ქუთაისის საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურის ფონზე ურთიერთბრალდებებით წარიმართა. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა შუშანიას რამდენჯერმე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები და ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია.
ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს და გააკრიტიკეს მერია და საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“, შეეხებოდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის“ 8 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართის უსასყიდლოდ და უვადოდ გადაცემას.
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა გიგა შუშანიამ საკითხის ინიციატორს შესთავაზა მეტი სიცხადისთვის და ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილ კითხვებზე საპასუხოდ მოეწვიათ ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, რადგან საუნივერსიტეტო ქალაქი მუხნარის ტყე-პარკის მიმდებარედ ამ ფონდის დაფინანსებით შენდება. შუშანიას მტკიცებით, „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს“ მიწა საკრებულოს გადაწყვეტილებით დღეიდან გადაეცემა, თუმცა ამ ტერიტორიაზე უკვე აგებულია ბეტონის ქარხანა და, უკანონოდ ფუნქციონირების მიუხედავად, მერიის შესაბამისმა სამსახურმა კომპანია არ დააჯარიმა“.
პასუხად, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი განმარტავს, რომ მიწის ფართის გადაცემის მოთხოვნით კომპანიამ ერთი თვის წინ მიმართა მერიას, ხოლო რაც შეეხება ბეტონის ქარხანას, გიორგობიანის განცხადებით, „მისი ფუნქციონირების შესახებ მერია ფლობდა ინფორმაციას და დაჯარიმების საჭიროება არ არსებობს, რადგან ეს არის გადასაადგილებელი ქარხანა და მშენებლები მას, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა კორპუსის მშენებლობისას გადაიტანენ“.
გიორგი გიორგობიანისავე განცხადებით, ახალგაზრდობის გამზირის მეხუთე შესახვევის 7 ნომრის დასავლეთით მდებარე ტერიტორია უსასყიდლოდ გასხვისდა და 8 ათას კვადრატულ მეტრს „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი“ უვადოდ გამოიყენებს.
მუხნარის ტყე-პარკის მიმდებარედ მიწის ფართის გასხვისებას ბიზნესის ხელშეწყობით ხსნის საკრებულოს წევრი ოთარ ლორთქიფანიძე, რომელმაც სხდომაზე მხარი დაუჭირა საკითხს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სხვა დეპუტატების მსგავსად: „ქონების გადაცემა სახელმწიფო კომპანიისთვის, ეს არის ჩვენგან ხელშემწყობი ნაბიჯი, რომელიც სამშენებლო კომპანიას დაეხმარება ლოჯისტიკურ საქმიანობაში“. ოთარ ლორთქიფანიძისავე განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობა ქალაქის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის მხარს დაუჭერდა მიწის უსასყიდლოდ გასხვისების საკითხს იმ შემთხვევაშიც, თუ ამას სხვა კომპანია მოითხოვდა.
ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივა 2012 წელს გახდა ცნობილი. მას შემდეგ კომპლექსის მშენებლობის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. გადაიწია უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების წელმაც და, ბოლო ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებელი პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს.