Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოემბერში მოსამართლეები დანამატის სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ - "სასამართლოს გუშაგი"


საილუსტრაციო ფოტო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობა
საილუსტრაციო ფოტო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში მიიღებენ დანამატებს, რომელთა ჯამი ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ორგანიზაციის ცნობითვე, შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 11 ნოემბერს მიიღო.

როგორც "სასამართლოს გუშაგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს.

"სასამართლოს გუშაგი" ავრცელებს მოსამართლეების თანამდებობრივი სარგოს ოდენობებს, რომლებსაც განსაზღვრავს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი:

  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი;
  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი;
  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი;
  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი.

"სასამართლოს გუშაგის" ინფორმაციით, მოსამართლეებისთვის, თანამდებობების მიხედვით, დანამატის სახით ჯამურად გაწერილია შემდეგი ოდენობა:

  • სააპელაციო სასამართლოს ორი თავმჯდომარე - 5800 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე - 2800 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს პალატის ორი თავმჯდომარე - 5300 ლარი;
  • თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების 85 მოსამართლე - 212 500 ლარი;
  • რაიონული სასამართლოს 23 თავმჯდომარე - 52 900 ლარი;
  • რაიონული სასამართლოს კოლეგიის სამი თავმჯდომარე - 6450 ლარი;
  • რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე (რომლებსაც არ უკავიათ თანამდებობები) - 200 - 400 000 ლარი.

"სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ მოსამართლეები იღებენ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ასევე ყოველთვიურ დანამატსაც მთელი წლის განმავლობაში. მისივე თქმით, ამის გარდა, პერიოდულად, საბჭო აწესებს დანამატს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს გარკვეულ დღესასწაულებს ან გარკვეულ მოვლენებს.

ჯანეზაშვილის სიტყვებით, საბჭოს ამგვარი პრაქტიკა მოსამართლეების ლოიალობის მოპოვებას უკავშირდება.

"რატომ აკეთებს ამას საბჭო? ეს არის მნიშვნელოვანი. სისტემის, მოსამართლეების მხრიდან მაქსიმალურად მეტი ლოიალობა მოიპოვოს. საბჭოზეა დამოკიდებული ის, თუ რა ანაზღაურებას მიიღებს ყოველთვიურად მოსამართლე, იქნება თუ არა გათვალისწინებული დანამატი?

ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საბჭოს ჰქონდეს უფრო მეტი იმედი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეები იქნებიან ლოიალურები. ამ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. არც ხელისუფლებისგან და არც არავისგან მას არ სჭირდება ნებართვა. დანამატს იღებს ყველა მოსამართლე და არა შერჩევითობის პრინციპით. ამასაც სპეციალურად აკეთებენ, სწორედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სისტემაში გავლენა", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

  • საქართველოს სასამართლო სისტემას, საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, სრულად საზოგადოების მხოლოდ 5% ენდობა;
  • არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ სისტემას მართავს „სასამართლოს კლანი“, რომლის ერთ-ერთ ლიდერად ლევან მურუსიძეს ასახელებენ;
  • საქართველოს მთავარმა პარტნიორმა აშშ-მ 2023 წლის 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლესა და მათ ოჯახებს. სანქცია დაუწესეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე).

ფორუმი

XS
SM
MD
LG