხული კაცების ჯამს.
თუკი ვივარაუდებთ, რომ ამ ცხრილში მოცემული ცდომილების მაჩვენებლები არჩევნებზე მისული კაცების რაოდენობას უნდა გამოვაკლოთ, გამოდის, რომ 11-ვე უბანზე კაცების 100% გამოცხადებულა; რაც, შოთა ნარსიას შეფასებით - „უბრალოდ, აბსურდია“.
ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობას შორის „არაბუნებრივი“ განსხვავება - ISFED-ის კვლევის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია.
ვიდრე ცესკო 11 უბნის შემთხვევაში დაშვებულ შეცდომას აღიარებდა, 4 ნოემბერს მისგან მიღებულ [უბნების] მონაცემებზე დაყრდნობით, ISFED-მა აღმოაჩინა, სულ ცოტა - 6 საარჩევნო უბანი, სადაც ხმის მისაცემად იმაზე მეტი კაცი მივიდა, ვიდრე საერთო და სპეციალურ სიებში იყო აღრიცხული. ეს უბნები ცესკოს 11 უბნის ჩამონათვალშიც არის.
„უკვე პრობლემაა ის გარემოება, რომ უზუსტობებზე ცესკომ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც ამ მონაცემებში ცდომილება აღმოაჩინა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირმა პავლიაშვილი - „ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე.
პავლიაშვილის შეფასებით, თუკი ცესკო ISFED-ის მიერ გამოკვეთილ ფაქტებზე დამაჯერებელ პასუხს არ გასცემს და არ გამოაქვეყნებს ყველა შესაძლო მტკიცებულებას, ვერიფიკაციის აპარატის ქვითრების დედნების ჩათვლით - დარჩება ეჭვები მანიპულაციებთან დაკავშირებით და მით უფრო იმ ფონზე, როცა - „ნდობა არც არჩევნების შედეგებთან და არც საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით არსებობს“.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ISFED-ის მიერ გენდერულ ჭრილში გამოვლენილი დარღვევები შესაძლოა ე.წ. კარუსელის არსებობაზე მიანიშნებდეს.
„არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი“, - აღნიშნავს ცესკო, 13 ნოემბერს, ISFED-ის საპასუხოდ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში.
ოთხშაბათს, ცესკომ კვლავ განაცხადა, რომ „ადამიანური შეცდომით გამოწვეულ რამდენიმე ხარვეზს“ მხოლოდ 11 უბნის შემთხვევაში ადასტურებს.
კიდევ რა მიაჩნია საეჭვოდ ISFED-ს?
ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის მაჩვენებლებს შორის არაბუნებრივად მაღალი სხვაობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ასევე საეჭვოდ მიაჩნია. კერძოდ:
- ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება.
- აქედან 243 საარჩევნო უბანზე „კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს“ [საშუალო დონე ქალების შემთხვევაში 48%, ხოლო კაცების შემთხვევაში 77%];
- 32 უბანზე - ქალი ამომრჩევლების არაბუნებრივი მეტობაა [კაცი ამომრჩევლების აქტივობის საშუალო დონე - 48%, ქალების - 80%].
„თუკი ცესკო გამორიცხავს ამგვარი საარჩევნო უბნებიდან მონაცემების შეგროვებისას შეცდომის დაშვებას“, ISFED-ის შეფასებით, ეს შესაძლოა „კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ მანიპულაციებზე მიუთითებდეს“.
ამ მიმართულებით ცესკომ 13 ნოემბერს განმარტა, რომ საკუთარი შეცდომების აღიარების ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაერთო ზოგადად კაცების მაღალი აქტივობის ანომალიურობის დამტკიცების ვერსიებზე და შესაბამისი სპეკულაციური აღქმების შექმნის მცდელობებზე“.
ISFED-ს ეჭვებს ასევე აღუძრავს „აუხსნელი ცვლილებები“, ცესკოს პირველადი მონაცემების შემდეგ, მოგვიანებით მიღებულ მაჩვენებლებში:
- 73 საარჩევნო ოლქიდან 57-ში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების, ხოლო 2 საარჩევნო ოლქში ქალი ამომრჩევლების რაოდენობის კლება - „რაც შესაძლებელია, აიხსნას მხოლოდ მათში შეცდომის არსებობით ან მონაცემების მანიპულაციით“.
- 10 საარჩევნო ოლქში შეუსაბამობაა არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობაში - მაგალითად, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, ცესკოსგან მიღებული მონაცემებით კი, ISFED-მა 43 858 ამომრჩეველი დათვალა.
მარნეულის ოლქის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია ცესკოს მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ ცხრილში და 44 415-ს შეადგენს.
ცესკო ახალ ცხრილზე მიუთითებს, რომ შედგენილია შემაჯამებელი ოქმების მიხედვით.
საარჩევნო ადმინისტრაციამ მანამდე განმარტა, რომ „კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველთა 20:00 საათის აქტივობა არის წინასწარი მონაცემები, რომელიც იგზავნება საარჩევნო უბნებიდან“, ხოლო „არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების შესახებ საბოლოო მონაცემები ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში“.
7, 8 და 13 ნოემბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ განმარტა, რომ - არჩევნების შედეგების გენდერული სტატისტიკა არ არის ოფიციალური მონაცემები და არ აისახება შემაჯამებელ ოქმებში, არ ახდენს ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე და შედეგების გენდერულ ჭრილში დამუშავება არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას ცესკოსთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობის გენდერულ ჭრილში დამუშავება ცესკოს დადგენილებებით არის განსაზღვრული.
ელექტრონულ უბნებზე, ვერიფიკაციის აპარატებიდან ამობეჭდილი ქვითრები ამომრჩევლების რაოდენობას გენდერულ ჭრილშიც აჯამებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს მოუწოდებს, „წარმოადგინოს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ქვითრები და ანგარიშები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“ და საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია - „არაბუნებრივი მაჩვენებლების ასახსნელად“.
ფორუმი