Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერებათა აკადემია - "საბჭოთა სისტემის" აღდგენა თუ "პასუხი ახალ გამოწვევებს"?


მეცნიერებათა აკადემია - ფოტოილუსტრაცია
მეცნიერებათა აკადემია - ფოტოილუსტრაცია

ივნისში პარლამენტმა შეცვალა კანონი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ და აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების არჩევნები, რომელიც 2009 წლიდან იყო გაუქმებული, ისევ დაუშვა. ცვლილება „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო.

„აუცილებელია უმოკლეს ვადებში აკადემიის რიგების შევსება ახალი სამეცნიერო ძალებით...მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში ყალიბდება ახალი მიმართულებები. ამ გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია აკადემიამ შესაბამის დარგებში დროულად აირჩიოს ავტორიტეტული მეცნიერები“, - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

წესდების თანახმად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია "არის საერთაშორისო მნიშვნელობის მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება, რომელიც არის მემკვიდრე და ტრადიციების გამგრძელებელი უძველესი ქართული განათლებისა და სულიერების კერების – გელათისა და იყალთოს აკადემიებისა. იგი არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი".

აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსი) მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1600 ლარი ენიშნება (დღეს აქვთ 2300 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან, წევრ-კორესპონდენტს - 1000 ლარი. სტიპენდიატი ხუთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ლარს იღებს.

ახალი წევრები მეცნიერებათა აკადემიას ბოლო 15 წელია არ აურჩევია.

პარლამენტარმა რომან გოცირიძემ აკადემიის სისტემის რეაბილიტაციის მცდელობა „შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნებად“ შეაფასა.

,,პარლამენტის სამმა წევრმა, გივი მიქანაძემ, გიორგი სოსიაშვილმა და გიორგი კიკაბიძემ, რა თქმა უნდა, ვიღაცების დავალებით და ვიღაცებისთვის, პარლამენტში დაჩქარებული წესით, - სად ეჩქარებათ, რომ ვერ გაგვიგია, - გადაწყვიტა მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის დრომოჭმული საბჭოთა სისტემის აღდგენა“, - უთხრა გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

რომან გოცირიძე ჯერ კიდევ შარშან ამბობდა, რომ აკადემია „უფუნქციო დაწესებულებად“ იქცა და რეფორმაა ჩასატარებელი. დაფინანსება, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, მეცნიერების ნაცვლად ბიუროკრატიაზე იხარჯება. რეფორმებში პარლამენტარი პირველ რიგში თვითდაფინანსებაზე გადასვლას გულისხმობს:

„მაგალითად, აკადემიის აპარატის შრომის ანაზღაურების ფონდი 2024 წლისათვის იზრდება 259 ათასი ლარით და მთლიანი აკადემიის ბიუჯეტი შეადგენს 4,8 მლნ ლარს. 2016 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებამ, ჯამში, 37 მლნ ლარი შეადგინა“, - თქვა მან 2023 წლის ოქტომბერში.

პოლიტიკური ლოიალობა

ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ აკადემიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2022 წელს 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. აქედან 2 მილიონზე მეტი შრომის ანაზღაურებაზე დახარჯა.

„საბჭოთა ხელისუფლებას ძალიან უჭირდა უნივერსიტეტებთან გამკლავება. დაშალეს თბილისის უნივერსიტეტი, გადააკეთეს, გადმოაკეთეს, მაინც ვერ დაიმორჩილეს.

ბოლოს გადაწყვიტეს, დაესუსტებინათ, მეცნიერება და სწავლება გაყვეს. შეიქმნა მეცნიერებათა აკადემია.

კარგი მეცნიერები აკადემიაში წაიყვანეს, უნივერსიტეტში კი მხოლოდ სწავლება დატოვეს. თანამედროვე მიდგომით ეს გამორიცხულია, - ამბობს გიგი თევზაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, - ახლა აკადემია რეალურად არაფერს აკეთებს. ფაქტობრივად კლუბია, რომელიც ამბობს, რომ „აი, ყველაზე მაგარი ხალხი აქ ვართ“. ამ დროს აკადემიის მიღმა მყოფ მეცნიერებს გაცილებით მაღალი კვლევითი რეიტინგი აქვთ.

აკადემიაში პოლიტიკურად ლოიალური ხალხია შეკრებილი. ყველამ იცის, რომ იქ მოხვედრა პოლიტიკურ ნიშნით გაერთიანებას ნიშნავს“.

ლადო პაპავა
ლადო პაპავა

"სიკვდილს ხომ არ უსურვებ, რომ ვაკანსია გაჩნდეს?!"

აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ლადო პაპავას განმარტებით, საქართველოს აკადემიის ტრადიციულად ორსაფეხურიანი იყო: „მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ანუ აკადემიკოსი და წევრ-კორესპონდენტი. წევრ-კორესპონდენტს (პირველი საფეხური) ამ წოდების მისაღებად მეცნიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი, აკადემიკოსის წვლილი კი საერთაშორისო დონეზე უნდა იყოს აღიარებული.

ასე წევრ-კორესპონდენტს სტიმული ეძლევა, უფრო განავითაროს თავისი კვლევითი საქმიანობა და შემდეგ აკადემიკოსი გახდეს - ამბობს პაპავა.

წევრ-კორესპონდენტის არჩევნების გაუქმების შემდეგ [2009 წელი - რ.თ.], აკადემიაში მხოლოდ 10 წევრ-კორესპონდენტი შემორჩა, აკადემიკოსი 68 გვყავს, ანუ 2 ვაკანსიაა [კანონით, აკადემიკოსთა რაოდენობა 70-ს არ უნდა აღემატებოდეს - რ.თ].

2013 წელს კანონი შეიცვალა. დაემატა აკადემიის სტიპენდიატი. სტიპენდიატს გამორჩეული სამეცნიერო შედეგები უნდა ჰქონდეს და 50 წლამდე ასაკის უნდა იყოს. სტიპენდია 5 წლით გაიცემა.

ლადო პაპავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ცვლილების შემდეგ ბევრი ახალგაზრდა გახდა სტიპენდიატი, მაგრამ აკადემიკოსად გახდომის შანსი მათ ნაკლებად აქვთ, რადგან ეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. "სიკვდილს ხომ არ უსურვებ, რომ ვაკანსია გაჩნდეს?!"

ამიტომ აკადემიის ხელმძღვანელობამ შარშან გადაწყვიტა, 40 სტიპენდიატიდან 10 სტიპენდიატად დარჩეს და 30 წევრ-კორესპონდენტად გადაკეთდეს. წევრ-კორესპონდენტს ასაკობრივი შეზღუდვა არა აქვს. ეს არც დამატებით ხარჯს არ გამოიწვევს - ვინაიდან როგორც სტიპენდიანტის, ისე წევრ-კორესპოდენტის ანაზღაურება თანაბარია - 1000 ლარი.

დღეს აკადემია ფინანსდება ბიუჯეტიდან, თუმცა ბევრ ქვეყანაში აკადემიკოსი თავად იხდის საწევროს. ეს უფრო სამართლიანი არ არის? - ჰკითხა რადიო თავისუფლებამ ლადო პაპავას.

ლადო პაპავა: გააჩნია როგორი აკადემიაა. ამერიკული აკადემიები კერძო ინსტიტუციებზე არის დაფუძნებული. მე რამდენიმე აკადემიამ შემომთავაზა, გადამეხადა და გავწევრიანებულიყავი. შედარებით ახალგაზრდა ამას ვაკეთებდი კიდეც, დღეს აღარ, რადგან სხვა ამბიცია გამიჩნდა. თუ ვინმეს უნდა ჩემი არჩევა, საწევროს გარეშე ამირჩიოს.

აკადემიკოსი ან წევრ-კორესპონდენტი ასაკში გარკვეული ფინანსური პაკეტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ლექციებზე სირბილი არ უნდა უწევდეს. აკადემიკოსს შესაძლოა ლექციების წაკითხვა აღარ შეეძლოს, მაგრამ კარგ მკვლევრად და კონსულტანტად დარჩეს. დღეს მეცნიერება არ არის საკმარისად დაფასებული, ხელფასები დაბალია.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ლექციები ხომ არ არის ერთადერთი შემოსავალი. თუ მეცნიერს შეუძლია კვლევა, კონსულტირება, ჰონორარსაც აიღებს. არსებობს პენსიაც.

ლადო პაპავა: რა თქმა უნდა. ეს ეხება არა ყველა მეცნიერს, არამედ გამორჩეულს, რომ მას აკადემიური თავისუფლება ჰქონდეს, შესაბამისად დაფასდეს. ამასთან, ახალგაზრდა მეცნიერისთვისაც სტიმულია.

რადიო თავისუფლება: ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მხოლოდ საწევროებსა და შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება თუ ისიც შესაძლებელია, რომ კვლევისთვის საჭირო აპარატურა, ლაბორატორია შეიძინოთ?

ლადო პაპავა: არა, სამწუხაროდ. აკადემია განირჩევა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებისგან, სადაც კვლევები მიმდინარეობს. აკადემია არის პლატფორმა, სადაც ამ კვლევების პრეზენტაცია ხდება.

- რადიო თავისუფლება: და ამისთვის აწყობთ სემინარებს, კონფერენციებს, პრეზენტაციებს?

ლადო პაპავა: დღე არ გავა, ჩვენთან ღონისძიება არ ჩატარდეს. მოდიან მეცნიერები და თავიანთ მოხსენებებს წარმოადგენენ.

მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობასა და ღონისძიებებზე უფრო დაწვრილებით ინფორმაცია მისსავე ვებგვერდზე იძებნება. მაგალითად, აკადემიის წლევანდელი სიახლეებია მოქანდაკე ზურაბ წერეთლის იუბილე; აკადემიკოს გურამ ხარატიშვილის იუბილე; თურქმენეთის ელჩის ვიზიტი; ყაზახეთის ელჩის ვიზიტი; დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა; მემორანდუმის გაფორმება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან; განათლების მინისტრთან შეხვედრა; აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ასაფ გაჯიევის ვიზიტი; პროფესორ გიორგი ძიძარიას იუბილე; აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის იუბილე; გამოჩენილი მეცნიერების დაჯილდოება; ნაპოლეონ მესხიას წიგნის წარდგინება და ბოლოს, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ვიზიტი.

რადიო თავისუფლება: რადგანაც ბიუჯეტიდან ფინანსდებით, შესაძლოა მეცნიერს აკადემიური თავისუფლება ჰქონდეს, მაგრამ პოლიტიკური თავისუფლება რამდენად ექნება?

ლადო პაპავა:​ ეს ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ასე მოხდეს. ეს დამოკიდებულია თითოეული ადამიანის ზნეობრივ პრინციპებზე.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG