(1983, ” la nave va”, And the Ship Sails On, რეჟისორი ფედერიკო ფელინი)
მასტროიანი-გვიდო მიმართავს მოხუც კარდინალს:
”-თქვენო ბრწყინვალებავ, უბედური ვარ”
-რატომ უნდა იყო ბედნიერი? - უპასუხებს კარდინალი - ვინ გითხრა, რომ ადამიანი ამქვეყნად ბედნიერი უნდა იყოს?”
ფელინი ”რვანახევარი”
20 იანვარს 100 წელი გავა ფედერიკო ფელინის დაბადებიდან. მსოფლიოს კინოს მუზეუმებმა უკვე დაიწყეს დიდი მაესტროს ფილმების განმეორებით ჩვენება, იტალიაში აღადგინეს ”გზა”, ”კაბირიას ღამეები”, ”ტკბილი ცხოვრება”, ”რვანახევარი”, ”ამარკორდი”. ვფიქრობ, ისტორია ოდნავ უსამართლოდ მოექცა ფედერიკო ფელინის სხვა ფილმებს - ”დედიკოს ბიჭებს”, ”ორკესტრის რეპეტიციას”, ”კლოუნებს”... და განსაკუთრებით გვიანდელი ფელინის საუკეთესო სურათს ”და გემი მიცურავს”. ამ შედევრის დავიწყება როგორ იქნებოდა?ვფიქრობ, ფელინის ბიოგრაფიული რომანის ავტორისთვის ტექსტის შედგენა გაადვილდებოდა ”გემი მიცურავს” მაესტროს უკანასკნელი ფილმი რომ ყოფილიყო. ასე არ მოხდა. ფედერიკომ კიდევ 3 სრულმეტრაჟიანი სურათის გადაღება მოასწრო, მაგრამ სწორედ ”გემი მიცურავს” აღიქმება დღეს ფელინის ერთგვარ ავტორექვიემად, მის ყველაზე პესიმისტურ განაცხადად კულტურის უუნარიანობაზე, ყველა ხელოვანის ფუჭ სურვილზე, რაღაც მაინც შეცვალოს ამ სამყაროში.
”და გემი მიცურავს” თავის დროზე საბჭოთა ეკრანებზეც გავიდა. მახსოვს, როგორც დავცხეთ ”ვისკონტისტებმა” მაშინ ფილმის თაყვანისმცემლებს და საერთოდ, ”ფელინისტებს”; იტალიაშიც და ჩვენთანაც, ”გემი” ბევრმა აღიქვა იტალიურ კინოში ფელინის მთავარი კონკურენტის, მთავარი ოპონენტის ლუკინო ვისკონტის ფილმების პაროდიად, ვისკონტის ”ოპერული სტილის” გაშარჟებად.
განსხვავებით იგივე ვისკონტისგან, ფელინის შემოქმედება ”ისტორიზმით”არასდროს გამოირჩეოდა. ისტორიის დიალექტიკა მას არ აინტერესებს მაშინაც კი, როცა იღებს თავის სახელგანთქმულ ფილმებს ”რომი”, ”კაზანოვა”, ”სატირიკონი”. აქ წარსული, კონკრეტული დროის ფაქტურა მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმა წარმოჩინდება ამოუწურავი ფანტაზიით აღსავსე ავტორის, , ფედერიკო ფელინის ფანტასმაგორიული სამყარო. ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ ფელინისთვის აბსოლუტურად სულ ერთია, სად და როდის ვითარდება ფილმის მოქმედება. ფელინი არასდროს მალავს, რომ რის შესახებაც არ უნდა გვიამბობდეს, თითქმის ყოვლთვის ქმნის ”საკუთარ ხილვას”, სამყაროს, რომელშიც დაუფარავად გამოიხატება მისი კომპლექსები, შიშები, ილუზიები.
არადა ”გემში” თითქოს ყველაფერი კონკრეტულ დროში ვითარდება. სახელგანთქმული მომღერალი ედმეა ტეტუა თავის მეგობრებს უტოვებს ანდარძს, რომელშიც სთხოვს მიმოფანტონ მისი ნეშტი იმ კუნძულის ნაპირზე, რომელზეც დაიბადა. ამ ანდერძის შესასრულებლად კომფორტული ხომალდით ”გლორია.ნ” კუნძულზე გარდაცვლილი მომღერლის მეგობრები, ნათესავები და კოლეგები მიემგზავრებიან. გზაში გემზე სერბი ლტოლვილები ამოდიან. მათ ქვეყანაში ომი იწყება. პირველი მსოფლიო ომი იწყება.
