Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხს ითრევთ? ეს სიზარმაცე კი არა, პროკრასტინაციაა


ილუსტრაცია: პროკრასტინაცია და სიზარმაცე ხშირად ერთმანეთში ეშლებათ ხოლმე
ილუსტრაცია: პროკრასტინაცია და სიზარმაცე ხშირად ერთმანეთში ეშლებათ ხოლმე

როცა არ გემუშავებათ, თავს როგორ გრძნობთ ხოლმე? თუ ცუდად, მაშინ ეს პროკრასტინაციის დროს დაწერილი ტექსტი თქვენთვისაა.

პროკრასტინაცია საქმეების მუდმივად ვერგაკეთება და გადადებაა. თუ სამსახურში ხშირად ფეხს ითრევთ, მუშაობას სქროლვა გირჩევნიათ და თან ამის გამო თავს იდანაშაულებთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. მილიონობით ადამიანია თქვენს დღეში. მაგალითად, ერთი კვლევის თანახმად, ქრონიკული პროკრასტინაცია აშშ-ის მოსახლეობის 20%-ს აწუხებს.

რასაც ახლა კითხულობთ, ერთ დღეში უნდა დამეწერა, მაგრამ ერთი კვირა მოვანდომე. თავი ვერ მოვაბი. ხან ჩაი გავიკეთე, ხან რილებს ვუყურებდი, ხან რედაქტორმა სხვა საქმე დამავალა. მოკლედ, ეს ტექსტი ჩემთვის დიდი თავისტკივილი გახდა.

სიზარმაცე არაფერ შუაშია

მთავარი განსხვავება სიზარმაცესა და პროკრასტინაციას შორის მოტივაციაშია. სიზარმაცე უბრალოდ მოტივაციის და სურვილის არქონაა. ეს პასიური, უძრავი მდგომარეობაა. აი, პროკრასტინაციის დროს კი ვიცით, რომ საქმე (მაგალითად, ამ ტექსტის დაწერა) მნიშვნელოვანია, მაგრამ სანაცვლოდ სხვა რამეს ვირჩევთ (ინსტაგრამზე რილების ყურებას, ან ჩაის გაკეთებას). შეიძლება პროკრასტინირებდეთ, მაგრამ ზარმაცი არ იყოთ, და პირიქით.

რატომ ვპროკრასტინირებთ?

ხშირად შიშის, შფოთვის, დეპრესიის ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ამაზე არაერთი კვლევა მიუთითებს. ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ პროკრასტინაცია დამცავი მექანიზმია - ჩვენი ფსიქიკა გვიცავს იმ დისკომფორტისგან, რასაც რთული, ან უსიამოვნო საქმის შესრულებისას ვგრძნობთ. მაგალითად მე, ბევრი სამეცნიერი ტექსტის წაკითხვას გავურბოდი.

ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ სამეცნიერო ნაშრომს პროკრასტინაციაზე “დროებითი მოტივაციის თეორია” ჰქვია. ავტორების აზრით, მიზეზი ოთხია:

  1. არ გვჯერა, რომ გამოგვივა
  2. ბოლომდე ვერ ვხვდებით, დაყოვნება რამდენ პრობლემას მოგვიტანს
  3. ვერ ვხედავთ სარგებელს
  4. საკუთარ გუნება-განწყობაზე დაკვირვების უნარი არ გვაქვს

კიდევ შეიძლება ემოციურად და პროფესიულად გადამწვარები ვიყოთ, დაბალი თვითშეფასება გვქონდეს, ან გვეგონოს, რომ დრო საკმარისზე მეტი გვაქვს, ანდაც უბრალოდ არაკომფორტულ გარემოში ვმუშაობდეთ.

პროკრასტინაცია რას გვიშვრება?

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კარგს არაფერს. მაგალითად, ერთი კვლევის თანახმად, ქრონიკული პროკრასტინატორები უფრო ხშირად არიან უმუშევრები და აშშ-ში მათ, საშუალოდ, 14 ათასი დოლარით ნაკლები წლიური შემოსავალი აქვთ.

მეორე კვლევამ აღმოაჩინა, რომ პროკრასტინატორებს ვარჯიშიც უფრო უჭირთ და ნაკლებს მოძრაობენ. გარდა ამისა, სახვალიო საქმეების მოგროვება ფსიქიკაზეც აისახება. ეს ზრდის შფოთვას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ქრონიკული დაავადებების რისკებს.

სულ ბოლო კვლევა იანვარში გამოქვეყნდა. შვედეთში მეცნიერები 3500-ზე მეტ სტუდენტს დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ პროკრასტინატორებს უფრო ხშირად აქვთ დეპრესიული ეპიზოდები. აწუხებთ მარტოობა, ცუდად სძინავთ, და თანაც, სტკივათ მხრები და ხელები.

რა ვქნათ?

2020 წელს, ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტში, დოქტორანტმა ჯეისონ ვესელმა პროკრასტინაციის დასაძლევად ოთხი კითხვა შეიმუშავა:

  1. ამ ამოცანას ვინმე წარმატებული როგორ შეასრულებდა?
  2. თავს როგორ ვიგრძნობ, თუ ამ ამოცანას თავს ვერ გავართმევ?
  3. პირველ რიგში რა მაქვს გასაკეთებელი?
  4. ამოცანის დროულად შესასრულებლად, უბრალოდ ერთი რამის გაკეთება რომ კმაროდეს, რას ვიზამდი?

შემდეგ ვესელმა ექსპერიმენტი ჩაატარა. შეარჩია ასი სტუდენტი, რომელთაც დავალება ჰქონდათ დასაწერი. პერიოდულად, მათ ვესელისთვის ანგარიში უნდა ჩაებარებინათ. დაახლოებით ორ კვირაში გაირკვა, რომ ვინც საკუთარ თავს ამ ოთხ კითხვას უსვამდა, იმათ საქმე უფრო სწრაფად მისდიოდათ.

პროკრასტინაციის დასაძლევად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექნიკა საქმის პატარ-პატარა ამოცანებად დაქუცმაცებაა. ეს დიდი მიზნის შესრულებას აადვილებს. შემდეგ დაალაგეთ პრიორიტეტები. არ არის აუცილებელი, პირველი ამოცანით დაიწყოთ. შეგიძლიათ, საქმეს შუიდან შეუდგეთ (როგორც მე ამ ტექსტის წერას).

ფსიქოლოგების კიდევ ერთი რჩევა (რეალისტური) დედლაინების ჩამოწერაა. მაგალითად, უთხარით თქვენს თავს, რომ ამოცანა #1-ს ერთ საათს დაუთმობთ, ამოცანა #2-ს სამს და ასე შემდეგ.

ასევე შეგიძლიათ, მოაშთოთ ყველაფერი, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. მაგალითად, გამოხვიდეთ თქვენი სოცქსელებიდან, ან დროებით გამორთოთ ტელეფონი. მეც შემეძლო, მაგრამ დამეზარა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG