ადამიანის ემბრიონი „საზოგადოებრივი საკუთრებაა“, ბავშვის გაჩენაზე უარი - „დეზერტირობა“. აბორტის გაკეთება ნებადართულია მხოლოდ 45 წლის ზევით ან ოთხი შვილის გაჩენის შემდეგ, პაციენტებისთვის კონტრაცეფციის რეკომენდაცია აკრძალულია - ეს არც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ახალი კანონპროექტია და არც პირქუში დისტოპია. სწორედ ასეთი იყო რუმინელი დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუს შობადობის გაზრდის გეგმა ნათელი, კომუნისტური მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ამ გეგმის შესრულებისას, სულ ცოტა, 9 ათასი ქალი დაიღუპა არალეგალური აბორტების შედეგად, ობოლი ბავშვების რაოდენობა კი 100 ათასამდე გაიზარდა.
რუმინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ნიკოლაე ჩაუშესკუ შობადობის გაზრდის საკითხით ხელისუფლებაში მოსვლიდან (1965 წლის მარტი) მალევე, 1,5 წლის შემდეგ დაინტერესდა. დიქტატორი შვილების გაჩენაზე უარს „ეგოიზმად“ და „დეზერტირობად“ მიიჩნევდა, ხოლო ადამიანის ემბრიონს „საზოგადოებრივ საკუთრებად“ აცხადებდა. 1965 წელს რუმინეთში დაახლოებით 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, აბორტები კი ლეგალიზებული იყო 1957 წლიდან.
რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს 1965 წლის სტატისტიკის მიხედვით, ყოველ დაბადებულ 100 ბავშვზე 400 ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობა მოდიოდა. შობადობის კლება ომისშემდგომი ზოგადევროპული ტენდენციის ნაწილი იყო. რუმინეთში სოფლის მცხოვრებლები აქტიურად გადადიოდნენ ქალაქებში, ქალები კი სულ უფრო ხშირად მუშაობდნენ ოჯახებს გარეთ და საწარმოებში. ახალშობილთა რაოდენობა შეადგენდა 14,3-ს ყოველ ათას ადამიანზე. ჩაუშესკუმ მოითხოვა ამ მაჩვენებლის 1,5-ჯერ გაზრდა. 1990 წლისთვის რუმინეთის მოსახლეობა 25 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო, 2000 წლისთვის - 30 მილიონამდე. დაახლოებით ასეთი იყო გეგმა, რომლის განხორციელებაც რუმინეთის მთავრობამ, გენერალური მდივნის დავალებით, 1966 წლის ოქტომბერში დაიწყო.
დემოგრაფიული ექსპერიმენტი 23 წელი გაგრძელდა და დასრულდა მხოლოდ 1989 წლის დეკემბერში, როდესაც ჩაუშესკუ დაამხეს და დახვრიტეს მეუღლესთან ერთად.
რა აუკრძალა ჩაუშესკუმ ქალებს, კაცებსა და ექიმებს
შობადობის გაზრდის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო N770 განკარგულებით, რომლითაც რუმინეთში ოფიციალურად აიკრძალა აბორტი. ამიერიდან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა შესაძლებელი იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში: როცა საფრთხე ექმნებოდა დედის სიცოცხლეს, როცა ერთ-ერთ მშობელს რთული მემკვიდრეობითი დაავადება ან ქალს მძიმე ფსიქიკური ან ფიზიკური დარღვევების ნიშნები ჰქონდა და როცა ორსულობა მოჰყვა ინცესტს ან გაუპატიურებას.
არასასურველი ორსულობის შეწყვეტის უფლება ასევე ჰქონდათ 45 წელს გადაცილებულ ქალებსა და ოთხშვილიან დედებს. სხვა შემთხვევაში აბორტი მიიჩნეოდა სისხლის სამართლის დანაშაულად, რომლის ჩადენისთვის ექიმს, გარემოებების მიხედვით, ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა 1-დან 10 წლამდე.
დროთა განმავლობაში N770 დადგენილებას დაემატა სხვა საკანონმდებლო შეზღუდვებიც.
ჩაუშესკუს კომუნისტურ რუმინეთში განქორწინებაც შეუძლებელი თუ არა, უკიდურესად რთული და ძვირადღირებული საქმე იყო: განქორწინების სახელმწიფო გადასახადი აღემატებოდა საშუალო თვიურ ხელფასს. ოჯახური ძალადობისა და დადასტურებული ღალატის შემთხვევაშიც კი, მეუღლეებს მოეთხოვებოდათ „შერიგების“ ხანგრძლივი პერიოდის გავლა. განქორწინებას შეეძლო მრავალწლიანი კარიერისათვის ჯვრის დასმა. განქორწინებას სწრაფად არეგისტრირებდნენ მხოლოდ ორ შემთხვევაში: I - ფსიქიკური დაავადება; II - ერთ-ერთი მეუღლის ემიგრაცია.