გაგახსენებთ, რომ მეოცე საუკუნის ათიანი წლები იტალიური ოპერის ხელახალი აღორძინებით ხასიათდებოდა. სწორედ ამ დროს გაჩნდნენ ”ახალი ხმები”, რომელთაც მთელი მსოფლიო ეტრფოდა. ვისკონტიმ ფილმში ”გრძნობა”, ააგო რა ფილმის სახელგანთქმული პროლოგი ვერდის ”ტრუბადურზე”, გაგვახსენა, რომ ოპერას ვერდის ეპოქაშო ადამიანთა გაერთიანება შეეძლო, რადგან ეს იყო მართლაც რომ ხალხური ხელოვნება. ფილმში ”და გემი მიცურავს” ოპერა ამ როლს ვეღარ ასრულებს. კულტურა უბრალო ტექნიკას, მხოლოდ და მხოლოდ თვითდამკვიდრების საშუალებად იცევა. ამ შემთხვევაში კი კულტურა (მოდერნი) სრულიად გაუცხოებულია ხალხისგან, თავის თავში ჩაკეტილი. ამიტომ ბუნებრივია, რომ საოპერო მუსიკა ადამიანთა გრძნობებს კი არ გამოხატავს, არამედ ხმის ტექნიკის დემონსტრაციად იქცევა. კულტურა - შეჯიბრს, სპორტს ემსგავსება (ფელინი ფილმს მაშინ იღებდა, როცა სატელევიზიო ეთერშიყველაზე რეიტინგული ხდებოდა სიმღერის კონკურსები, ჟიურის წევრებით, რომელთაც პირდაპირ ევალებოდათ გადაცემის რეიტინგის აწევის მიზნით ახალგაზრდა მომღერლების დამცირება)... ვინც უფრო მაღალ ნოტს აიღებს, ის გაიმარჯვებს კიდეც. მოდერნის ეპოქა, რომელიც ფელინისთვის უჩვეულოდ კონკრეტულადაა გამოხატული - ამ სტილის ავეჯი, ტანსაცმელი, მუსიკალური შლიაგერები, რეჟისორისთვისკულტურის კრიზისის უკანასკნელი გამოვლინება ხდება. ამის იქით სიცარიელეა, უნაყოფობაა. ხელოვნება ვეღარაფერს უშველის ამ სამყაროს. ის აღარავის ჭირდება. დღეს თუ არა ხვალ მაინც, ყველაფერი ჩაიძირება, ფსკერზე დაეშვება.
ფელინი, მოგეხსენებათ, თავის ფილმებში ხშირად გამოხატავს ხოლმე დღესასწაულს, კარნავალს. შემდეგ კი ამ დღესასწაულის დასრულებას - არეულ სუფრას, ჭუჭყიან ჭურჭელს, ძირს დაყრილ ბოთლებს. ”მეორე დილის” სევდა განსაკუთრებით საგრძნობია, როცა ძალიან ხმაურიან, ძალიან მხიარულ კარნავალს მოყვება ხოლმე. გვიანდელ ფელინის უყვარს დღესასწაულის გადაჭარბება, უტრირება, საგანგებოდ შერჩეული გროტესკული, სასაცილო პერსონაჟები, თითქოს მხოლოდ იმიტომ, რომ გააზვიადოს ეს კარნავალი, შემდეგ კი გააზვიადოს ის სიცარიელე და მოწყენილობა, რომელიც ნაძალადევად მოწყობილ დღესასწაულს მოყვება ხოლმე. ფილმში ”და გემი მიცურავს” ფელინი სწორედ ზედმეტად გახანგრძლივებული კარნავალის მეტაფორას ქმნის. აქ არა მარტო გემის ”ზედა ნაწილია” გარიყული ”ქვედასგან”, არამედ კულტურაა გარიყული სტიქიისგან, ისტორიისგან. ამიტომაც ასეთი კულტურა - უსიცოცხლო კულტურა, დაუყონებლივ იქცევა სტიქიის მსხვერპლად - მას ტალღები წალეკავს.
რამდენიმე წლის წინ იმხანად კონსერვატორიის რექტორმა მანანა დოიჯაშვილმა მითხრა კონსერვატორიაში საგუნდოზე სწავლა არავის უნდა, ყველა სოლისტობაზე ოცნებობსო. ჯერ ვიფიქრე, ქართული ამბავია მეთქი, მერე კი გვიანდელი ფელინის კიდევ ერთი შედევრი, ”ორკესტრის რეპეტიცია” გამახსენდა, ფილმი, რომელიც ერთგვარი ესკიზია ”გემისთვის”, თავისებური წინათქმა, გადაღებული ”გემამდე” რამდენიმე წლით ადრე. უკვე იქ ფელინი აღიარებს, რომ ჩვენს დროში, ინდივიდუალიზმის გაკერპების დროში, მუსიკალური ჰარმონიის შექმნა შეუძლებელია. თუკი რა თქმა უნდა დირიჟორი-დიქტატორი არ მოგვევლინა, რომელიც უბრალოდ დაგვაძალებს დავემორჩილოთ წესებს. ”ორკესტრის რეპეტიციაში”ნაჩვენებია საშიშროება, რომელიც ემუქრებოდა მომხარებელ საზოგადოებას, უღმერთოდ და უჰარმონიოდ დარჩენილ სამყაროს.”და გემი მიცურავს” უკვე აპოკალიფსია. ოღონდ არა პათეთიკური ორატორია, როგორსაც, ლარს ფონ ტრიერი, ან თუნდაც ტერენს მალიკი გადაიღებდა, არამედ ერთდროულად მხიარული და სევდიანი, ”ნეობაროკოს სტილში” გადაღებული სანახაობა”. კაცობრიობა რაც არსებობს, სულ აპოკალიფსის მოლოდინშია. ზოგჯერ ეს მოლოდინი იმდენად ძლიერია, რომ კაცობრიობა თავად ”აპროგრამებს” წარღვნას, თავად იწვევს მას. აგერ საქართველოს პატრიარქმა იმ დღეს, საერთოდ, ბრძანა, შესაძლებელია მეორედ მოსვლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩაო. მაგრამ ეს ოხერი აპოკალიფსი მაინც არ ხდება. არანაირად არ დადგა აღსასრული. სიცოცხლე გრძელდება!
ცხადია, სასაცილოები ვართ სამყაროს დასასრულის მოლოდინში ამ ჩვენი ”კარდინალებით”. მოწყენილი ცხოვრება ძლიერ ვნებებს მოითხოვს, კარნავალს მოითხოვს. ეგაა, რომ კარნავალს და თრობას აუცილებალდ მოყვება სიცარიელის განცდა და თავის ტკივილი.