Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასიკვდილო განაჩენი ცოლქმრული ღალატისა და არა მხოლოდ ამისთვის


ირანელი ემიგრანტები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ბრიუსელში. ივნისი, 2023 წელი
ირანელი ემიგრანტები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ბრიუსელში. ივნისი, 2023 წელი

ირანის ისლამური რესპუბლიკა მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება სასჯელის უმაღლესი ზომის - სასიკვდილო განაჩენების გამოტანის და შემდეგ სისრულეში მოყვანის შემთხვევების რაოდენობით.

ნოემბრის პირველ რიცხვებში გავრცელდა ცნობა, რომ ირანში სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ქალს ქმრის ღალატისთვის. ქალს თავისმა ქმარმა უჩივლა პოლიციაში მას მერე, რაც შეიტყო, რომ ცოლი ღალატობდა.

საქმე საქვეყნოდ გახდა ცნობილი 2022 წელს, როცა ქმარმა პოლიციას დასტურად წარუდგინა სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა. კაცი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულს, ადგილობრივი მედიის თანახმად, ასევე გაასამართლეს და გამათრახება მიუსაჯეს.

ქალისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს.

ამ სასიკვდილო განაჩენმა განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია იმის ფონზე, რომ ირანში ბოლო წელს დიდად გაიზარდა სიკვდილით დასჯის შემთხვევები. დამატებით პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ირანის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ისლამურ სამართალს ეფუძნება, ცოლქმრული ღალატის გამო ჩაქოლვას ითვალისწინებს.

ჩემთვისაც კი, როგორც ადვოკატისთვის, რევოლუციური სასამართლოს გარემო შემზარავია, ხოლო საიდ ხადემი მართლაც უდანაშაულო იყო და ცუდი არაფერი ჩაუდენია...
სორა ასყარი-რადი

თუმცა ისლამური ლიდერები არაიშვიათად სიკვდილის დასჯის ალტერნატიულ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას.
სიკვდილმისჯილმა ქალმა, რომელიც სპორტულ მწვრთნელად მუშაობდა, თავისი ქმედება ახსნა მარტოობით, რაც ცნობილი გახდა მედიის საშუალებით ამ საქმის გახმაურების შემდეგ.

კაცმა, რომელიც გამათრახებით დასაჯეს, თქვა, რომ არაფერი იცოდა ქალის ოჯახური მდგომარეობის შესახებ.

რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან საუბარში ნორვეგიაში მცხოვრები ირანელი უფლებადამცველი, „ადამიანის უფლებების“ ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაჰმუდ ამირი მოყადამი გმობს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„საშინელებაა, როცა გაეროს წევრ ქვეყანაში, რომელიც ახლახან ადამიანის უფლებების სოციალური საბჭოს მორიგე თავმჯდომარე იყო, ორმხრივი თანხმობით სექსუალური ურთიერთობის გამო ამგვარ დრაკონულ განაჩენს არა მხოლოდ გამოიტანენ, არამედ სისრულეში მოჰყავთ“, - თქვა მოყადამმა, რომლის თანახმად, ამგვარ განაჩენებს ჩვეულებრივ საზოგადოებრიობას უმალავენ, მაგრამ ისინი ბოლო ხანს მომრავლდა.

ასეთი განაჩენების მიმართ კრიტიკა იმის ნიშანია, რომ ირანში სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა იზრდება. მოყადამი ამ ძალადობისა და ე.წ. ღირსებისთვის მკვლელობისთვის სამართლებრივი დაუსჯელობის ატმოსფეროს გამო ირანის საგამოძიებო სისტემას ადანაშაულებს.

ისლამურ რესპუბლიკაში სასჯელის უმაღლეს ზომას - სიკვდილს უსჯიან ხოლმე ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ პირებს. საქმე ისაა, რომ უფლებადამცავებს ხელში, როგორც წესი, უვარდებათ ამ დანაშაულებრივი სფეროს წვრილფეხობა და სწორედ მათ სჯიან ხოლმე, მათი უფროსები კი დაუსჯელი რჩებიან.

სასტიკია კანონი მათ მიმართ, ვინც რელიგიას - სიწმინდეებს შეურაცხყოფს, ღმერთს დაგმობს ან მსგავს ქმედებაში იქნება შემჩნეული.

ირანში სასამართლო პროცესის დროს გარდაიცვალა იოგას მწვრთნელი საიდ ხადემი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ემუქრებოდა „ისლამის სიწმინდეების წინააღმდეგ პროპაგანდის“ გამო.

საიდ ხადემის ადვოკატმა, სორა ასყარი-რადმა 6 ნოემბერს გამოაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გარდაცვალება და განაცხადა, რომ 61 წლის ხადემი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ასყარი-რადმა სიკვდილი მიაწერა ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესსა და შფოთვას, რომელიც მის კლიენტს ჰქონდა სასამართლო დარბაზში, რადგან, მისი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ისლამური სასჯელაღსრულების კოდექსის მიხედვით, შესაძლოა, სიკვდილით დაესაჯათ.

