Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აუდიტის ანგარიშის განხილვას ითხოვს


რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე, 13 მარტს, განსახილველად გამოიტანოს რუსთავის თვითმმართველობის 2016-2017 წლების საბიუჯეტო საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა და რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ალექსანდრე ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „დარღვევების მასშტაბი ძალიან დიდია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული მშენებლობის სფეროში“.

მიუხედავად სახელშეკრულებო პირობების დარღვევისა, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელი ორგანიზაციები არ დააჯარიმა. ამასთანავე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მიმწოდებლის მოთხოვნით ობიექტის მიწოდების ვადები ზოგჯერ გაზრდილია სათანადო დასაბუთების გარეშე...
აუდიტის დასკვნა

„აუდიტის ბოლო ანგარიშზე არანაკლებ მწვავე იყო 2014-2015 წლის აუდიტის დასკვნა, მაგრამ პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. ამასობაში კი, 2014-დან 2019 წლამდე ვიღაცას კვლავ უწევსცუდ გზებზე სიარული, ვერ იღებს საბავშვო ბაღში ნორმალურ სერვისს. [ხელისუფლებას]გამამართლებელ საბუთად ის მოჰყავს, რომ გამოუცდელები არიან. თუ გამოუცდელობით მოსდით, მათი პრობლემაა. თუ სპეციალურად კეთდება, ესეც მათი პრობლემაა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე ბერიძემ. მისივ თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, უმეტეს შემთხვევაში, ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებენ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაკვეთებს დარღვევით ასრულებენ ხოლმე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის ანგარიშში მოყვანილია ბევრი ფაქტი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეუსრულებლობის ან დარღვევებით შესრულებისა. აუდიტი ასევე აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში, ხშირ შემთხვევაში, შემსრულებელ კომპანიებს პირგასამტეხლო არ ეკისრებოდათ. კერძოდ, აუდიტის დასკვნაში წერია: „მუნიციპალიტეტის და მიმწოდებლის წარმომადგენლების მიერ სამუშაოს დასრულების თარიღი დადასტურებულია შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა №2) ხელმოწერით და თარიღის მითითებით. სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, სამუშაოს დასრულების დადასტურებული თარიღის შემდეგ ობიექტებზე კვლავ ხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. მიუხედავად სახელშეკრულებო პირობების დარღვევისა, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელი ორგანიზაციები არ დააჯარიმა. ამასთანავე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მიმწოდებლის მოთხოვნით ობიექტის მიწოდების ვადები ზოგჯერ გაზრდილია სათანადო დასაბუთების გარეშე“.

აუდიტის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში აუთვისებელი რჩებოდა ასიათასობით ლარი, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებული იყო შესაბამის სერვისს.

რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ლევან კავთიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა პროკურატურისთვის გადასაგზავნი არ იყო. მისი თქმით, მერია იზიარებს რიგ შენიშვნებს და რეკომენდაციებს, თუმცა შემსრულებელ კომპანიებთან თვითმმართველობის გარიგებაზე საუბარი სრულიად უადგილოა.

ლევან კავთიაშვილი
ლევან კავთიაშვილი

„დოკუმენტურად დადასტურებული გვაქვს, რომ კანონის შესაბამისად ხდებოდა სამუშაოების გადავადება და შესრულება. რაც შეეხება ჯარიმებს, სამუშაოების დაუსაბუთებლად შეფერხებისთვის არავისთან წავსულვართ დათმობებზე, ამას კანონმდებლობა გვიკრძალავს. აუდიტის საანგარიშო პერიოდში მარტო ჯარიმებიდან 228 ათასი ლარი დაეკისრა შემსრულებელ კომპანიებს“, თქვა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა.

მისივე თქმით, არც ერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც 2016-2017 წელს თვითმმართველობამ დაიწყო, დაუსრულებელი არ დარჩა, თუმცა რამდენიმე ვადაგადაცილებით, ისიც ობიექტური მიზეზის გამო, 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდა.

ლევან კავთიაშვილმა დასძინა ასევე, რომ 2018 წელს რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტის დარღვევებით მშენებლობისთვის შემსრულებელ კომპანიებს 300 ათას ლარზე მეტი დაეკისრათ და დღესაც გრძელდება ამ კომპანიებზე პირგასამტეხლოს დარიცხვა. მათ შორისაა მშვიდობის ქუჩა, რომელიც დღემდე დაუსრულებელია. გასულ წელს მერიას აუთვისებელი დარჩა დაახლოებით 5 მილიონი ლარი, რომელიც გამოიყო ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა თქვა, რომ მიმდინარე წელს დაახლოებით 18 მილიონი ლარის ოდენობის სამუშაოები უნდა შესრულდეს, მათ შორის არის ის 5 მილიონიც, რომელიც გასულ წელს ნაშთის სახით დარჩათ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG