საგარეჯოში სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობის ნაწილი უცხოურ საინვესტიციო კომპანიას დაუპირისპირდა. მიზეზი ის გზა გახდა, რომლითაც მწყემსებს საქონელი საძოვარზე მიჰყავდათ. საინვესტიციო კომპანიაში ამბობენ, რომ საქონელი მათ საკუთრებაში არსებულ ნარგავებს ანადგურებდა, ამიტომ გზაზე ხნულები გაავლეს. მოსახლეობამ გზა თვითნებურად აღადგინა. მომხდარი ფაქტი ცნობილია ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციისთვის. მოსახლეობა აქციებს აანონსებს. რა გამოსავალი არსებობს?
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ საქონლის გადასარეკი გზის გარეშე დარჩნენ, რადგან უცხოურმა საინვესტიციო კომპანია ”არიკ ჯგუფმა” გზაზე, რომლითაც 9 სოფლის მოსახლეობას საქონელი საძოვრად გადაჰყავდა, თხრილები გაიყვანა და ხალხს სარგებლობა აუკრძალა. იორმუღანლო ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობა-მეცხვარეობას მისდევს. ადგილობრივ კაზანფარ მამედოვის განცხადებით, მწყემსებს ალტერნატიული გზით სარგებლობისას დამატებით 15 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ, რაც მათთვის მიუღებელია:
„იორმუღანლოში ჰყავთ 1 მილიონი ცხვარი, რომლის საძოვრებზე გასასვლელი ერთადერთი გზა არის. დავუშვათ, ეს გზაც იყიდეს, მისი ჩაკეტვის უფლება მაინც არავის აქვს. გლეხკაცს, მწყემსს, რომელიც თავის ფერმაში მიდის, ახლა 15 კილომეტრით მეტის გავლა უწევს. ანუ ერთი დღე გზაში უნდა იყოს, რომ დანიშნულების ადგილზე მივიდეს. ეს ნორმალურია?!“
საინვესტიციო კომპანია ”არიკ ჯგუფი” სოფლის მეურნეობის სფეროში ოპერირებს. კომპანიის იურისტის, თეა იოსავას, თქმით, მათ საკუთრების დაცვის მიზნით თხრილები გაავლეს, რადგან საქონელი ნაკვეთებში გადადიოდა და მოსავალს ანადგურებდა. ”არიკ ჯგუფის” იურისტისავე თქმით, მოსახლეობას გზაზე მხოლოდ საქონლის გატარებას უკრძალავენ, ფეხით და ავტომობილით გავლა კი თავისუფალია.
ეს არის კერძო საკუთრება და მფლობელმა მოითხოვა ასეთი რამ: ფეხით და მანქანით მოსიარულეთათვის არანაირი პრობლემა არ იქნება, გადაადგილდნენო, თუმცა რაც შეეხება საქონელს, ნუ გაატარებენ, რადგან მაქვს ნათესები და ნადგურდებაო...გიორგი ერბოწონაშვილი
„ასეულობით ჰექტარზეა გაშენებული ვენახები, თხილის ბაღები, ფისტა და სხვა მცენარეები. მათ შეგნებულად შემოჰყავთ ცხვარი და საქონელი, რომელიც ვენახს ჭამს და ხეხილის ბაღებს ანადგურებს. ჩვენივე საკუთრების დაცვის მიზნით გავაკეთეთ ეს ორმოები, თუმცა მათ ეს ამოავსეს და გააპროტესტეს, რატომ არ ვუშვებთ ჩვენსავე საკუთრებაში. ადგილობრივ პოლიციას და მუნიციპალიტეტს დავუკავშირდით. ისინი მუშაობენ ამ საკითხის მოგვარებაზე“.
იორმუღანლოს მოსახლეობამ პრობლემის მოგვარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართა. საგარეჯოს მერიაში გვითხრეს, რომ საინვესტიციო კომპანია მოსახლეობას გზაზე ფეხით სიარულს არ უკრძალავს და შეზღუდვა მხოლოდ საქონელს ეხება. მერის, გიორგი ერბოწონაშვილის, თქმით, მოსახლეობა ამ პირობებზე უნდა დათანხმდეს:
„ეს არის კერძო საკუთრება და მფლობელმა მოითხოვა ასეთი რამ: ფეხით და მანქანით მოსიარულეთათვის არანაირი პრობლემა არ იქნება, გადაადგილდნენო, თუმცა რაც შეეხება საქონელს, ნუ გაატარებენ, რადგან მაქვს ნათესები და ნადგურდებაო. გეტყვით, რომ არსებობს ალტერნატიული გზა, სადაც შეიძლება საქონელმა გაიაროს. მე ამ საკითხზე უნდა შევხვდე მეპატრონეს“.
იორმუღანლოს მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ საქონლის გადასარეკი გზა თვითნებურად აღადგინა. მათ თხრილები ამოავსეს. ადგილობრივ კაზანფარ მამედოვის თქმით, თუ მათ გზაზე გადაადგილებას კვლავ აუკრძალავენ, თავადაც არ მისცემენ საინვესტიციო კომპანიას სოფლის გზით სარგებლობის უფლებას.
„გზა ჩვენ უკვე გავხსენით, მაგრამ თუ ისევ ჩაკეტეს, მაშინ მათ ტექნიკას არც ჩვენ გავატარებთ იორმუღანლოს გზებზე და საკუთარ ნაკვეთებში სიარული დაიწყონ სიღნაღიდან, 30 კილომეტრის სიშორიდან. შემდეგ გაიგებენ, ალბათ, ჩვენს გასაჭირს“.
სოფელ იორმუღანლოში იმასაც ამბობენ, რომ თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, საპროტესტო აქციებს დაგეგმავენ. „არკი ჯგუფი“ საგარეჯოში მიწის ნაკვეთებს 2012 წლიდან ფლობს. კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „არიკ ჯგუფი“ არის უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელება 2012 წლიდან დაიწყო. ჯგუფი სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის, ეკო-ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით მუშაობს.