„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ არჩევნების გაყალბების ნიშნების გამო კვლავაც მოითხოვს მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 49-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საკითხს წინა პლანზე წამოწევს საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვის დროს. პარალელურად, მიმდინარეობს 59-ე უბანთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა. კანონმდებლობით, საოლქო კომისიებმა საჩივრები არჩევნების ჩატარებიდან 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ.
28 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის ყიზილაჯლოს 49-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში საიამ მოითხოვა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა და შედეგების გაუქმება „მწვავე და სერიოზული დარღვევების“ გამო, თუმცა საარჩევნო პროცესი მაინც გაგრძელდა.
„ამ უბანზე მთელი რიგი დარღვევები მოხდა. ვაფიქსირებდით შემთხვევებს, როცა უკვე მარკირებული პირები ცდილობდნენ უბანზე შესვლას და მას შემდეგ, რაც ესა თუ ის დამკვირვებელი აღმოაჩენდა დარღვევებს, საარჩევნო უბნის ადმინისტრაცია მათ ატოვებინებდა უბანს. იყო შემთხვევა, როდესაც ამ უბანზე ერთი და იმავე ადამიანმა ორჯერ მისცა ხმა. ჩვენ ამის ამსახველი ფოტოებიც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ 49-ე საარჩევნო უბანზე შედეგები გაბათილდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) დამკვირვებელთა კოორდინატორმა მარნეულში, გვანცა საკანელაშვილმა.
საკანელაშვილის თქმით, ცალკე საჩივარია დაწერილი იმის გამო, რომ 49-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ სრულფასოვანი მუშაობის საშუალება - „საარჩევნო კომისიის წევრები მათ მიმართ ავლენდნენ აგრესიას.“ საიამ არჩევნების დღეს გარდაბანსა და მარნეულში სულ 24 საჩივარი დაწერა. 49-ე უბნის გარდა, თვალსაჩინო დარღვევები გამოვლინდა მარნეულის 48-ე, 55-ე და 65-ე საარჩევნო უბნებზე.
საიას ინფორმაციით, გრძელდება შესწავლის პროცესი მარნეულის რაიონის სოფელ იმირის 59-ე უბნის ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრალი დასდეს პოლიციასა და საარჩევნო უბნის ხელმძღვანელებს შემაჯამებელი ოქმის გატაცებაში. ამის გამო, 28 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებმა სოფელ იმირში საპროტესტო აქციაც გამართეს. მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.
„ადგილზეც ვიყავით, გავესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ. ვესაუბრეთ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თუმცა ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ გავსაუბრებოდით 59-ე საარჩევნო უბნის კომისიის ხელმძღვანელებს. ჩვენ ვთხოვეთ საოლქო საარჩევნო კომისიას მათი საკონტაქტო ნომრები, თუმცა კომისიამ ამ დრომდე არ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. 30 ნოემბერს ისევ შევეცდებით, რომ მოვიპოვოთ ამ ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გვანცა საკანელაშვილმა.