Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოები“ ღია ცის ქვეშ დარჩა


სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში, სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოები“ ღია ცის ქვეშ დარჩა. კერძო სახლის მეპატრონემ საწარმოს ადმინისტრაციას შენობა დააცლევინა. ახლა ინვენტარი სახლის ეზოში ალაგია. სოციალური საწარმო, რომლის ისტორიაც 2007 წლიდან იწყება, ახლა საზოგადოების მხარდაჭერის იმედად არის დარჩენილი.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სოციალურ საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოებს“ მუშაობა უნდა დაეწყო, მაგრამ ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. კერძო მესაკუთრემ, რომელმაც საწარმოს 3 წლის წინ, როცა შენობა დაეწვათ, ფართი დროებით დაუთმო, ახლა მისი დაცლა მოსთხოვა.

საწარმოს ადმინისტრაცია ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვთ და, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩნენ.

მაია ბიძინაშვილი, „ნუკრიანის სახელოსნოების“ მენეჯერი, ამბობს, რომ პანდემიის გამო სოციალურ საწარმოს, 4 თვეა, არ უმუშავია და არანაირი შემოსავალი არ აქვთ, რომ დროებითი თავშესაფარი მაინც დაიქირაონ.

„საქართველოში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული სოციალური საწარმოს მომავალი როგორ უნდა გაგრძელდეს, უკვე ვეღარ ვხედავთ”, - ამბობს მაია ბიძინაშვილი.

როგორც ირკვევა, სხვადასხვა მიზეზით, „ნუკრიანის სახელოსნოები“ უკვე მესამედ დარჩა ოფისის გარეშე. თავდაპირველად სოფლის სკოლის შენობიდან გაუშვეს, შემდეგ მუშაობა სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გააგრძელეს, მაგრამ 2016 წელს შენობა დაიწვა. ახლა კერძო მესაკუთრემ მოსთხოვა შენობის დაცლა.

„სოციალური საწარმო, სადაც დასაქმებულია 10-მდე ქალი, ახალგაზრდები სწავლობენ კულტურული ღონისძიებების მართვას, ხდება ფილმების ჩვენება და კიდევ უამრავი რამ, დავრჩით ღია ცის ქვეშ. რომ განახვათ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ყველაფერი გადმოყრილია, უნდა დავცალოთ და არ ვიცით უკვე, რა გზას დავადგეთ და სად მოვახერხებთ მუშაობის გაგრძელებას“.

სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოები“ 2007 წელს შეიქმნა. საწარმო მიზნად ისახავს სხვადასხვა სოციალური სტატუსის ქალების დასაქმებას და ამ გზით მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.

საწარმოში კერავენ სხვადასხვა სახის ჩანთებს, ქმნიან კომპოზიციურ ტილოებს, ამზადებენ ეროვნულ და თანამედროვე თოჯინებს, ქსოვენ ფარდაგებს, სიმინდის ფუჩეჩით წნავენ ნივთებს, ნაბადს თელავენ და ბუნებრივი საღებავებით ღებავენ.

საწარმოს გაცხადებული მიზანია, ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობა.

სოციალურ საწარმოში ადგილობრივი ქალები არიან დასაქმებული. 2007 წელს შეიქმნა “ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნო“. მიზანია ტრადიციების შენარჩუნება და, იმავდროულად, მისი განვითარება. ადგილობრივმა ქალებმა ხელობის შესწავლის შედეგად მოახერხეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სოციალური საწარმოს მენეჯერი მაია ბიძინაშვილი ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, ეს ადამიანები ახლა უმუშევრები არა პანდემიის, არამედ შენობის უქონლობის გამო დარჩებიან:

„ქალები, რომლებიც ჩვენთან მუდმივად არიან დასაქმებულები, დამიჯერეთ, რომ ოჯახებს ინახავენ. მათთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი სწორედ სოციალური საწარმოდან მიღებული თანხაა“.

სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოების“ მენეჯერი ამბობს, რომ სოფელში ადმინისტრაციული შენობის დაწვის შემდეგ დასახლებაში აღარ არსებობს ფართი, რომელსაც დაიქირავებენ და მუშაობას განაახლებენ, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ საკუთარი შენობის შეძენა ან ახლის აშენება, თუმცა ადმინისტრაციას საამისო ფინანსური შესაძლებლობა არა აქვს და საზოგადოების მხარდაჭერის იმედზეღა არიან.

„პირველი რიგის ამოცანაა, რომ სახლი ვიყიდოთ, თუმცა ჩვენ არანაირი შემოსავალი არ გვაქვს და მხოლოდ გვერდში დგომის იმედი გვაქვს.ალბათ, მივმართავთ სხვადასხვა ხერხს, რომ ხმა მივაწვდინოთ ყველას.სოციალური საწარმო, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეიქმნა საქართველოში და არის წარმატებული, დღეს უკვე არის დაშლის პირას. ახლა, ღია ცის ქვეშ დარჩენილები, მძიმე დღეში ვართ!“.

სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოების“ ადმინისტრაციას ახლა მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. საწარმოში, რომელიც სოფელში მცხოვრები ქალებისთვის, ახალგაზრდებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის შეიქმნა, იმედოვნებენ, რომ 2007 წელს დაწყებული ისტორია 2020 წელს არ დასრულდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG