Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარსებო მინიმუმის გამოთვლის მოძველებული მეთოდოლოგია მომხმარებელთა საჭიროებებს ვერ ასახავს


ქუთაისი
ქუთაისი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს, იანვარში, საარსებო მინიმუმმა საშუალო მომხმარებლისთვის 158,2 ლარი შეადგინა: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთის - 178,6 ლარი, საშუალო ოჯახისთვის კი - 299,5 ლარი. წინა წლის იანვართან შედარებით, თანხა 3-6 ლარითაა გაზრდილი.

ახლა არ ცხოვრობს ხალხი, სუნთქავს. არ არის საკმარისი, ძალიან ცოტაა. 300 ლარიც არასაკმარისია, მეტია საჭირო.

ამასთან, 2019 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1,3 %-ია, ხოლო წლიური ინფლაცია - 2,2 %. ოფიციალური სტატისტიკით, იანვარში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3,2 %-ით გაძვირდა. საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, თითქმის 16 %-ით, გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასი, დაახლოებით 6 %-ით - ხილის, 5 %-ით - რძის პროდუქტების, ხოლო პურისა და პურპროდუქტების ფასმა 1,4 %-ით მოიმატა.

პროდუქტის გაძვირების ფონზე „საქსტატის“ მიერ დადგენილი საშუალო საარსებო მინიმუმი მიუღებელია რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხული მოქალაქეებისთვის. მათი თქმით, 158 ლარად თვიდან თვემდე ცხოვრება შეუძლებელია:

„საჭმელი არ უნდა ჭამო, წამალი არ უნდა იყიდო? ხომ უნდა გათბე ზამთარში? ძალიან ცოტაა, ჩვენს პირობებში“;

„ახლა არ ცხოვრობს ხალხი, სუნთქავს. არ არის საკმარისი, ძალიან ცოტაა. 300 ლარიც არასაკმარისია, მეტია საჭირო“;

„ეს ისეთი მინიმუმია, რითაც ცხოვრება წარმოუდგენელია“, - ამბობენ რესპონდენტები.

„საქსტატის“ მონაცემებით, ორსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 253 ლარია, ექვსი და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახისთვის კი - 420 ლარი. თავის მხრივ, ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ საშუალო ოჯახს თავის გასატანად და მინიმალური საჭიროებებისთვის ყოველთვიურად 500-დან 1000 ლარამდე თანხა სჭირდება.

ქუთაისი
ქუთაისი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს არარეალურად მიიჩნევს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ოყრეშიძე. მისი თქმით, საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას თანხის დიდი ნაწილი საკვებ პროდუქტებზე მოდის და მხოლოდ მესამედი მოიცავს სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებს. ლევან ოყრეშიძის თქმით, „ცხოვრების მინიმალური სტანდარტების შესაფასებლად სურსათის და სხვა ხარჯები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული“. ეკონომისტი აუცილებლად მიიჩნევს საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდის შეცვლას, რადგან სტატისტიკის სამსახური 2004 წლიდან ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების შესაბამისად.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა განმარტავს, რომ საარსებო მინიმუმი იანგარიშება იმ 40 პროდუქტის ფასების მიხედვით, რომელთაც, თავის მხრივ, სამომხმარებლო კალათა მოიცავს. ის ამჟამად შედგება იმ 306 დასახელების საქონლისა და მომსახურებისგან, რომელზეც ყველაზე ხშირია მოთხოვნა. თენგიზ ცეკვავას განცხადებით, საარსებო მინიმუმი ითვლება ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი დღიური კალორიის მიხედვით და, დადგენილი ნორმით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2 300-ია. რაც შეეხება მეთოდის გადახედვას, თენგიზ ცეკვავას თქმით, ეს შესაბამისი პოლიტიკის გამტარებელი სახელმწიფო უწყებების გადასაწყვეტია. „ინიციატივა უნდა წამოვიდეს პოლიტიკის გამტარებელი უწყებებიდან და „საქსტატი“ ტექნიკურად მოახდენს გაანგარიშებებს“.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავასავე განცხადების თანახმად, მოქმედი კანონით, საარსებო მინიმუმი უნდა იყოს პენსიის, საარსებო შემწეობისა და მინიმალური სახელფასო ანაზღაურების ორიენტირი, თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკით, მსგავსი ინდიკატორი ოპტიმალურად არ ითვლება. თენგიზ ცეკვავას აზრით, მოსახლეობის კეთილდღეობის განსაზღვრისთვის უმჯობესია მეტი ყურადღება მიექცეს სიღარიბის ინდიკატორიებს.

XS
SM
MD
LG