საქართველოში “მედასავლეთეები” მარცხდებიან. ქვეყანამ გაიაზრა, თუ “როგორი დამღუპველია დასავლეთზე უკანმოუხედავი ორიენტაცია”, - თქვა ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო დაზვერვის მეთაურმა, სერგეი ნარიშკინმა.
მან ინტერვიუ სამხედრო ჟურნალ “მზვერავს” მისცა და საქართველო აშშ-ის “საგარეო პოლიტიკის დასუსტების” მაგალითად მოიყვანა.
ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა 10 დეკემბერს. იქამდე ორი დღით ადრე, კრემლის მოკავშირე, სირიელი დიქტატორი ბაშარ ასადი ქვეყნიდან გაიქცა.
რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში 2015 წლიდან ჩაერია და იქიდან მოყოლებული, ასადს ჯარით ეხმარებოდა.
სირიელი მოკავშირის დაკარგვა მტკივნეული გამოდგა რუსი სამხედრო პროპაგანდისტებისთვისაც.
მათი მტკიცებით, სირიაში მარცხმა შეიძლება საგრძნობლად შეასუსტოს კრემლის ზეგავლენა და მისი მოკავშირეები. მათ შორის საქართველოში.
“ამიერიდან გაცილებით გაგვიჭირდება გარე ტრეკზე პოზიციების შენარჩუნება. ჩვენს დარჩენილ პარტნიორებსაც მოუწევთ, ყველაფრისთვის იყვნენ მზად. კოლეგები არცთუ ისე უსაფუძვლოდ ღელავენ ირანის, საქართველოს და ბელარუსის გამო”, - წერს პროპაგანდისტული არხი “ხუთწლედი”.
რუსეთის მოკავშირეები ამ სამ ქვეყანაში უნდა “მოემზადონ. ჩვენც უნდა მოვემზადოთ, მათი დაცვა თუ გვინდა”, - წერს კიდევ ერთი სამხედრო პროპაგანდისტული არხი.
არცერთი არ აკონკრეტებს, თუ ვის უწოდებს რუსეთის პარტნიორებს და მოკავშირეებს საქართველოში.
“ნარიშკინის რიხიანობა უადგილო ჩანს”. მათ შორის იმიტომ, რომ საქართველო უახლოეს დღეებში “ფერადი რევოლუციით იქნება მოცული”, - წერს ტელეგრამარხი “ეპოქის ტენდენციები”.
მოძლიერდა თუ “ჩამქრალია”?
“ფერადი რევოლუცია” და “მაიდანი”. ბოლო თვეებია, ასე აღწერენ რუსი პროპაგანდისტები “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამართულ თითქმის ნებისმიერ საპროტესტო აქციას.
ახლა ისინი თითქოს ორად არიან გაყოფილი და მკითხველს ორ განსხვავებულ რეალობას სთავაზობენ.
ზოგი ამბობს, რომ პროევროპელი დემონსტრანტები “ოცნების” ხელისუფლებას უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.
“საქართველოს ხელისუფლებამ და ელიტამ უნდა გაიაზრონ, რომ ოპოზიციასთან ნებისმიერი არშიყი უკრაინული სცენარის გამეორებას გამოიწვევს. ამიტომ აუცილებელია, იმოქმედონ ისე, როგორც ლუკაშენკამ ბელარუსში”, - წერს არხი “საიდუმლო კანცელარია”.
იგულისხმება 2020 წელს, არჩევნების შემდგომი მასობრივი პროტესტები ბელარუსში, რომელსაც ავტოკრატ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმმა ბრუტალური ძალადობა და რეპრესიები დაუპირისპირა.
“ქართული ოცნება” გამარჯვებას ვერ იზეიმებს მანამ, სანამ კუდიან სალომეს [პრეზიდენტ ზურაბიშვილს - რ.თ.] კაბინეტიდან არ გაიტანენ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ… ამიტომ დასრულებამდე, ან იქნებ კულმინაციამდეც ჯერ კიდევ დიდი დროა”, - წერს სამხედრო პროპაგანდისტი არტიომ შეინინი.
“თუკი ძალოვნები შედრკებიან პროვოკაციების წინაშე და დემონსტრანტების მხარეს გადავლენ, ‘მაიდანს’ ვეღარავინ შეაჩერებს”, - წუხს კიდევ ერთი პროპაგანდისტი.
მაგრამ ამ ყველაფრის საპირწონედ, ზოგი ამტკიცებს, რომ საპროტესტო მუხტი საქართველოში უკვე “ჩამქრალია”.
ისევე, როგორც ამას აკეთებენ მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები.
აქციებში “ჩართული ადამიანების რაოდენობა სულ უფრო იკლებს, ინტერესი ბრძოლისადმი მცირდება”, - დაწერა პროპაგანდისტმა მიხაილ ზვინჩუკმა 11 დეკემბერს.
იქიდან ორ დღეში, მხოლოდ თბილისში, ერთმანეთის პარალელურად ათზე მეტი სხვადასხვა საპროტესტო აქცია გაიმართა.
სუსით შთაგონებულები
როგორც ჩანს, პროპაგანდისტები ასევე შთააგონა განცხადებამ, რომელიც სუსმა 10 დეკემბერს გააკეთა.
სუსის მტკიცებით, ოპოზიცია გეგმავდა აქციებზე “სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი”.
სუსი ირწმუნებოდა, რომ ამას გააკეთებენ "ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით".
“სწორედ ამას ელოდებიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სადაც ახლა გაჰკივიან დამარცხებულ ქართულ დემოკრატიასა და სისხლიან რუსულ კვალზე”, - აუბა სუსს მხარი არხმა “აღმოსავლურმა ექსპრესმა”.
“პროტესტი მიილია, ამიტომ ოპოზიციას [მუხტის] შენარჩუნება მხოლოდ ძალადობის გამოყენებით შეუძლია”, - წერს კიდევ ერთი არხი.
ბორის როჟინი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ე.წ. სამხედრო ბლოგერი, ამტკიცებს, რომ ოპოზიცია “არ განიხილავს” სხვა სცენარს, თბილისში სისხლისღვრის გარდა.
მათ სჭირდებათ “რეჟიმის უდანაშაულო მსხვერპლები”, - წერს როჟინი და ამტკიცებს, რომ საპროტესტო მუხტი საქართველოში საბოლოოდ “ჩაქრება” 14 დეკემბერს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ.
რუს პროპაგანდისტებს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი განსაკუთრებით არ ეხატებათ გულზე. არაერთი მათგანი სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრებასაც მოელის.
სტიქიური პროევროპული საპროტესტო აქციები საქართველოში დაიწყო 28 ნოემბერს. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ აჩერებს ქვეყნის ევროინტეგრაციას 2028 წლამდე.
ფორუმი