რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, ძირითადად გრიპის ვირუსისა და გრიპის შემდგომი გართულებისგან.
12 იანვარს რამდენიმე ადამიანი გაეწერა, მაგრამ გართულებებით შემოვიდნენ ახალი პაციენტები. ძირითადად, ეს ის პაციენტები არიან, რომლებსაც პნევმონია აღენიშნებათ, ან გრიპის გამო ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდათ...პაპუნა ბახტაძე
რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს მენეჯერმა მარინა აბულაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვამ იკლო, მაგრამ სტაციონარში პაციენტების რაოდენობა გაიზარდა იმ გართულებების - ბრონქიტი, პნევმონია - ხარჯზე, რომლებსაც გრიპი იწვევს.
„ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსი - H1N1. ყველას უტარდება შესაბამისი მკურნალობა, თუმცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები არ გვყავს“, - ამბობს მარინა აბულაშვილი, რომელის თქმითაც, ბავშვთა საავადმყოფო უზრუნველყოფილია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან მიღებული ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუთი“.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით და შემდგომი გართულებებით 28 პაციენტი წევს.
„12 იანვარს რამდენიმე ადამიანი გაეწერა, მაგრამ გართულებებით შემოვიდნენ ახალი პაციენტები. ძირითადად, ეს ის პაციენტები არიან, რომლებსაც პნევმონია აღენიშნებათ, ან გრიპის გამო ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდათ“, - თქვა პაპუნა ბახტაძემ.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას დამატებით აცნობა, რომ კლინიკა „რუსთავში“ გრიპის დიაგნოზით 7 პაციენტი წევს, თუმცა მთლიანობაში გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ბეგაშვილის თქმით, რუსთავის ყველა ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება მომარაგებულია პრეპარატ „ტამიფლუთი“, რომელიც გართულების შემთხვევაში ენიშნება პაციენტს.
„ანტივირუსულ პრეპარატს ჩვენი ცენტრიდანაც გავცემთ კლინიკების მიერ დადგენილი დიაგნოზის ე. წ. ფორმა 100-ის საფუძველზე“, - უთხრა დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას, - „დღემდე, 130 ცალი აბის გამოყენება გახდა საჭირო.“
დავით ბეგაშვილის თქმით, მის სამსახურს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ჰქონდა „ტამიფლუს“ მარაგი, რომელსაც პერიოდულად ავსებდნენ და, საჭიროების შესაბამისად, გადასცემდნენ ხოლმე კლინიკებს.