„განცხადება მინდა შევიტანო, განცხადება“, - მიმართავდა ქალი პოლიციელებს, რომლებიც შენობაში შესვლის უფლებას აქციის მონაწილეებს ცესკოს თანამშრომლის გამოჩენამდე არ აძლევდნენ.
ქალები ცესკოსთან 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ. თავდაპირველად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეზოში შესვლა მხოლოდ მათმა ნაწილმა შეძლო, შემდეგ კი პოლიციამ შესასვლელები რკინის კარებით ჩაკეტა. ღობის მიღმა დარჩა რამდენიმე ჟურნალისტიც.
„ყველა დამნაშავეს ეშინია მოწმეების, ჩვენ ვართ მათი დანაშაულის მოწმეები და ამიტომაც გვებრძვიან ასე. არ გამოუვათ“, - უთხრა ცესკოს შენობასთან რადიო თავისუფლებას პოლიტიკოსმა ანა ნაცვლიშვილმა, პარტია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ცესკოს შენობა სტრატეგიული დანიშნულების შენობების სიაში შევიდა. მისი პიკეტირება და ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება და ამ დანაშაულში ბრალდებული ადამიანი პატიმრობით ისჯება.
უფრო ადრე, 10 ოქტომბერს, მთავრობამ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ცესკოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილს რკინის ჯებირი შემოარტყეს. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა 17 აგვისტოს გაავრცელა.
ცესკოში აქციის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით დაწერილი სარჩელების განხილვა.
ფორუმი