Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სავანე“ მიწაზე და უმიწოდ - ქუთაისის ბულვარის ნაწილი სადავო გახდა


ქუთაისში ქალაქის დღესასწაულზე, რომელიც 2 მაისს აღინიშნება, მერიასთან ბამბუკების მიტანას და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას აპირებენ ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანის“ მფლობელები. ისინი მერიას ქონების წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ. კაფე „სავანე“ რამდენიმე დღეა დაკეტილია, შენობა ლენტითაა შემოსაზღვრული და შუშის კედელზე გამოკრულია ქართული და ინგლისურენოვანი წარწერები: „SOS - გვართმევენ!”

პლაკატებზე გამოსახულნი არიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მისი მოადგილე იუზა უგულავა, მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე.

ქუთაისის ბულვარში კაფე „სავანე“ კვების ერთადერთი ობიექტია. მის ადგილზე გასული საუკუნის 90-იან წლებში ბამბუკებით შეკრული ღია სანაყინე იყო, რომელიც სეზონურად მუშაობდა. ამჟამად კაფეს ერთსართულიანი შენობა ნაწილობრივ შუშისაა, ყველა სეზონზე მუშაობს და მას ხშირად სტუმრობენ ქალაქის მცხოვრებნი და უცხოელი ტურისტები. კაფე „სავანეს“ ფლობს კერძო საწარმო „ნიკოლო“, რომელსაც სამი მოწილე ჰყავს. 25 %-იანი წილის მფლობელი ირაკლი ტურაბელიძე ამბობს, რომ მისმა ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც „სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს. სააპელაციო სასამართლომ მერიასთან მორიგება შესთავაზა. ირაკლი ტურაბელიძის განცხადებით, მერია მეპატრონეებისგან მოითხოვს კუთვნილი ქონების იჯარით აღებას:

„გვთავაზობენ ჩვენს ქონებაში იჯარის თანხა გადავიხადოთ. 2012 წელს აზომვითი ნახაზის გაყალბებით დაარეგისტრირა მერიამ ბულვარი და საკადასტრო რუკიდან გაქრა კაპიტალური შენობა, რომელიც 1995 წელს აიგო, მანამდე 1973 წლიდან ბამბუკის იყო“.

აპელაციაში მოსამართლემ მოგვიწოდა შევუთანხმდეთ მერიას და ჩვენივე ქონება იჯარით ავიღოთ...
გიორგი ტურაბელიძე

ირაკლი ტურაბელიძე ამბობს, რომ მერიასთან მოლაპარაკებას არ აპირებს და თვითმმართველობის მაღალჩინოსნებს მოუწოდებს არ დაარღვიონ კერძო მესაკუთრეთა უფლებები. ქუთაისის მერიასთან მოლაპარაკებას გამორიცხავს კაფეს 25%-იანი წილის კიდევ ერთი მფლობელი, გიორგი ტურაბელიძე. მისი განცხადებით, თუ იჯარას არ გადაიხდიან, მერიის მაღალი თანამდებობის პირები ობიექტის ჩამორთმევით იმუქრებიან:

„აპელაციაში მოსამართლემ მოგვიწოდა შევუთანხმდეთ მერიას და ჩვენივე ქონება იჯარით ავიღოთ. პირადად შევხვდი მერს, მის მოადგილეს, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, იურისტს და ესენი აცხადებენ, რომ გამოგვასახლებენ“.

90-იანი წლებიდან მოყოლებული სარგებლობენ კაფეს ქვეშ არსებული სკვერის ნაწილით ისე, რომ ბიუჯეტში არაფერი აქვთ გადახდილი. ჩვენ ვთხოვთ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს და კაფეს ქვეშ არსებული ბულვარის ნაწილი...
ირაკლი გიორგაძე

ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგაძის, განმარტებით, მერია „სავანის“ მფლობელებისგან ითხოვს მხოლოდ ობიექტის კანონიერად ფუნქციონირებას. გიორგაძის ინფორმაციით, კაფეს მფლობელებმა სასამართლოს ჯერ კიდევ 2000 წელს მიმართეს და ბულვარის ტერიტორიის ნაწილის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვეს, რაც არ დააკმაყოფილა სასამართლოს სამმა ინსტანციამ. ირაკლი გიორგაძის თქმით, „სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს იმავე თხოვნით ორი წლის წინაც მიმართეს და ამჟამად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. ირაკლი გიორგაძის განცხადებით, ქალაქის ცენტრალური ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ნაწილის საკუთრებაში გადაცემა დაუშვებელია:

„90-იანი წლებიდან მოყოლებული სარგებლობენ კაფეს ქვეშ არსებული სკვერის ნაწილით ისე, რომ ბიუჯეტში არაფერი აქვთ გადახდილი. ჩვენ ვთხოვთ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს და კაფეს ქვეშ არსებული ბულვარის ნაწილი გადაეცეს აღნაგობის ან იჯარის, ან სარგებლობის სხვა ფორმით. მერია არ ედავება, თვითონ შეიტანეს განმეორებით სასამართლოში სარჩელი. ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც განუსხვისებელი ქონებაა და მისი გაყიდვა ან საკუთრებაშ გადაცემა მესამე პირისთვის კანონით აკრძალულია“.

კაფე "სავანე"
კაფე "სავანე"

​თავის მხრივ, ბულვარში განთავსებული კაფე „სავანის“ მფლობელები აცხადებენ, რომ 23 წლის წინ, როდესაც ბამბუკის სანაყინე შეიძინეს, არ არსებობდა კანონი მიწისა და მასზე არსებული ნაგებობის განცალკევების შესახებ. მფლობელების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კაფეს დაკეტვა ფინანსურად აზარალებთ, ცდილობენ საზოგადოების ყურადღება ამ ფორმით მიიპყრონ.

XS
SM
MD
LG