სტატისტიკით ჩანს, რომ რუსეთიდან ფულის გამოგზავნის ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით 2022 წლის აპრილიდან დაიწყო და პიკს მაისში მიაღწია, როცა 313 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა.
- რაზე მიუთითებს რუსეთიდან ასობით მილიონი დოლარის გზავნილები?
- რა შედეგები და რისკები ახლავს მას?
რადიო თავისუფლება ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: რაზე მიანიშნებს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ქვეყნის ეკონომიკაზე?
ფულადი გზავნილები მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ეკონომიკის, სამწუხაროდ, რადგან ეს ისეთ ქვეყნებში არ ხდება რომელიც განვითარებულია, [მაგალითად] ხდება ტაჯიკეთში და შუა აზიის ქვეყნებში.
რუსეთზე დამოკიდებულება ბევრი მიმართულებით პრობლემაა, თან არ ვიცით, ეს რა ფულია. რუსეთი ყოველთვის ლიდერობდა ასე თუ ისე, ბოლო პერიოდში იტალიიდან და საბერძნეთიდან გზავნილები უსწრებდა. ამ ომმა [რუსეთ-უკრაინის ომი] - ვითარება შეცვალა.
ერთი მხრივ, კარგია, ფული შემოდის ქვეყანაში, მეორე მხრივ, ცუდია, ჩვენ არ ვიცით, აქ მყოფი რუსეთის მოქალაქეები რისთვის გამოიყენებენ ამ ფულს. უფრო მეტად პოლიტიკური პრობლემაა ვიდრე ეკონომიკური...ფართოდ რომ შევხედოთ, ეს არის ქვეყანა, რომელსაც [ჩვენი] ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ჩვენთან ღია კონფლიქტშია. ასეთ ქვეყანაზე ეკონომიკური დამოკიდებულება ჯანსაღი არაა.
რადიო თავისუფლება: ამ ფულს რუსეთის მოქალაქეები აგზავნიან, თუ ჩამოდიან და აქ ხსნიან ანგარიშებს?
ორივე ჩემი აზრით. იქიდანაც არის გზავნილები უშუალოდ და აქ ჩამოსულების ტრანზაქციებიც საერთაშორისო გზავნილებში ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების თქმით, ისინი ტურისტები არიან, მნიშვნელოვანი ნაწილი აქ დარჩა, ყველა ვხედავთ, როგორ ცხოვრობენ აქ ოჯახებით, მათ სჭირდებათ ეს ფული ქართულ ანგარიშებზე. მხოლოდ ამ ნაწილში პრობლემა არაა, მაგრამ არ ვიცით, რა ხალხია და რაში გამოიყენებენ ამ თანხებს, რადგან გაურკვევლად არიან შემოსულები... მარტო ეკონომიკურად როგორ შევხედოთ ამას? რუსეთია, მთვარეზე ხომ არ ვცხოვრობთ?
რადიო თავისუფლება: იზრდება თუ არა ამით რისკი, რომ საქართველო რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენონ?
ამ კონკრეტული გზავნილებით არ მგონია, რისკი გაიზარდოს. საერთოდ, ასეთი რისკები ყოველთვის არსებობს. ახლოს ვართ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ, რომელიც გამოყენებული შეიძლება, იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.
რადიო თავისუფლება: ამ ფონზე როცა ნაკადების კონტროლი არ ხდება, რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ეროვნულმა ბანკმა?
ეროვნული ბანკი აკონტროლებს ფულად ნაკადებს. უყურებს, ინფორმაციას ფლობს, შეიძლება რაღაც საეჭვო იყოს, გადამოწმდეს და დაიბლოკოს, თუმცა ეს საიდუმლო ინფორმაციაა. მათ შეუძლიათ დასკვნების გამოტანა, ვინ არის გამომგზავნი, რისთვის იგზავნება და ა.შ. ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული ტრანზაქციების მიხედვით უნდა გააკონტროლოს საფრთხე.
რადიო თავისუფლება: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მათ შორის ფულადი გზავნილები ეკონომიკური განვითარების მასტიმულირებელია. და ჩვენ შემთხვევაში ეკონომიკის ზრდაზე მეტად რატომ ქმნის ინფლაციურ პრობლემებს?
ორივეს "ეხმარება". ამხელა ფულადი გზავნილები ერთი მხრივ, ლარს ამყარებს, ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს, ეს ფული ქართულ ეკონომიკაში შემოდის. მეორე მხრივ, ეს ადამიანები, განსაკუთრებით, პირველი ნაკადიდან შემოსულები, მაღალშემოსავლიანი პირები არიან, მეტად გადახდისუნარიანები და ინფლაციასაც მაღლა წევს, რაც სერიოზული გამოწვევაა.
ორმხრივი საკითხია ეკონომიკურად. ნეგატიური გავლენა აქვს, მაგრამ საერთო ჯამში, მხოლოდ ეკონომიკურად თუ შევაფასებთ, გავლენა მაინც პოზიტიურია. ამასთან, მხოლოდ ეკონომიკურად შეფასება არ შეიძლება. ეროვნული ბანკიც ამბობს, რომ რუსების ბრალია ინფლაცია, თუმცა მას არ შეუძლია, ამხელა ინფლაციას რამით შეეწინააღმდეგოს. რაც შეუძლია აკეთებს, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აქვს და ამბობენ, რომ ეს რაღაცნაირად "თოკავს" ინფლაციას. თუმცა [ინფლაცია] მაინც მაღალია... ეროვნული ბანკის პოლიტიკა რომ არ იყოს ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება. ასევე, ფასები გაზრდილია საერთაშორისო ბაზარზე, რასაც ვერ დავიჭერთ ჩვენი მაკროეკონომიკური პოლიტიკით.