თუ 1965 წელს დაახლოებით 37 ათასი წყვილი განქორწინდა, 1967 წელს მხოლოდ 48 ოჯახი „დაინგრა“.
1968 წელს რუმინეთში ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ურთიერთობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა. სასჯელი ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა. ასევე შემოიღეს სპეციალური გადასახადები მარტოხელობასა და უშვილობაზე - თვიური შემოსავლის 10%. გადასახადი უნდა გადაეხადათ 25-დან 50 წლამდე დაუოჯახებელ მამაკაცებს და 20-დან 45 წლამდე გაუთხოვარ ქალებს, ასევე წყვილებს, რომლებსაც ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ არ ჰყავდათ შვილი და არ ჰქონდათ სამედიცინო ცნობები ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
აიკრძალა როგორც სექსუალური განათლება, ასევე კონტრაცეფციის ნებისმიერი საშუალება. ექიმებს აეკრძალათ ამ თემაზე პაციენტების კონსულტაცია. 1980 წლიდან მოყოლებული საწარმოებში მომუშავე ყველა ქალი ვალდებული იყო, ყოველთვიურად გაევლო გინეკოლოგიური გამოკვლევა ორსულობის დასადგენად. ექიმის ხელფასი დამოკიდებული იყო მის რაიონში შობადობის მაჩვენებელზე. ყველა გინეკოლოგიურ განყოფილებაში პოლიციელი მორიგეობდა.
„ბავშვები განკარგულებით“ და იატაკქვეშა აბორტები
ნიკოლაე ჩაუშესკუ ძალიან კმაყოფილი იყო თავისი დემოგრაფიული პოლიტიკის პირველი შედეგებით. აბორტის აკრძალვის შესახებ განკარგულების ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ, შობადობის მაჩვენებელი (1000 ადამიანზე ახალშობილთა რაოდენობა) თითქმის გაორმაგდა - 14,3-დან გაიზარდა 27,4-მდე, 1967 და 1968 წლები კი საერთოდ რეკორდული გამოდგა, თუმცა, იმავდროულად გაირკვა, რომ ხელისუფლება მოუმზადებელი იყო დემოგრაფიული აფეთქებისთვის.
არ იყო საკმარისი ადგილები ჩვილებისთვის არც ბაგებსა და არც საბავშვო ბაღებში. როდესაც განკარგულებით გაჩენილი პირველი ბავშვები სკოლებში შეიყვანეს, ბევრი სკოლა იძულებული გახდა გადასულიყო სამ-ოთხცვლიან სწავლებაზე, რის გამოც მოუწიათ საგანმანათლებლო პროგრამების მასშტაბური შემცირება. ამასთან, კლასებში, როგორც წესი, 40 და მეტი მოსწავლე ირიცხებოდა.
ამკრძალავი ზომების ეფექტი დიდხანს არ გაგრძელებულა. შობადობამ თანდათან კლება დაიწყო, სამაგიეროდ რეკორდული ტემპით გაიზარდა არალეგალური აბორტების, მათ შედეგად გარდაცვლილი ქალებისა და მიტოვებული ბავშვების რიცხვი. მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1966 წლიდან 1989 წლამდე, იატაკქვეშა აბორტების გამო, რუმინეთში 9452 ქალი დაიღუპა. ექსპერტების აზრით, რეალური რაოდენობა შესაძლოა ამ მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატებოდა. უცნობია, ამ ოპერაციების შედეგად რამდენი რუმინელი ქალი დასახიჩრდა და ვეღარასოდეს შეძლო შვილის გაჩენა.
ორსულობის შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული არალეგალური მეთოდით, ექიმებს, საშვილოსნოში ზონდის შეყვაცდათ. ეს სპონტანურად წყვეტდა ნაყოფს.
რუმინეთში ამგვარი არალეგალური აბორტების შესახებ მოთხრობილია კრისტიან მუნჯიუს მხატვრულ ფილმში „4 თვე, 3 კვირა, 2 დღე“, რომელმაც 2007 წელს კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ დაიმსახურა. ფილმის სიუჟეტი - ეს არის ერთი დღე პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტების, გებიცასა და ოტილიას ცხოვრებიდან. გოგონები 22 წლის არიან და ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც დაცული სექსი აკრძალულია. ფილმი არ ინდობს მაყურებელს, რომელსაც ყოველგვარი შელამაზების გარეშე უჩვენებენ შემზარავ ყოველდღიურობას.
1987 წლის ადრეული გაზაფხულია. გებიცა ორსულადაა და მეგობრების მეშვეობით პოულობს ექიმს, რომელიც მზად არის „დაეხმაროს“. გაღატაკებულ სოციალისტურ რუმინეთში ლეგალურად ცოტა რამის ყიდვა თუ შეიძლება, თუმცა შავ ბაზარზე თითქმის ყველაფერია: იმპორტირებული სიგარეტი, საპონი, საღეჭი რეზინი. აბორტიც ასეთივე იატაკქვეშა საქონელია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი შეძენა დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
ოტილია ყველაფერში ეხმარება მეგობარს. აბორტისთვის ქირაობენ სასტუმროს ნომერს, სადაც მიჰყავთ ექიმი, ბატონი ბებე, მაგრამ გოგოების მიერ შეგროვებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება. იმისთვის, რომ ექიმმა უარი არ თქვას „დახმარებაზე“, ოტილიას უწევს მასთან დაწოლა. ამის შემდეგ „ექიმს“ ანესთეზიის გარეშე შეჰყავს ზონდი გებიცას საშვილოსნოში. თან აფრთხილებს, რომ შეიძლება დაეწყოს ძლიერი სისხლდენა, რასაც დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეს, რადგან „თუ სასწრაფოს გამოიძახებს, ყველანი ციხეში აღმოჩნდებიან“. წასვლისას ასევე დაუბარებს: „დამავიწყდა მეთქვა, რომ ნაყოფი უნიტაზში არ ჩარეცხო, გაიჭედება. არც ისეთ ადგილზე დამარხო, სადაც ძაღლები მიაგნებენ. შეახვიე პოლიეთილენის პარკში, ავტობუსით იმგზავრე რამდენიმე გაჩერება, შეარჩიე შესაფერისი სახლი, ადი მეათე სართულზე და ნაგვის მილში ჩაუძახე“.
„ჩიგიდის ბავშვები“: სიღარიბე, შიმშილი და ათასობით ობოლი
ჩაუშესკუს ხელისუფლება შობადობის გაზრდას მოითხოვდა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე. თუ 1970-იან წლებში მდგომარეობა ჯერ კიდევ ასატანი იყო საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე, 1980-იანი წლებისთვის ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა. ნიკოლაე ჩაუშესკუმ გადაწყვიტა ყველა საგარეო კრედიტის დაფარვა რეკორდულ დროში, რისთვისაც რუმინეთმა შემოიღო საბარათო სისტემა (ტალონები) სურსათზე, ხოლო დენის, გაზისა და ბენზინის მოხმარებაზე მკაცრი ლიმიტები დააწესა.
არასრულფასოვანი კვება პრობლემად იქცა, ონკანში ცხელი წყალი კი - ფუფუნებად. საცხოვრებელი ოთახები თითქმის არ თბებოდა. ქუჩის განათება მინიმუმამდე იყო დაყვანილი. სახელმწიფომ აღარ დებდა ფულს მედიცინაში, განათლებასა და მეცნიერებაში.
დედათა სიკვდილიანობით რუმინეთი პირველ ადგილზე აღმოჩნდა ევროპაში. 1989 წელს 1000 მშობიარობაზე, 169,4 ქალი კვდებოდ რაც 11-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მეზობელ უნგრეთში და 18-ჯერ მეტი, ვიდრე ჩეხოსლოვაკიაში.
ამგვარი ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავების პარალელურად, ნიკოლაე ჩაუშესკუ ბუქარესტის ცენტრში აშენებდა გიგანტურ სასახლეს, განსაცვიფრებელს თავისი ზომითა და პომპეზურობით (ამ შენობაში ახლა რუმინეთის პარლამენტია განთავსებული).
1980-იან წლებში ნახევრად მშიერი რუმინული მრავალშვილიანი ოჯახები სულ უფრო და უფრო ხშირად ტოვებდნენ ახალშობილებს სახელმწიფოს მზრუნველობაში. მთელს რუმინეთში გაიხსნა ასობით ბავშვთა სახლი. „სახელმწიფო მშობლებზე უკეთ ზრუნავს ბავშვებზე“, - აცხადებდა პროპაგანდა.
1987 წელს მთავრობამ ორსულ მოსწავლეებს, გარდა იმისა, რომ საღამოს ცვლაში სწავლისა და გამოცდების დაუსწრებლად ჩაბარების უფლება მისცა, ასევე დაჰპირდა, რომ საკუთარ თავზე აიღებდა ახალშობილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობასაც.
ჩაუშესკუს დამხობის დროს, 1989 წლის დეკემბერში, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო „ბავშვთა სახლებში“, სულ მცირე, ასი ათასი ობოლი ბავშვი ირიცხებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, უცხოელმა ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა, რომლებიც პირველად ჩავიდნენ რუმინეთში, მსოფლიოს გააცნეს ჩაუშესკუს დემოგრაფიული ექსპერიმენტის ამაზრზენი შედეგები.
1990 წლის გაზაფხულზე SPIEGEL-TV-ის გერმანელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს რეპორტაჟი „ჩიგიდის ბავშვები“ - შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ობოლ ბავშვთა თავშესაფრის შესახებ, რომელიც ბუქარესტიდან 600 კილომეტრში, უნგრეთის საზღვარზე მდებარეობდა. კადრებში გამოჩნდნენ ნახევრად შიშველი, დაუძლურებული და ექსკრემენტებში ამოთხვრილი ბავშვები წარმოუდგენლად მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში. „ისინი აქ დასახოცად გამოგზავნეს”, - უთხრა ჟურნალისტებს მასწავლებელმა დანიელა ნისტორმა, რომელმაც ჩიგიდში მუშაობა დაიწყო ჩაუშესკუს დამხობიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
დიქტატურის წლებში მიტოვებულ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს სამი წლის ასაკში სამ კატეგორიად ყოფდნენ: „განკურნებადია“, „ნაწილობრივ განკურნებადია“ და „უკურნებელია“. მესამე კატეგორიის ბავშვებს აგზავნიდნენ ისეთ დაწესებულებებში, როგორიც იყო ჩიგიდში, რაც ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირვას ნიშნავდა.
1989 წელს თავშესაფარში 107 ბავშვი ირიცხებოდა. შენობა არ თბებოდა. ოთახებში დარბოდნენ თაგვები და ვირთხები. ობლებს დღეში ერთხელ აჭმევდნენ ფაფას და ბანდნენ ცივი წყლით. რამდენიმე ბავშვს ერთ საწოლზე ეძინა. ყველაზე დაუდგრომლები გალიის მსგავს საკნებში ჰყავდათ გამოკეტილი. ბავშვებს ათი ადგილობრივი გლეხი ქალი უვლიდა. 1987-1989 წლებში ჩიგიდში 137 ბავშვი გარდაიცვალა.
"ჩვენ გატეხილი ხალხი ვართ": ჩაუშესკუს ექსპერიმენტის შედეგები
ბევრად უკეთესი ვითარება არც იმ სახლებში იყო, რომელთა ბენეფიციარ ბავშვებს განვითარების არანაირი შეფერხება არ ჰქონდათ. „ისე გვცემდნენ, სიკვდილის პირამდე მივყავდით“, - იხსენებს ვისინელ ბალანი, რუმინელი ადვოკატი, რომელიც ახლა ბავშვთა უფლებების დაცვისა და შვილად აყვანის ეროვნული სამმართველოს ვიცე-პრეზიდენტია.
ბალანი დაიბადა 1987 წელს ღარიბ ოჯახში, სადაც მის გარდა 12 ბავშვი იყო, ამიტომ ის და მისი ძმა ვირგილია დედამ რამდენიმე თვეში თავშესაფარში ჩააბარა. მშობლებს არ შეეძლოთ ამდენი ბავშვის გამოკვება.
ვისინელ ბალანი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვინც ხშირად და დეტალურად უყვება ჟურნალისტებს ბავშვთა თავშესაფარში გატარებული წლების შესახებ.
ჩაუშესკუს დამხობის შემდეგ რუმინეთში უხვად შევიდა ჰუმანიტარული დახმარება. კვება უკეთესი გახდა, მაგრამ ბავშვთა სახლებში წესები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. ვისინელის თქმით, თავშესაფარში მას იშვიათად ჰქონდა ბედნიერი წუთები - როცა ეძინა ან მახლობლად მდებარე რკინიგზის სადგურზე მაწანწალობდა. ბავშვთა სახლში ბავშვებს სასტიკად სცემდნენ ნებისმიერი დანაშაულისთვის. გარდა ამისა, უფროსი ბავშვები ძალადობდნენ უმცროსებზე. ბალანის თქმით, ბავშვებს შორის ძალადობა 8-9 წლის ასაკში იწყებოდა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მასწავლებლები კი, როგორც წესი, თვალს ხუჭავდნენ ამაზე.
ვისინელ ბალანი თავის თავს და მათ, ვინც ჩაუშესკუს მმართველობის დროს ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ, „გატეხილ ადამიანს“ უწოდებს. ის აღიარებს, რომ ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმით ცხოვრება ახლაც იმდენად უჭირს, რომ არაერთხელ გასჩენია სუიციდური აზრები. ბალანის ბავშვობის რამდენიმე მეგობარმა ვერ გაუძლო მიღებულ ტრავმებს და უკვე დიდობაში მოიკლა თავი.
ამერიკელი ფსიქოლოგი ნათან ფოქსი მერილენდის უნივერსიტეტიდან, სპეციალიზებულია ბავშვების ადრეულ განვითარებასა და მასზე გარე ფაქტორების გავლენაზე. ფოქსი რუმინეთში ჩავიდა დიქტატურის დაცემის შემდეგ და დღემდე ახსოვს, როგორ შევიდა ერთ-ერთ ბავშვთა სახლის ოთახში, სადაც ბავშვები აბსოლუტურ სიჩუმეში იწვნენ: „ჩვენ არ გაგვიგონია ამგვარი ადგილებისთვის დამახასიათებელი ტირილის ხმა. რატომ არავინ არ ტიროდა? მოგვიანებით დავასკვენით: იმიტომ, რომ მათ ტირილზე არავის არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. არ იყო ნორმალური ურთიერთქმედება ბავშვსა და ზრდასრულს, ან დედასა და შვილს შორის. ახალშობილებთან არავინ მიდიოდა, როცა ისინი ტიროდნენ“, - იხსენებდა მეცნიერი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ასევე გაირკვა, რომ რუმინეთის ხელისუფლება მალავდა ობლების აივ-ით ინფიცირების შემთხვევებს. ბავშვთა სახლის მცხოვრებლის შიდსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 1985 წელს დაფიქსირდა. ინფიცირება ყველაზე ხშირად ხდებოდა სამედიცინო საშუალებების გზით: მაგალითად, იმის გამო, რომ ანტიბიოტიკები თავშესაფრებში ინტრავენურად შეჰყავდათ, გამოიყენებოდა ერთი და იგივე ნემსები. სულ მცირე, 1094 რუმინელი ობოლი ბავშვი გარდაიცვალა შიდსით 12 წლამდე ასაკში.
1990 წელს რუმინეთმა უცხოელებს რუმინელი ბავშვების შვილად აყვანის ნება დართო. პირველ სამ თვეში თითქმის 1500 ბავშვი გაშვილდა საზღვარგარეთ. ბრიტანეთში 67 ნაშვილები ობოლი ბავშვის განვითარებას აკვირდებოდნენ ლონდონის კინგს კოლეჯის მეცნიერები. გაშვილებამდე ბავშვებს სახელმწიფო თავშესაფრებში გატარებული ჰქონდათ 3 თვიდან 2,5 წლამდე. მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს მათი ტვინის განვითარება ჯერ 4-6 წლის ასაკში, შემდეგ 11-დან 15 წლამდე ასაკში და ბოლოს, როდესაც ისინი 22 წელზე მეტის იყვნენ. ამ კვლევის შედეგები 2017 წელს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში.
პუბლიკაციის მიხედვით, რუმინელი ობოლი ბავშვების ტვინის მოცულობა საშუალოდ უფრო მცირე იყო, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ბავშვებისა (ასევე ობლები, ოღონდ დაბადებულები ბრიტანეთში). რაც უფრო მეტი დრო ჰქონდა ბავშვს გატარებული რუმინულ ბავშვთა სახლში, მით უფრო დაბალი იყო მისი IQ-ს დონე და მით უფრო მეტი ფსიქიკური პრობლემა (შფოთვა, დეპრესია) ჰქონდა ზრდასრულ ასაკში. ადამიანებს, რომლებსაც ასეთი გამოცდილება ჰქონდათ, უფრო უჭირდათ სამუშაოს შოვნა და მეგობრების შეძენა.
ნიკოლაე ჩაუშესკუს დამხობის მომენტში რუმინეთის მოსახლეობა 23 მილიონზე ოდნავ მეტი იყო. როდესაც 1990 წელს ქვეყანაში აბორტის აკრძალვა მოიხსნა, პირველი 12 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობის რეკორდული რაოდენობა - თითქმის 1 მილიონი ოპერაცია.
2024 წლის მონაცემებით, რუმინეთში დაახლოებით 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, იმდენივე, რამდენიც 1965 წელს იყო, როცა ჩაუშესკუ ხელისუფლებაში მოვიდა. საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინული დიასპორა, სულ ცოტა, 4 მილიონ ადამიანს ითვლის.
ფორუმი