Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის განცხადება და ავღანეთში საბჭოთა ოკუპაციის გაკვეთილები


ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის დასაწყისი. 1988 წლის მაისი.
ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის დასაწყისი. 1988 წლის მაისი.

ავღანეთის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმომხილველები აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, სსრკ „სწორად“ მოიქცა, როცა ავღანეთში შეიჭრა 1979 წელს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ საბჭოთა კავშირი „სწორად“ მოიქცა, როცა თითქმის ათი წლით ჰყავდა ოკუპირებული ავღანეთი, მრავალი ავღანელის მხრიდან მოჰყვა უარყოფითი რეაქცია.

ტრამპმა სადავო ხასიათის კომენტარი გააკეთა 2 იანვარს, მთავრობის კაბინეტის სხდომაზე, რომელზეც ავღანეთში აშშ-ის ჯარების ხანგრძლივი ყოფნის წინააღმდეგ გამოვიდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ცხრაწლიან ომში მოსკოვის ჩართვამ საბჭოთა კავშირის გაკოტრება და დაშლა გამოიწვია, და მან რეგიონის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ ჩაერთონ ავღანეთში ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„რუსეთი წინათ საბჭოთა კავშირი იყო. ავღანეთმა აქცია ის რუსეთად, ვინაიდან ის გაკოტრდა ავღანეთში ომის გამო,“ თქვა ტრამპმა. „რუსეთი იმიტომ იყო ავღანეთში, რომ იქიდან ტერორისტები შედიოდნენ რუსეთში. რუსეთი სწორად მოიქცა, [ავღანეთში] რომ იმყოფებოდა.“

მოვლენების საყოველთაოდ გაზიარებული ვერსიის მიხედვით, საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა 1979 წლის ბოლოს, რათა გაეძლიერებინა დასუსტებული კომუნისტური მთავრობა. სსრკ აცხადებდა, რომ მისი ინტერვენცია მოხდა საერთაშორისო კანონების დაცვით და სსრკ-ავღანეთის მეგობრობის ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებიც ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენასაც ითვალისწინებდა.

ამავე დროს საბჭოთა კავშირი ცდილობდა, თავი წარმოედგინა ჭეშმარიტ დამცველად მუსლიმი ავღანელებისა, რომლებიც, მისი თქმით, „იმპერიალიზმის“ სამიზნე იყვნენ. მოსკოვის თანახმად, აშშ ცდილობდა, ავღანეთი საბჭოთა კავშირის დასასუსტებლად გამოეყენებინა.

ავღანეთში დაღუპული საბჭოთა მეომრების მემორიალი სანქტ-პეტერბურგში.
ავღანეთში დაღუპული საბჭოთა მეომრების მემორიალი სანქტ-პეტერბურგში.

როცა საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი 1989 წელს, იმ დროისთვის დაღუპული იყო მილიონამდე ავღანელი სამოქალაქო პირი და მილიონობით ადამიანს მიტოვებული ჰქონდა საკუთარი სახლ-კარი. ვარაუდობენ, რომ გაჭიანურებულ და ძვირად ღირებულ ომში, რომელშიც აშშ ავღანელ მეამბოხეებს ეხმარებოდა, საბჭოთა კავშირის 15 000-მდე ჯარისკაცი დაიღუპა.

3 იანვარს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალაჰუდინ რაბანიმ ისტორიის ტრამპისეული ინტერპრეტაციის საპასუხო განცხადება გააკეთა.

რაბანის თქმით, საბჭოთა ოკუპაცია იყო ავღანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. „ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება ისტორიულ ფაქტებს. ინტერვენცია დაგმეს გაერომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ,“ დაწერა რაბანიმ ტვიტერით.

3 იანვარს ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ვაშინგტონს დიპლომატიური არხებით მოსთხოვა ახსნა-განმარტება „ბოლო კომენტარების“ თაობაზე.

„ყოფილი საბჭოთა კავშირის ინტერვენციის შემდეგ არა მხოლოდ აშშ-ის ყველა პრეზიდენტმა დაგმო ის, არამედ ისინი ავღანელების წმიდა ჯიჰადის მომხრეებად რჩებიან,“ ნათქვამია განცხადებაში.

ყოფილმა ავღანელმა დიპლომატმა, ომარ სამადმა, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის “ატლანტიკური საბჭოს“ წამყვანი სპეციალისტია, ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სსრკ-ავღანეთის ისტორიის ცოდნის გაღრმავება სჭირდება და დაასკვნის: „მცდარ ნარატივს შესაძლოა მცდარი პოლიტიკა მოჰყვეს“.

ავღანეთის უშიშროების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა რაჰმატულა ნაბილმა ტვიტების მთელი წყებით უპასუხა ტრამპის განცხადებას. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა გავლენა იქონია საბჭოთა მხარის დანაკარგმა ცივი ომის ბედზე. ამავე დროს ნაბილი სინანულს გამოთქვამს ცნობებზე, რომ აშშ ავღანეთში ჯარების რაოდენობის შემცირებას გეგმავს.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მხარი დაუჭირეთ და გაამართლეთ 1979 წლის საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში. ამას რუსეთიც კი აღარ ამბობს ამას და არ ცდილობს, გაამართლოს ეს,“ წერს ნაბილი.

თავის კომენტარში ტრამპმა რუსეთს, პაკისტანსა და ინდოეთს მოუწოდა, ჩაერთონ ავღანეთში თალიბებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

ტრამპმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გააკრიტიკა ავღანეთში ბიბლიოთეკის მშენებლობაზე ლაპარაკისთვის.

ავღანელები ჯართად ქცეულ სამხედრო ტექნიკას ათვალიერებენ.
ავღანელები ჯართად ქცეულ სამხედრო ტექნიკას ათვალიერებენ.

მოდი მთელი ჩვენი მოლაპარაკებების განმავლობაში მიყვებოდა, რომ ავღანეთში ბიბლიოთეკა ააშენა. არ ვიცი, ვინ იყენებს ავღანეთში ბიბლიოთეკასო, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორც ავღანელი ჟურნალისტი, ფარვიზ კავა წერს, შესაძლოა ტრამპს „ბიბლიოთეკაში“ აერია ავღანეთის პარლამენტი, რომელიც ინდოეთმა ააშენა და რომელიც მოდიმ საზეიმოდ გახსნა 2015 წელს.

ინდოეთის თანახმად, ავღანეთში 2001 წელს აშშ-ის ხელმძღვანელობით ჯარების შეყვანის შემდეგ დელიმ 3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება აღმოუჩინა ავღანეთს განვითარებისთვის. როგორც ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, ავღანეთში „ინდოეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც განვითარების პარტნიორი“ პროექტებით, რომელთა მიზანია მიაღწიოს ხალხის ცხოვრების „ხელშესახებ გაუმჯობესებას.“

ივლისში აშშ-მა განაცხადა, რომ 2001 წელს ავღანეთში ჯარების გაგზავნის შემდეგ იქ დაიღუპა მისი 2300-ზე მეტი სამხედრო. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა 30 ათასს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG