Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით ასაბუთებს მოსამართლე არევაძე სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე უარს - განჩინების დეტალები


მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, 22 დეკემბერი, 2022 წელი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, 22 დეკემბერი, 2022 წელი

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება ადვოკატებს 13 თებერვალს, გვიან საღამოს ჩაბარდა. 35-გვერდიან დოკუმენტში მოსამართლე გიორგი არევაძე განმარტავს, რატომ უთხრა უარი ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის გადავადებაზე.

"ესაა პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებზე, პროპაგანდისტი პირების განცხადებებზე აწყობილი განჩინება", - ასე აფასებს მოსამართლის დასაბუთებას ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

მოსამართლე არევაძე განჩინებაში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თუ მისი გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად, მძიმე დიაგნოზები, მათ შორის დაუზუსტებელი დემენცია, საკმარისი არაა.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაუზუსტებელი დემენცია შედის იმ დაავადებათა ჩამონათვალში, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.

"მართალია ყველა ექსპერტი ერთხმად თანხმდება, რომ მსჯავრდებულს აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია... თუმცა აღნიშნულის უტყუარად, კატეგორიულად დადასტურების შემთხვევაშიც კი, მსგავსი ჩანაწერი აპრიორი არ გულისხმობს, რომ მსჯავრდებული ამ დიაგნოზის შემთხვევაში უნდა გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ან მას უპირობოდ უნდა გადაუვადდეს სასჯელი. ასევე მსგავსი ვალდებულება არ წარმოეშვება სასამართლოს დასკვნაში მითითებულ სხვა დიაგნოზებთან დაკავშირებით, რომლებიც ექსპერტებმა შეაფასეს როგორც მძიმე", - წერს მოსამართლე არევაძე და ამის გარდა, მსჯელობს კიდევ ორ საკითხზე: რამდენად ადეკვატურად მკურნალობენ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში და რამდენად მიზანშეწონილია სასჯელის მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

"არ იღებს დღიური ნორმისთვის საჭირო კალორაჟის საკვებს"

სამედიცინო მომსახურეობის ადეკვატურობაზე მსჯელობისას, მოსამართლე ახსენებს სამედიცინო ისტორიის ჩანაწერებს, რომელთა მიხედვით მიხეილ სააკაშვილს უტარდებოდა მრავალმხრივი გამოკვლევები, მათ შორის, ლაბორატორიული და ამბულატორიული კვლევები, კონსულტაციები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებთან.

მოსამართლე არევაძე თავის განჩინებაში ეყრდნობა კლინიკა "ვივამედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის ჩვენებასაც, რომ "პაციენტს უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში ხდება ექიმთა კონსილიუმის მიწვევა და საკითხის შესაბამისად გადაწყვეტა".

მოსამართლე, ასევე, იმეორებს კლინიკის დირექტორის განცხადებას იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭირო კალორიებს არ იღებს და უარს ამბობს მკურნალობაზე:

"კლინიკა ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართავს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მზაობას არ გამოთქვამს მკურნალობისთვის, რიგ შემთხვევაში უნდობლობას უცხადებს და არ იღებს დღიური ნორმისთვის საჭირო კალორაჟის საკვებს, ამასთან უარს აცხადებს პარენტერალურ კვებაზე".

"პაციენტის დაუმორჩილებლობა მკურნალობის პროცესში"

გიორგი არევაძე იშველიებს სამედიცინო ჩანაწერებსაც მაშინ, როდესაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებსა და მედიკამენტებს შერჩევითად იღებს: "სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს სასურველი რაოდენობით, რომელსაც ირგებს".

მას დასაბუთებაში ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს ისიც, რომ ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, პაციენტი დროის სხვადასხვა მონაკვეთში ეწეოდა თამბაქოსა და ელექტროსიგარეტს.

"სამედიცინო ჩანაწერები, ექსპერტთა და ექიმთა ჩვენებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს რეგულარულად უტარდებოდა გამოკვლევები, სინჯავდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები, მათ შორის, მოწვეული ექიმების მითითებით ტარდებოდა გამოკვლევები. მიუხედავად ამისა, პაციენტი მედიკამენტებს შერჩევითად იღებდა, ასევე საკვებს და სითხეს სასურველი, მცირედი რაოდენობით იღებდა, რაც ნამდვილად მიუთითებს პაციენტის დაუმორჩილებლობაზე მკურნალობის პროცესში...

სასამართლოს მიაჩნია, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ მიიღო შესაბამისი ზომები პაციენტის ადეკვატური მკურნალობისთვის", - წერს მოსამართლე განჩინებაში.

გიორგი არევაძემ გაიზიარა პენიტენციური სამსახურის არგუმენტი პოლიფარმაციის ბრალდებაზეც. მან განჩინებაში ჩაწერა, რომ ადვოკატების მოსაზრება, პაციენტისთვის აკრძალული მედიკამენტების მიღებაზე, "ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული", რადგან თითოეული მედიკამენტი, რაც პაციენტს მიეწოდებოდა, აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მძიმე მეტალები - "გამყარებული არაა ლაბორატორიული კვლევებით".

მოსამართლემ მიიჩნია, რომ მძიმე მეტალებით მოწამვლაზე განმარტებები ემყარება მხოლოდ ვარაუდებსა და მოსაზრებებს. მან ასევე დაიწუნა ცენტრ "ემპათიის" დასკვნაზე დართული, თმისა და ფრჩხილის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები და აღნიშნა, რომ იქ "კატეგორიულად" არ დაფიქსირდა მძიმე მეტალების კვალი.

"ექსპერტების მიერ გამოთქმულია ვარაუდები მძიმე მეტალებით მოწამვლის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის გაწევის თაობაზე, რაც გამყარებული არაა ლაბორატორიული კვლევებით".

მოსამართლის თქმით, საქმეში არაა ჩართული არცერთი ობიექტური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პაციენტის მძიმე მეტალებით მოწამვლის ფაქტს და, შესაბამისად, საჭიროდ გახდიდა პაციენტის დეტოქსიკაციის პროგრამაში ჩართვას.

"ძლიერი სტრესი გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება"

"მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესება, რომელიც თავდაპირველად, შესაძლოა, კითხვებს ბადებდეს ციხეში მკურნალობის ადეკვატურობაზე, საკმარისი არაა მსჯავრდებულის სასჯელისგან გასათავისუფლებლად ან სასჯელის გადასავადებლად", - აღნიშნავს მოსამართლე.

"სასამართლო თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა ეტაპზე, მათ შორის, ამჟამადაც აქვს წვდომა ქვეყანაში არსებულ ყველა სამედიცინო მომსახურებაზე... ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ვერ ეგუება პატიმრობის პირობებს, აპრიორი მისი გათავისუფლების საფუძველს არ და ვერ შექმნის სასჯელის მოხდის ვერცერთ ეტაპზე", - წერია განჩინებაში.

ამავე დროს, მოსამართლის მსჯელობით, როდესაც არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება, რაც სააკაშვილის სასჯელის მოხდის პირობებში მკურნალობის შეუძლებლობას დაადასტურებდა, სასამართლო ვერ იმსჯელებს, რომ სასჯელის მოხდა მისთვის მიზანშეუწონელია:

"ბუნებრივია ისეთი აქტიური პირი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, სასჯელის მოხდის პირობებში განიცდის ძლიერ სტრესს და ეს ყველაფერი მოქმედებს მის ფსიქო-სომატურ მდგომარეობაზე, თუმცა მხოლოდ აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება".

დასაბუთების ამავე ნაწილში, მოსამართლე იხსენებს მსჯავრდებულის პირად საქმეს, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში სააკაშვილს წესრიგის დარღვევის გამო დისციპლინური სახდელები დააკისრეს. ამ გარემოებების გათვალისწინება პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების ერთ-ერთი არგუმენტი იყო დასკვნით სიტყვაში.

"დისციპლინური სახდელი დაეკისრა 2021 წლის 22 ოქტომბერს, მე-12 დაწესებულებაში სარეჟიმო მოთხოვნის დარღვევისთვის, რაც გამოიხატა საშხაპე ოთახიდან ქუჩის მიმართულებით გადაძახილში; 2021 წლის 8 დეკემბერს, მე-18 დაწესებულებაში დაეკისრა სახდელი სამედიცინო ინვენტარის დაზიანების გამო და შეეზღუდა სატელეფონო კომუნიკაცია 2 თვით; 2022 წლის 2 აპრილს, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულს გამოეცხადა საყვედური, რადგან შეხვედრების ოთახში ყვიროდა და კარზე ფეხი დაარტყა არაერთხელ", - თქვა პენიტენციური სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნიკა აბრამიშვილმა, 6 თებერვლის სხდომაზე.

"ეს ფაქტობრივი გარემოება უარყოფითად მიუთითებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებელზე სასჯელის მოხდის პირობებში", - წერს მოსამართლე.

მოსამართლემ, ასევე, გაითვალისწინა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი განაჩენები და განსახილველი ბრალდებები:

"მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად აღარ არის უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პირი, კვლავ არსებობს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაზეც მოწმობს მის მიმართ სასამართლოში განსახილველი რამდენიმე საქმე".

მოსამართლე აფასებს მოწმეების სანდოობას

განჩინებაში წერია, რომ სასამართლო პატივს სცემს ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტს და მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, თუმცა "უპირობოდ" ვერ მიიღებს ექსპერტიზის დასკვნაში მათ მიერ ასახულ გარემოებებს, "ვინაიდან ჩვენებებში გარკვეული წინააღმდეგობებია".

მოსამართლე ასახელებს რამდენიმე ქართველ მოწმებსაც და მათ მიუკერძოებლობასა და სანდოობაში შეაქვს ეჭვი. იგი აფასებს ცენტრ "ემპათიის" ექსპერტ ოთარ თოიძესა და ექიმ ლალი ჯავახიშვილს და აღნიშნავს, რომ მათ პირადი კავშირები აქვთ მიხეილ სააკაშვილსა და მის ოჯახთან.

"კერძოდ, ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ენმ-ის სიიდან ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო ექიმი ლალი ჯავახიშვილი დასაქმებულია მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას კუთვნილ "საქართველოს უნივერსიტეტში". სასამართლო აღნიშნავს რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები ნამდვილად ეჭვქვეშ აყენებს მოწმეების მიუკერძოებლობის საკითხს და ადასტურებს მათ პირად დაინტერესებას მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ".

მოსამართლე არევაძე, ასევე, აკრიტიკებს ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელს. იგი იხსენებს, რომ ექსპერტ გალინა კარმუშინას დაკითხვის დროს ცენტრ "ემპათიის" დამფუძნებელი მარიამ ჯიშკარიანი, დასკვნაში არსებული ცდომილების გადასაფარად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოწმეს უკარნახებდა კითხვებზე პასუხს, რის გამოც გააძევა დარბაზიდან:

"... ეს ეჭვქვეს აყენებს არამხოლოდ კონკრეტული მოწმეების ჩვენების სანდოობას, არამედ მთლიანად ექსპერტიზის დასკვნას, მითუფრო, რომ მოწვეული ექსპერტების განმარტებით, ისინი დაეყრდნენ ერთმანეთის მოსაზრებებს, ზოგ შემთხვევაში კი მარიამ ჯიშკარიანის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციასაც".

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს გამოაცხადა. მან არ დააკმაყოფილა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნა. მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG