არხის შემოსავლები იმდენად შემცირდა, რომ დახურეს საინფორმაციო გამოშვება, თანამშრომლების დიდი ნაწილი უხელფასოდ ან მცირედი ანაზღაურებით მუშაობს.
ტელეარხი ანტიდასავლური გზავნილების ერთ-ერთი წყაროა, - წერია “მედიის განვითარების ფონდის” ბოლო წლების ანგარიშებში, რომელიც „ობიექტივის“ გადაცემების შინაარსს აღწერს. 2020 წელს გამოქვეყნებულ საქართველოს პარლამენტის ანგარიშშიც "ობიექტივი" ანტიდასავლური ინფორმაციის გამავრცელებელ მედიადაა მოხსენიებული.
კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ობიექტივს“ ახლა ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში. 2023 წლის ივლისიდან სექტემბრამდე არხის შემოსავალი 15 ათას ლარზე ოდნავ მეტი იყო.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვართ. 2011 წლამდე უფრო მძიმე მდგომარეობაშიც გვიწევდა არსებობა, როცა ოპოზიციური მედიის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას და მათი შიშით ბიზნესს არანაირი რეკლამა არ შემოჰქონდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ტელეწამყვანი ილია ჩაჩიბაია.
არხის დამფუძნებელი, ირმა ინაშვილიც ამბობს, რომ „ობიექტივს“ ფინანსური პრობლემები იმის გამო შეექმნა, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებს: „არის დღეს საქართველოში ოპოზიციური ტელევიზია, ვისაც არ აქვს პრობლემა?! მე მგონი, არ არის“.
“კომუნიკაციების კომისიის” მონაცემებით, ივლის-სექტემბერში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები გაზრდილია, თუმცა მეტწილად „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ხარჯზე.
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა „ობიექტივი“ წლების წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, 2013 წლის დასაწყისში დააფუძნა. მალევე ხელისუფლებაში მოსული პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ სურდა ქვეყანაში ყოფილიყო მესამე ძალა და ამ საკითხზე სასაუბროდ შეხვდა ირმა ინაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს.
ირმა ინაშვილი 2016 წლიდან მეცხრე მოწვევის პარლამენტში იყო ვიცე-სპიკერი - პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე. „პატრიოტთა ალიანსმა“ მანდატები მოიპოვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა „ობიექტივს“ ყველაზე მაღალი ფინანსური შემოსავალი.
ინაშვილი „ობიექტივის“ დამფუძნებელთა შორის აღარ არის 2014 წლიდან, თუმცა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2020 წლის საარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ „ობიექტივის“ საინფორმაციო გამოშვება ცალსახად მიკერძოებულია „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ. ბოლო გამოშვებების ჩათვლით, არხის სტუმრების უმრავლესობა ამ პარტიას წარმოადგენდა.
2014-დან 2020 წლის ჩათვლით ტელეკომპანიის წლიური შემოსავალი თითქმის სამჯერ - 776 ათასი ლარიდან 2,24 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კლება კი 2021 წლიდან დაიწყო.
ჯერ კიდევ ორი-სამი კვირით ადრე, როდესაც „ობიექტივი“ რამდენიმე პროგრამას გადასცემდა, ტელეკომპანია „საუკეთესო მდგომარეობაში, დაბალ ფასად“ ყიდდა ავეჯს, ტექნიკას, წყლის გამაცხელებლებს, პრინტერს. ეს მის ეთერში იმ დროისთვის ერთადერთი სარეკლამო რგოლი იყო.
ტელეარხის წამყვანი ილია ჩაჩიბაია ამბობს, რომ არხი უფრო პატრა შენობაში გადადის და განახლებული ეთერით და იმავე შინაარსის გადაცემებით იანვრის შუა რიცხვებიდან გეგმავს დაბრუნებას. ტელეარხს თბილისში „სახლის ანტენით“, რეგიონებში კი სატელიტური თეფშითა და ინტერნეტით უყურებენ.