Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ციხის ყოფილ პატიმრებს საქართველოში ელოდებიან


მეზღვაურ რომან კაკალაძის მამა მერაბ კაკალაძე და და, სალომე კაკალაძე
მეზღვაურ რომან კაკალაძის მამა მერაბ კაკალაძე და და, სალომე კაკალაძე

„ეს ორი წელიწადი და ოთხი თვე რომა იქ იტანჯებოდა და ჩვენ აქ, ოჯახი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქართველი მეზღვაურის, რომან კაკალაძის და, სალომე კაკალაძე.

ლიბიის საპატიმროდან ახლახან გათავისუფლებული 32 წლის რომან კაკალაძე სახლში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში 19 დეკემბერს დაბრუნდება. მასთან ერთად სახლში, ბათუმში ბრუნდება გენო კომახიძე. ის ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემის კაპიტანი იყო, რომან კაკალაძე კი, კაპიტნის თანაშემწე.

რომანის მამას, მერაბ კაკალაძეს ლიბიის საპატიმროდან შვილის გათავისუფლების ამბავი 17 დეკემბერს, ტელეფონით აცნობეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ისიც უთხრეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საქართველოში მალე დაბრუნდება.

„არ ველოდი ამ ამბავს... არც ვიცი, რა განცდა იყო... ისეთი საშინელება იყო ის ორი წელი, ბავშვი იქიდან რომ გეტყვის, წყალი არ მაქვს, საჭმელი არ მაქვსო და ვკვდებიო... ვიღაც-ვიღაცეების ტელეფონით გვიკავშირდებოდა, ხან მესიჯს გვწერდა, ხან ინტერნეტში შემოდიოდა“, - გვიყვება მერაბ კაკალაძე.

ქართველი მეზღვაური რომა კაკალაძე
ქართველი მეზღვაური რომა კაკალაძე

ლიბიის საპატიმროში ყოფნისას რომან კაკალაძე ყველაზე ხშირად დას უკავშირდებოდა. როცა განსაკუთრებით უჭირდაო - გვითხრა სალომემ. ძმის ორწლიანი პატიმრობიდან ყველაზე მძიმედ ის ახსენდება, როცა ლიბიაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ამ დროს კი ტრიპოლის ციხეში მყოფი რომანი ურეკავდა და ემშვიდობებოდა: „საომარი მოქმედებებისას დაბომბვა ციხესთან ძალიან ახლოს ხდებოდა. მომწერა, იმდენად ახლოსაა, რომ ყურები დამიხშო და ხმები ცუდად მესმისო. გვერდით ერთი ციხე და საავადმყოფო ააფეთქესო... სალო, შეიძლება ცოცხალი ვეღარ ჩამოვიდე და მშობლებს შენ გაბარებო“.

ქართველი მეზღვაურის ოჯახის წევრებს კარგად ახსოვთ ყველა ის ადამიანიც, რომლებიც ბოლო ორი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში ეხმარებოდნენ და ანუგეშებდნენ.

მერაბ კაკალაძე ფიქრობს, რომ ლიბიის ციხეში, მძიმე პირობებში მიღებული გამოცდილების შემდეგაც, მისი შვილი შორეულ ნაოსნობაში ისევ წავა


2017 წელს ლიბიის ტერიტორიულ წყლებში დაკავებული გემის ეკიპაჟის 9 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაური იყო. ერთი მათგანი 7 თვეში გაათავისუფლეს. სამშობლოში მალევე დაბრუნდა და ლიბიის საპატიმროში დარჩენილი ქართველი მეზღვაურების ოჯახებს მიაკითხა.

ქართველ კაპიტანსა და მის პირველ თანაშემწეს კი, ლიბიის სასამართლომ წაუყენა ნავთობის უკანონოდ გადაზიდვის, ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლის და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენების ბრალდებები.

გამოძიების მსვლელობისას ქართველი მეზღვაურების წინასწარი პატიმრობა თითქმის ორ წელს გაგრძელდა, 2019 წლის გაზაფხულზე კი მათ მხოლოდ ნავთობის უკანონო გადაზიდვისთვის მიუსაჯეს 6-თვიანი პატიმრობა და მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა.

ყოველგვარ ლოგიკასა და დასაბუთებას იყო მოკლებული ლიბიური მხარის მოქმედებები. ორი წელი მეზღვაურები წინასწარ პატიმრობაში ჰყავდათ. ჩვენი შეფასებით კი, ბრალდება არ იყო დასაბუთებული.
ივანე აბაშიძე


„თუმცა, იურისტების მუშაობის შედეგად ჯარიმის გადახდა აღარ მოუწიათ“, - გვეუბნება მერაბ კაკალაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობაზეც გვიყვება: „წამალიც მიუტანეს, ექიმიც მიუყვანეს, ტანსაცმელი, საჭმელი. ჩადიოდა ჩვენი ელჩი ეგვიპტიდან და ყურადღების ქვეშ იყო. ექიმი დასჭირდა, კბილის ამოღება დასჭირდა, ღვიძლი აწუხებდა, მოიწამლა, გადაყავდათ საავადმყოფოში და მერე გადმოყავდათ ისევ. ეს ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით“.

მერაბ კაკალაძე ფიქრობს, რომ ლიბიის ციხეში, მძიმე პირობებში მიღებული გამოცდილების შემდეგაც, მისი შვილი შორეულ ნაოსნობაში ისევ წავა, რადგან როგორც იხსენებს, უცხო ენების ფაკულტეტის წარმატებულმა სტუდენტმა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი საოცნებო პროფესია - მეზღვაურობა შეისწავლა და კარიერულ წინსვლასაც მალე მიაღწია.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში ჩართული იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე გვეუბნება, რომ ტანზანიის დროშით მცურავი თურქული კომპანიის გემზე მყოფი მეზღვაურების დაკავების შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელი გაუჩინარდა და სავარაუდოდ, ლიბიელებს გაურიგდა. „ყოველგვარ ლოგიკასა და დასაბუთებას იყო მოკლებული ლიბიური მხარის მოქმედებები. ორი წელი მეზღვაურები წინასწარ პატიმრობაში ჰყავდათ. ჩვენი შეფასებით კი, ბრალდება არ იყო დასაბუთებული. ნებისმიერმა მეზღვაურმა, რომელიც შედის ნავსადგურში, უნდა იცოდეს, იქ ხვდება თუ არა ლეგიტიმური ინსტიტუცია. ეს კი შეუძლებელია კაპიტანმა იცოდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე სადაც კვირიდან კვირამდე შეიძლება შეიცვალოს მმართველობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ივანე აბაშიძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს სამთავრობო უწყებებს მეზღვაურთა გათავისუფლებაში ეხმარებოდა ლიბიაში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო. დაკავებულებს ადვოკატი აუყვანეს: „ფაქტობრივად, ამ ადამიანების ციხეში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ ლიბიური მხრიდან ვერ ვიღებდით თანხმობას გამოშვებაზე, თითქოსდა, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო. რამდენჯერმე პრობლემები შეგვექმნა მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ შევძელით მიგვეღო ის მინიმალური დახმარება, რისი შესაძლებლობაც იყო. გემთმფლობელი გაქრა. საერთოდ არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღო. ეს იყო ბერძნული წარმოშობის თურქი გემთმფლობელი. რომელიც სავარაუდოდ, ლიბიის ხელისუფლებასთან გარიგებაში იმყოფებოდა“.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს აფრთხილებს, თავიდანვე გაეცნონ დასაქმების პირობებს, ნაოსნობის რაიონებს და გადაადგილების მარშრუტებს და მოერიდონ კონფლიქტურ და საეჭვო წერტილებში გამგზავრებას. მათ შეუძლიათ დაუყოვნებლივ ჩამოეწერონ გემიდან, თუ მარშრუტი სასურველი არ იქნება. სააგენტო მეზღვაურებს იმასაც ურჩევს, რომ შრომითი კონტრაქტის ხელმოწერამდე, კონსულტაცია უწყებაში გაიარონ.

XS
SM
MD
LG