Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ დაღლილი ხართ? დიდი შანსია, გადამწვარი იყოთ


თუ სამუშაო კვირა თქვენთვის უსასრულოდ დიდხანს გრძელდება, წაიკითხეთ ეს ტექსტი
თუ სამუშაო კვირა თქვენთვის უსასრულოდ დიდხანს გრძელდება, წაიკითხეთ ეს ტექსტი

გადაწვა გადაღლის ქრონიკული შეგრძნებაა, რომელიც ხელს გიშლით არა მხოლოდ მუშაობაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ ამოიცნობთ გადაწვას და რა შეიძლება დაუპირისპიროთ მას.

1973 წლის ერთ-ერთ დილას ნიუ-იორკელი ფსიქოლოგი, ჰერბერტ ფროინდებერგერი დიდი გეგმებით შეხვდა - ოჯახი დასასვენებლად უნდა წაეყვანა. მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ საწოლიდან ვერ დგება...

ავად არ იყო, მაგრამ არც ჯანმრთელად. ფსიქოლოგმა გაიხსენა, რომ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. გამუდმებით დაღლილი იყო, გაღიზიანებული და გულჩათხრობილი.

ფროინდებერგერს რთული სამსახური ჰქონდა: ნარკოდამოკიდებულებთან მუშაობდა და კლინიკაში ყოველდღე 14-16 საათს ატარებდა. კვირაში ხუთი დღე ის ხვდებოდა ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან. ფროინდებერგერს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ერთი სურათი: გაშეშებული პაციენტი უყურებს, როგორ იწვის სიგარეტი, რომელსაც წეღან მოუკიდა.

მომდევნო თვეები ფსიქოლოგმა საკუთარი მდგომარეობის შესწავლას დაუთმო, 1974 წელს კი გამოსცა წიგნი: „გადაწვა: დიდი მიღწევის დიდი საფასური”. გადაწვა „მოტივაციის გაქრობაა, როდესაც საქმის ან ურთიერთობის ერთგულებას სასურველი შედეგი არ მოაქვს”, - დაწერა მან.

იქიდან მოყოლებული გადაწვას ათეულობით კვლევა და სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. 2022 წლის ბოლოს ექვს ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის გამოკითხულთა 42%-ს აწუხებს.

როგორ მივხვდე, რომ გადამწვარი ვარ?

გადაწვის დროს აღარ გაინტერესებთ თქვენი საქმე, და აღარც ის, რაც უწინ მოგწონდათ. გაქვთ განცდა, რომ ტყუილად მუშაობთ და არავინ გაფასებთ. გიჭირთ კონცენტრაცია, დეტალებზე ყურადღების გამახვილება, გიქვეითდებათ შრომისუნარიანობა, ხართ გაღიზიანებული, გებრალებათ საკუთარი თავი, ან საერთოდ აღარაფერი გინდათ. შეიძლება შეუძლოდაც კი გახდეთ, გტკიოდეთ თავი, ან სხეული.

რა იწვევს გადაწვას?

მარტივად რომ გითხრათ, მეტისმეტი მუშაობა. მაგრამ არამხოლოდ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, გადაწვა „სამუშაო ადგილას მიღებული ქრონიკული სტრესია, რომლის მართვაც ვერ ხერხდება”. ანუ ვიწვებით არა მხოლოდ ბევრი საქმის, არამედ ამ საქმით გამოწვეული დაძაბულობის გამოც.

მიჩნეულია, რომ გადაწვა, პირველ რიგში, ემუქრებათ მათ, ვისი საქმეც ადამიანების დახმარებაა - ექიმებს, მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, პოლიციელებს, სოცმუშაკებს. ხშირად, გადაწვის გამო, ამ სფეროებში მომუშავეები ვეღარ გრძნობენ თანაგანცდას მათ მიმართ, ვისაც ეხმარებიან. ეს ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმია.

თუმცა გადაწვას მხოლოდ სამსახური არ იწვევს. ის შეიძლება იგრძნოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ყოველდღე ხარჯავს დიდ ფიზიკურ და ემოციურ რესურსებს. მაგალითად, მშობლებმა. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ გადაწვამდე ხშირად მიდიან ისინი, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შვილები ჰყავთ.

ამასთან, WHO-ის შეფასებით, გადაწვა არა დაავადება, არამედ სინდრომია. ანუ თუ გადაწვის სიმპტომები გაქვთ, ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ გადამწვარი ხართ.

გადაწვა იგივე დეპრესიაა?

გადაწვა და დეპრესია ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად, გადაღლილობის განცდით, უხასიათობით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით. თუმცა არსებობს საკვანძო განსხვავებები.

დავიწყოთ იმით, რომ დეპრესია ფსიქიკური აშლილობაა, გადაწვა კი არა. სამაგიეროდ იგი ხშირად დეპრესიის თანმდევი, ან სულაც გამომწვევია.

ფიზიკური და ემოციური დასვენება გადაწვას შველის, დეპრესიას - ვერა. დეპრესიას ასევე თან ახლავს სტაბილურად დაბალი თვითშეფასება, სევდა, უიმედობის განცდა და სუიციდალური ფიქრები. თუ ეჭვობთ, რომ დეპრესია გაქვთ, აუცილებლად მიდით ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან.

რა უნდა გავაკეთო?

დაისვენეთ. და არ იმუშაოთ არასამუშაო საათებში. თუ დასვენება ან პროფესიის გამოცვლა არ გამოგდით, ფსიქოლოგები გირჩევენ, უკეთ დააბალანსოთ სამსახური და პირადი ცხოვრება. სხვანაირად რომ ვთქვათ, მუშაობის გარდა, აკეთოთ რამე ისეთი, რაც გსიამოვნებთ. სეირნობა, ფილმის ყურება, მუსიკის მოსმენა, მცენარეების მოვლა, ან ნებისმიერი სხვა რამ უნდა გახდეს თქვენთვის ე.წ. რუტინა, ანუ ის, რასაც ხშირად და სტაბილურად აკეთებთ.

კიდევ ერთი ტექნიკაა, ზუსტად გაარკვიოთ, რა არის ყველაზე მეტად სტრესული თქვენთვის სამსახურში.

გარდა ამისა, ფსიქოლოგები გირჩევენ, აიღოთ მოკლე-მოკლე შესვენებები მუშაობის დროს. და, რა თქმა უნდა, გააკეთოთ ე.წ. ციფრული დეტოქსი კვირაში ერთხელ მაინც. ანუ გაატაროთ რამდენიმე საათი (ან ერთი დღე) ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენს სამსახურს არ სჭირდება, რომ სულ კავშირზე იყოთ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG