საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის ეთერში მომღერალი სოფო ხალვაში დილის გადაცემას აღარ წაიყვანს. მიზეზი კი მომღერლის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაა, რომლის გამოც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე კი სოფო ხალვაშს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა როგორც გადაცემის წამყვანს, თუმცა სხვა ხელშეკრულებით იგი რჩება ტელევიზიის თანამშრომელი როგორც მუსიკალური გამფორმებელი.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხალვაშმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე რომ იმღერა, მათთვის 25 ოქტომბერს გახდა ცნობილი, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე კი ამბობს, რომ ხალვაშმა ამის შესახებ წინასწარ შეატყობინა:
შეთანხმებული მქონდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე სათანადოდ ინფორმირებული არ ვყოფილვარ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ადრეც მქონია მსგავსი შემთხვევა - საარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული აჭარის ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში და მსგავსი პრობლემა არ შემქმნია.სოფო ხალვაში
„გვქონდა ამაზე კომუნიკაცია და იცოდა, რომ ეს ჩაითვლება მიკერძოებად. ჩვენ ამოვდივართ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონიდან, ქცევის კოდექსიდან და იმ ნორმებიდან, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას. პირველ რიგში კი მაუწყებელი უნდა იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისგან თავისუფალი, საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული. შესაბამისად, ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დათქმები, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში არ ვმონაწილეობთ“.
თუმცა, როგორც მომღერალმა სოფო ხალვაშმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პოლიტიკურ პროცესებში, კერძოდ კი, წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ ის წარსულშიც მონაწილეობდა და ტელევიზიის მენეჯმენტისგან მაშინ პრობლემები არ შეჰქმნია. როგორც ხალვაში იხსენებს, გასული წლის თითმმართველობის არჩევნებისას მმართველი გუნდის კანდიდატების მხარდასაჭერად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართულ კონცერტებში მონაწილეობდა, რის შესახებაც ტელევიზიის მენეჯმენტი გააფრთხილა და ამ პერიოდში შვებულებითაც კი ისარგებლა. სწორედ ამიტომ, მისთვის ტელევიზიის ხელმძღვანელის ამჟამინდელი გადაწყვეტილება მოულოდნელია:
„შეთანხმებული მქონდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე სათანადოდ ინფორმირებული არ ვყოფილვარ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ადრეც მქონია მსგავსი შემთხვევა - საარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული აჭარის ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში და მსგავსი პრობლემა არ შემქმნია და ახლაც მეგონა, რომ არ მოჰყვებოდა ამას. მაშინაც საარჩევნო პერიოდი იყო, მთელი თვე ჩართული ვიყავი ჩეულებრივად და არა ერთი დღე, როგორც ახლა. მაშინაც ინფორმირებული იყო ტელევიზია, რა თქმა უნდა, და გაკეთდა შვებულება, რომლის შემდეგ ჩვეულებრივად დავბრუნდი ტელევიზიაში“.
არ მახსენდება მსგავსი პრაქტიკა არც აჭარის ტელევიზიაში და არც ცენტრალურ საზოგადოებრივ მაუწყებელში და შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს პრეცედენტული.მალხაზ ჭკადუა
სოფო ხალვაში მიიჩნევს, რომ არ დაურღვევია დადგენილი წესები, რადგანაც აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ წამყვანია და მიწვეულია როგორც მომღერალი და არა ჟურნალისტი:
„თან, არ მიმყავს პოლიტიკური გადაცემა. ეს არის დილის გადაცემა, რომელიც განწყობაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე და, თან, როცა მქონდა ასეთი შემთხვევა წარსულში, ვერ ვიფიქრებდი ნამდვილად, რომ ასეთი განვითარება ექნებოდა შემდგომში“.
მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემა არ არის საზოგადოებრივ- პოლიტიკური და მას შემეცნებით გასართობი ფუნქცია აქვს, სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობითაა დადგენილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის განურჩევლად ყველა თანამშრომლისთის აუცილებლად უნდა აღსრულდეს, აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონალური ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა:
„არ მახსენდება მსგავსი პრაქტიკა არც აჭარის ტელევიზიაში და არც ცენტრალურ საზოგადოებრივ მაუწყებელში და შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს პრეცედენტული. ზოგადად კი, სასურველია, რომ ყველა პირმა, რომლის შრომის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, გაითვალისწინოს, რომ მას გარკვეული აკრძალვები აქვს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მათ თავისუფლად შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს და, ზოგადად, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირებს კანონით სხვა სტანდარტი აქვთ დადგენილი და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია“.
კანონის მოთხოვნის გარდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისაა დადგენილი, არსებობს კიდევ დაუწერელი წესები და მაუწყებლის თანამშრომლებისთვის პროფესიული ეთიკის სტანდარტი, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ყველა ჟურნალისტისთვის, მიიჩნევს გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე:
„როცა სატელევიზიო არხის და, მით უფრო, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახე პირდაპირ მხარს უჭერს კონკრეტულ პრეზიდენტობის კანდიდატს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კანდიდატი იქნება ეს, რა შეიძლება იფიქროს მაყურებელმა, რომელმაც დაინახა გუშინ სოფო ხალვაში, როგორც არხის სახე, სალომე ზურაბიშვილის გვერდით და იგივე მაყურებელი, იგივე ამომრჩეველი დაჯდება კვირას, არჩევნების დღეს, დილით ტელევიზორთან, ჩართავს აჭარის ტელევიზიას და დაინახავს სოფო ხალვაშს, რომელიც მას დაელაპარაკება არჩევნებზე, - და მან უკვე ნახა რამდენიმე დღის წინ იგივე წამყვანი მომღერლის ამპლუაში, - პირდაპირ მხარს უჭერს და უმღერის პრეზიდენტობის კანდიდატს. მე ვფიქრობ, ეს ცალსახად პრობლემაა“.