რევოლუციური სასამართლო, რომელიც ცნობილია დისიდენტებისა და აქტივისტებისადმი მკაცრი მოპყრობით, ასყარი-რადმა აღწერა, როგორც „შიშის ადგილი“ პროფესიონალი იურისტებისთვისაც კი.

„ჩემთვისაც კი, როგორც ადვოკატისთვის, რევოლუციური სასამართლოს გარემო შემზარავია, ხოლო საიდ ხადემი მართლაც უდანაშაულო იყო და ცუდი არაფერი ჩაუდენია“.

ხადემი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო და, რომ მისი, როგორც მედიტაციისა და იოგას ინსტრუქტორის საქმიანობა, ხელისუფლების მიერ არასამართლიანად იყო შეფასებული, როგორც ანტიისლამური.

გასულ წელს ხადემის ერთი თვით დაკავება რევოლუციური გვარდიის სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ, პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ რეჟიმმა ეჭვი შეიტანა მის საქმიანობაში. სასამართლო უწყების საინფორმაციო სააგენტო „მიზანმა“, რომელმაც ხადემის სიკვდილი დაადასტურა, თავი შეიკავა საქმის დეტალების გამოქვეყნებისგან.

ასყარი-რადმა უარყო ყველა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ხადემის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია მისი უეცარი სიკვდილი და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესამდე ის საღ-სალამათი იყო.

წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს ორი კაცი, რომლებსაც ეს განაჩენი გამოუტანეს იმისთვის, რომ სოციალურ მედიას იყენებდნენ „ათეიზმის და რელიგიური და ისლამური სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის“.

ამ განაჩენის აღსრულების შესახებ ცნობა გაავრცელა „მიზანმა“, იურიდიული უწყების ორგანომ 8 მაისს, მაგრამ თარიღი არ დაუზუსტებია.

ისლამურ რესპუბლიკაში სიკვდილის დასჯის შემთხვევების რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა შარშან სექტემბრის შემდეგ, როცა მასობრივი საპროტესტო და ანტისამთავრობო გამოსვლები გაიშალა მთელ ირანში ახალგაზრდა ირანელი ქურთი ქალის მაჰსა ამინის სიკვდილის გამო.

22 წლის ამინი „მორალის პოლიციამ“ დააკავა ისლამური თავსაბურავის არასწორად ტარების გამო და სულ მალე, იგი საპატიმროში გარდაიცვალა.


2023 წელს შვიდ ადამიანს, ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა სხვადასხვა მუხლით და განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.

Amnesty International-ი ამბობს, რომ თეირანი ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტ ადამიანს სჯის სიკვდილით.
ირანში უკვე ათწლეულებია სასჯელის უმაღლესი ზომის გამოტანა და მისი აღსრულება მიღებული პრაქტიკაა.


ამის ფონზე ირანის საზოგადოება სულ უფრო აქტიურად იმაღლებს ხმას სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების აქტივისტები სასჯელის ამ ფორმის წინააღმდეგ იბრძვიან როგორც პოლიტიკური, ასევე არაპოლიტიკური საქმეების შემთხვევაში. 2023 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ნარგეს მოჰამადი სხვა უფლებადამცავებთან ერთად წლებია უკვე აქტიურად იბრძვის სასჯელის უმაღლესი ზომის წინააღმდეგ ირანში. მათ საპროტესტო კამპანიას - „უარი სიკვდილით დასჯას“, ბევრი თანამოაზრე გაუჩნდა, თუმცა მას მთავრობა ახშობდა.

ნარგეს მოჰამადი. წარწერა ხელისგულზე: „არა სიკვდილით დასჯას“
ნარგეს მოჰამადი. წარწერა ხელისგულზე: „არა სიკვდილით დასჯას“

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სამოქალაქო უფლებების კიდევ ერთი ფრონტი არსებობს: ზოგიერთი დანაშაულისთვის, როგორიცაა მკვლელობა, გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა, რომელიც შეიძლება მოითხოვოს მსხვერპლის ოჯახმა.

აქტივისტები ცდილობენ ხოლმე მსხვერპლის ოჯახების დარწმუნებას, აპატიონ დანაშაულის ჩამდენს ან მიიღონ „სისხლის ფული“, რათა ადამიანები სასჯელისგან იხსნან.


ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცავი ჯგუფის სტატისტიკის თანახმად, 624 სიკვდილმისჯილს აპატიეს მსხვერპლის ოჯახებმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა 2 ნოემბრის ანგარიშში განაცხადა, რომ ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევები „საგანგაშო რაოდენობას“ აღწევს.

ნორვეგიაში მოქმედი უფლებადამცავი ჯგუფის, ირანის „ადამიანის უფლებების“ ორგანიზაციის თანახმად, 2022 წლის მონაცემები 75 პროცენტით აღემატება წინა წლისას და 582-ს უდრის.

2023 წელს ამ ქვეყანაში 619 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

2010 წლის შემდეგ კი, ირანში სიკვდილით დასჯილთა რიცხვი რამდენიმე ათასია.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG