30 აგვისტო, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, ბათუმში, ტრადიციულად, ლორიას ქუჩაზე აღინიშნა. აქ სხვადასხვა დროს გაუჩინარებულ ადამიანთა მემორიალია. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები დღეს მემორიალთან შეიკრიბნენ, მათ შორის კი იყვნენ ისინი, ვინც საომარი ვითარების დროს დაკარგული ოჯახის წევრის საფლავს ახლახან მიაგნო. აფხაზეთიდან დევნილი ნელი მირზაშვილის 29 წლის შვილი სოხუმის აღების დროს დაიღუპა, მეომრის საფლავი კი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, რამდენიმე წლის წინ სოხუმში იპოვეს და 2017 წელს თბილისში გადმოასვენეს. დაღუპული მეომრის, კობა მირზაშვილის, დედა ამბობს, რომ შვილის საფლავს 24 წელი ეძებდა, ამ წლების განმავლობაში კი ყოველ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, შვილის წამების ამსახველ კადრებს ტელევიზიით უყურებდა:
„სოხუმიდან ვართ. ჩემი შვილი დაღუპული არის სოხუმის აღების დროს. ჟიული შარტავას დაცვაში იყო და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს აღების დროს შარტავასთან ერთად იმყოფებოდა. ყოველ 27 სექტემბერს ანახებენ, ჩექმიან ფეხებს როგორ ურტყამენ თავში იმის გამო, რომ გაუძალიანდა. შარტავას დამცირება ვერ აიტანა და გაუძალიანდა, ამიტომ დახვრიტეს. სადღაც აჩადარასთან დაასაფლავეს. მერე იქედან ამოთხარეს და რომელიღაც სოფელში გადაიყვანეს. საქართველოში გადმოასვენეს 2017 წელს, მე კი 24 წელი ველოდი ცოცხალს. ახლა გმირთა სასაფლაოზე თბილისში მყავს დასაფლავებული. ბედნიერი ვარ, რომ საფლავი მაინც ვიცი“, - გვითხრა ნელი მირზაშვილმა.
აფხაზეთის ომში დაკარგულ შვილს დღემდე ეძებს თბილისში მცხოვრები ქეთინო გაბროშვილი. იგი 30 აგვისტოს აღსანიშნავად ბათუმში სპეციალურად ჩამოვიდა. თავის შვილთან ერთად აფხაზეთში დაკარგულ სხვა ადამიანებსაც, წითელი ჯვრის კომიტეტის დახმარებით, უკვე წლებია, ეძებს. ფონდ „მოლოდინის“ წევრია, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიებისთვის შეიქმნა. იგი ამბობს, რომ დღემდე მოიძიეს ომის დროს სოხუმში დაკარგულთა საფლავები და საქართველოში გადმოასვენეს. მათი ნაწილი ოჯახმა ამოიცნო და დაკრძალა, ნაწილი კი დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდება. ქეთინო გაბროშვილი ამბობს, რომ სოხუმში არსებულ ყველა საფლავს მიაგნეს, ახლა კი წითელ ჯვართან ერთად გაგრის ყველაზე დიდი სასაფლაოს შესწავლას აპირებენ. ვარაუდობენ, რომ ამ ადგილას აფხაზეთის ომის დროს გაგრაში დაღუპული და დაკარგული მეომრები არიან დაკრძალული. ომის შემდეგ მას ბეტონის ფენა გადაასხეს, რამაც შესაძლოა საფლავების მოძიება გაართულოს. გარდა ამისა, გაგრის დიდი სასაფლაო ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და არსებობს მისი წარეცხვის საფრთხეც. ფონდ „მოლოდინის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ თავიანთ მიერ შედგენილი დაღუპულ მეომართა სია წითელ ჯვარს უკვე გადასცეს. ქეთინო გაბროშვილი დაკარგული შვილის პოვნის იმედს არ კარგავს. მისთვის ისაა ცნობილი, რომ სოხუმის დაცემამდე, 1993 წლის 24 სექტემბერს, მეომარი ტყვედ აიყვანეს:
„ორი ბიჭი იყო მუხლებში დაჭრილი და ვერ მოდიოდნენ. ხელი ხელზე გააკეთა ორმა ბიჭმა, ეს დაჭრილები დაისვეს და ასე გამოვიდნენ სადარბაზოდან, შენობა კი ალყაში ყოფილა. ეს იყო 24 სექტემბრის დილის 6 საათი. 27-ში უკვე სოხუმი დაეცა. აი, ამ დროიდან, როცა ტყვედ აიყვანეს, დავდივარ და დავეძებ ჩემს შვილს. ხან - მკვდარიაო, ხან - ცოცხალი, ხან მიცვალებულები მოგვცეს, მაგრამ მათ შორის არ იყო არც ჩემი შვილი და არც მისი თანამებრძოლები. მაგრამ ჩვენ მარტო ჩვენს შვილებს კი არ ვეძებთ, მშვიდობიან მოსახლეობას ვეძებთ, ვეძებთ აფხაზეთისთვის მებრძოლებს, რომლებიც იქ თბილისიდან და საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ ჩასული. ვეძებთ კიდევ აფხაზ მებრძოლ ბიჭებს, რომლებიც ჩვენს შვილებს ესროდნენ“, - ამბობს ქეთინო გაბროშვილი.
აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 700-ზე მეტი ადამიანი ითვლება. ქვეყანაში დაკარგული ადამიანების რიცხვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაიზარდა. წითელი ჯვრის მონაცემებით, საქართველოში 2 500 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. აქედან 110 ოჯახი აჭარიდან დღემდე ეძებს სხვადასხვა წლებში საომარი ვითარების დროს დაკარგულ ოჯახის წევრს. აჭარაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომიტეტის წარმომადგენელი ნანა ჭანტურია ამბობს, რომ 30 აგვისტოს ერთმანეთის გასამხნევებლად ქვეყნის ხუთ ქალაქში იკრიბებიან დაკარგულთა მემორიალთან მათი ოჯახის წევრები.
„როდესაც შენ, 27 წელია, არ იცი, სად არის შენი ოჯახის წევრი, ეს არის ძალიან მძიმე. დღესდღეობით წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის თანადგომა გვაქვს ფინანსურიც და მორალურიც. ვთვლი, რომ სახელმწიფოს მეტი ჩართულობაა საჭირო. უგზო-უკვლოდ დაკარგულის ოჯახის წევრებს არ აქვთ ოფიციალური სტატუსი. ამაზე ახლა მიდის სამართლებრივი ფორმების ძებნა, ეს სტატუსი როგორ იქნეს მოპოვებული. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეტი ჩართულობაა საჭირო. ასევე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგანან ეს ოჯახები“, - გვითხრა ნანა ჭანტურიამ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით 30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისთან ერთად საქართველოს 4 ქალაქში გაიმართა - ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში