Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჩეხილი ასწლოვანი მუხები კახეთში - უნიკალური ჭალის ტყე ნადგურდება


მოჭრილი ხეები ჭიაურის ჭალის ტყეში
მოჭრილი ხეები ჭიაურის ჭალის ტყეში

ჭალის ტყეებს საქართველოს კანონმდებლობა განსაკუთრებულად იცავს, თუმცა თავად სახელმწიფო უწყებებშივე ამბობენ, რომ ასეთ ტყეში თითქმის ყოველდღიურად იჩეხება საშეშე მერქანი, მათ შორის ასწლოვანი კაკლის ხეები და წითელ წიგნში შეტანილი მუხა.

სოფელ ჭიაურში არსებულ ტყის მასივში 5 000 ჰექტარი ჭალის ტყე საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტმა 2002 წელს 20 წლის სარგებლობის ვადით, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, შ.პ.ს. „ფაუნას“ გადასცა. „ფაუნას“ ხელმძღვანელი თემურ ტყემალაძე ამბობს, რომ ხე-ტყის მასობრივ ჭრას დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდება და სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებებიც არასაკმარისია. ტყემალაძის თანახმად, ტყეში შეშის მოსაჭრელად ძირითადად შედიან ახლოს მდებარე დასახლებებში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ხე-ტყის ჭრა უკვე ბიზნესად აქვთ ქცეული.

ვინც ტყეში ყოველდღე მოდის და ხეებს ჭრის, თითქოს სოციალურად დაუცველები არიან. მე შეკითხვა მაქვს: სოციალურად დაუცველმა ბანკი რომ გაძარცვოს, ეპატიება? ჩემი ინფორმაციით, ამ ხალხს ჰყავს მფარველები, მათ შორის ისინი, ვისაც თონეები აქვს და პურს აცხობენ. ამ პრობლემებზე არაერთი წერილი მაქვს დაწერილი, პასუხად კი ვიღებ, რომ ტერიტორია ჩემია და მოვალე ვარ პრობლემებს მივხედო“.

მოჭრილი ხეები
მოჭრილი ხეები

ალაზნისპირა ჭალის ტყეების დროებითი მფლობელი თემურ ტყემალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ადგილობრივმა ბრაკონიერებმა, რომლებიც არც კანონს ემორჩილებიან და არც ჯარიმის გადახდის ეშინიათ, მასზე, როგორც ტყის დროებით მფლობელზე, შური იძიეს. ტყემალაძის თანახმად, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სამონადირეო მეურნეობაში დაუხოცეს ფრინველები, ცხოველები და თევზი.

„ვოლიერში დამიხოცეს შვლები და ღორები, ასევე დამიშრეს ტბები. ზოოპარკიდან შეფარებული ცხოველებიც დამიხოცეს და ამას მიკეთებენ განგებ, რადგან ისინი მტრები არიან. 5 მილიონ ლარზე მეტი მაქვს ამ ჭალის ტყეში დახარჯული. მე მათ უკვე ვეღარ ვაჩერებ...“

ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა
ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა

ალაზნისპირა ჭიაურის ჭალის ტყეებში ხე-ტყის უკანონო ჭრას ადასტურებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ 9 თვეში კანონდარღვევის 340-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე ამბობს, რომ უწყებას ჭალის ტყის აღნიშნულ მონაკვეთზე კონტროლი მაქსიმალურად აქვს გაძლიერებული, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ასეთი ფაქტების აღსაკვეთად არსებული ადამიანური რესურსი არასაკმარისია. ჩხობაძემ ისიც გვითხრა, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარემოს დამცველებს ადგილობრივი ბრაკონიერები თავს დასხმიან და ფიზიკურად გასწორებიან. მაია ჩხობაძეს ვკითხეთ, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორ გეგმავენ პრობლემის მოგვარებას. მისი ინფორმაციით, იგეგმება კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია და აუცილებელი სოფლებში ადამიანებს გაუუმჯობესდეთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა:

„ზედამხედველობის დეპარტამენტი თავისი კონტროლის მექანიზმების დახვეწაზე ფიქრობს, მაგრამ ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთა მულტიდარგობრივ აღკვეთას საჭიროებს. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს სოფლის მოსახლეობის სხვა მიმართულებებით ისე დაიტერესება, რომ მათ არც სურვილი და არც მიზეზი ჰქონდეთ, რომ ხე-ტყე მოჭრან. როდესაც ასწლოვანი მუხა იჭრება, ეს არის კატასტროფა!“

ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა
ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა

ჭალის ტყეების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესის" გამგეობის წევრი კახა არცივაძე. სპეციალისტი ამბობს, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრა და სხვა ქმედებები წლების შემდეგ თავად ადგილობრივ მოსახლეობას დააზარალებს. არცივაძის თქმით, ჭალის ტყეები ისედაც ცუდ მდგომარეობაშია, რაც წყალსაცავებისა და დამბების მშენებლობით არის გამოწვეული. ცენტრ "ნაკრესის" ინიციატივაა და ამის შესახებ ლაპარაკიც იყო გარემოს დაცვის სამინისტროსთანო, შენიშნავს არცივაძე, რომ ტყეებთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარის ჩართულობით შეიქმნას ერთიანი მართვის სისტემა:

„ეს მართვის ისეთი სისტემა უნდა იყოს, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს და ასევე როგორმე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური საჭიროებებიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული . ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისთვის, არამედ იგივე წყალმომარაგებისთვის. ჭალების გარეშე მიწისქვეშა წყლების პრობლემა ძალიან სერიოზულად დადგება“.

ჭიაურში ჭალის ტყის საერთო ფართობი 5 626 ჰექტარია. აქედან უმეტესობა შპს „ფაუნას“ სარგებლობაშია, დარჩენილი ნაწილი საძოვრებად გამოიყენება. სპეციალისტები და გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ჭალის ტყის ფონდით უკანონო სარგებლობა ქვეყანას ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანს. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების განვითარებაში ხელი ეშლება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG