Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო რეფორმა: ვინ არის ყველაზე კმაყოფილი?


არსებითად არაფერი შეცვლილა; პოზიტიურია, მაგრამ არ არის საკმარისი; უკეთესია, მაგრამ არ არის კარგი; უფრო ამბიციური უნდა იყოს; კვლავაც დარჩა მნიშვნელოვანი ხარვეზები, - ასეთია ოპოზიციის, ექსპერტებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები 2 ივლისს დამტკიცებული საარჩევნო კანონმდებლობის გარშემო. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა კი თვლის, რომ OSCE/ODIHR-ის 27 რეკომენდაციიდან უდიდესი უმრავლესობა შესრულდა და ძირითადი საკითხები გადაწყვეტილია. არის თუ არა განახლებული საარჩევნო კანონმდებლობა 2020 წელს უკეთესი არჩევნების ჩატარების წინაპირობა? იქნება თუ არა ამომრჩეველი დაცული ზეწოლისა და კონტროლისგან?

ერთწლიანი მუშაობის დაფასებასა და მილოცვასთან ერთად, საქართველომ უკვე მიიღო საერთაშორისო პარტნიორების შენიშვნებიც. აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლობების განცხადებებში ჩამოთვლილია კონკრეტული საკითხები, რომელთა დამტკიცებაც მისასალმებელია, მაგრამ აქვეა კანონმდებლობაში დარჩენილი პრობლემების ნუსხაც.

რაზე სწყდებათ გული საერთაშორისო პარტნიორებს? რა უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა?

ზოგიერთი საკითხი ერთმანეთს ემთხვევა:

  • აშშ-ის საელჩო: დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, (საარჩევნო) დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება, COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
  • ევროკავშირის საელჩო: ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

აშშ-ის საელჩო თვლის, რომ „კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება. ხოლო როგორც ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში“.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში კი თვლიან, რომ ძირითადი და მნიშვნელოვანი რაც იყო, აბსოლუტურად ყველაფერი აისახა განახლებულ კანონმდებლობაში.

  • „ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც მოგვცა ეუთო/ოდირმა და ჩვენმა სახელმწიფომ დღეისათვის მოახერხა, რომ ყველა ეს რეკომენდაცია შესულიყო საარჩევნო კოდექსში“ - პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.
  • „ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) ყველა ძირითადი რეკომენდაცია ასახულია საარჩევნო რეფორმის ფარგლებში და, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ 2020 წლის არჩევნები და ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე“ - ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მედიაში ფართოდ გავრცელდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის კომენტარი იმის შესახებ, რომ ODIHR-ის 27 რეკომენდაციიდან „24-25 აბსოლუტურად არის შესრულებული, აბსოლუტური სიზუსტით“, ხოლო დარჩენილი 2-3 რეკომენდაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგობის მიზეზით ჩავარდა.

განსხვავებულ არითმეტიკას გვთავაზობს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, საკანონმდებლო პაკეტის თანაავტორის, ირაკლი კობახიძის გამოსვლის შინაარსი. კობახიძე ამბობს, რომ 27 რეკომენდაციას თავიდანვე ავტომატურად გამოაკლდა რამდენიმე თავად OSCE/ODIHR-ის უზუსტობის გამო.

არასამთავრობო სექტორი არ უარყოფს, რომ ეწინააღმდეგებოდა, მაგალითად - სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი გვეუბნება, საქართველოში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, სიძულვილის ენასთან ბრძოლამ შესაძლოა გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სახე მიიღოს და ეს მოცემულობა იოლად გამოიყენოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ.

ნატროშვილისთვის სწორედ ასეთ საფრთხეებზე მიუთითებს, მაგალითად, ჟურნალისტების სუს-ში დაბარებასა და „მთავარ არხთან“ დაკავშირებული მოვლენები.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობის განახლებას ძირითადად პოზიტიურად აფასებენ. თუმცა მათ კვლავაც მრავალი პრობლემა ეგულებათ.

მაგალითად, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრი, ვახუშტი მენაბდე გვეუბნება - მთავარ პრობლემად კვლავაც რჩება ამომრჩევლებზე ზეწოლა და მათი ნების კონტროლი.

საია თვლის, რომ აბსოლუტურად არასაკმარისია კანონში ჩაწერილი 25-მეტრიანი რადიუსი, რომელიც საარჩევნო უბნის შენობიდან აიზომება და რომლის ფარგლებშიც იკრძალება ამომრჩევლების ფიზიკური შეფერხება.

„ჩვენი წინადადება იყო, რომ განსაზღვრულიყო 100-მეტრიანი რადიუსი, რომლის შიგნითაც ყოფნის უფლება არავის ექნებოდა, უფლებამოსილი პირების გარდა. ამით მოგვარდებოდა კოორდინატორების, კრიმინალური ელემენტებისა და სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტების მიერ ამომრჩევლების ნებაზე ზემოქმედებისა და ზეწოლის მუდმივი პრობლემა“, - გვეუბნება ვახუშტი მენაბდე.

ის არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტს, რომ ამ რეგულაციის აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ვერ გასწვდებოდნენ 3700 საარჩევნო უბანს. მენაბდეს უკვირს, მაშინ როგორ აპირებს ხელისუფლება 25-მეტრიანი რადიუსის გაკონტროლებას?!

უკმაყოფილოა ოპოზიციის უდიდესი ნაწილი. საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", რომლებმაც ბოიკოტის გამო არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში, თვლიან, რომ კანონმდებლობაში არსებითი არაფერი შეცვლილა და ხელისუფლებამ კვლავაც არ დათმო მნიშვნელოვანი ბერკეტები.

„განახლებული კანონმდებლობა უკეთესია, მაგრამ უკეთესი ყოველთვის არ ნიშნავს კარგს... მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი რეკომენდაცია შესრულდა - ანდაზაა ასეთი, ერთი კოვზი კუპრით ერთი კასრი თაფლი გაფუჭდაო... მე ვხედავ, რომ სახიფათო რისკები არ არის გამოსწორებული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ მოძრაობა „ლელოს“ წარმოადგენს.

ჩვენთან საუბრისას ხმალაძე იხსენებს, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში პირადად მანაც წამოაყენა არაერთი ისეთი ინიციატივა, რომელიც ძალიან წაადგებოდა, მაგალითად, ამომრჩეველთა ხმების სამართლიანად დათვლასა თუ ამომრჩევლებზე ზეწოლის ტვირთის მოხსნას. მაგრამ უმრავლესობის წარმომადგენლებმა მისი წინადადებები არ გაითვალისწინეს.

ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ, მაგალითად:

  • საარჩევნო კაბინებიდან ფარდების ჩამოხსნის შემთხვევაში, იოლი დასანახი იქნებოდა, თუკი ამომრჩეველი ვინმეს დავალებით ფოტოს გადაუღებდა შემოხაზულ ბიულეტენს, დავალების შესრულების მტკიცებულებად;
  • და, ამასთან, არც ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დაირღვეოდა, რადგან კენჭისყრის ოთახში მყოფთაგან ვერავინ დაინახავდა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა სამი მხრიდან დაფარულ ვიწრო კაბინაში.

ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, აუცილებელად შესაცვლელია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ამჟამად მოქმედი ფორმულა, რომელიც მმართველ პარტიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მოქმედი წესის შეცვლა OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციაც იყო, მაგრამ არ შესრულდა.

ხმალაძე ფიქრობს, რომ ეს ცვლილება გაზრდიდა ამომრჩევლების ნდობას ხმების დათვლასთან, საარჩევნო დავების გადაწყვეტასა თუ არჩევნების საბოლოო შედეგებთან მიმართებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG