Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ექვს მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება იზრდება


1,5 ლარიდან 1,8 ლარის ფარგლებში მოიმატებს მგზავრობის ფასი რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი თერთმეტი მარშრუტიდან ექვს მარშრუტზე.

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომლის შესახებ 6 ივნისს რუსთავის მერიის მიერ შექმნილმა ტრანსპორტის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ ხმაურის ფონზე იმსჯელა, 11-ვე მარშრუტს კომპანია „ინტერტრანსი“ განკარგავს.

კომპანია მგზავრობის ღირებულების 2 ლარამდე გაზრდას ითხოვდა, რაც, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე, რუსთავის თვითმმართველობამ ხუთი თვის წინ უარყო.

კომპანიას არ წარმოუდგენია მძღოლის მიერ მანქანის იჯარა-ორგანიზების ხარჯები. და, სერთოდ, ჩვენ არ ვიცით, ტარიფიდან როგორ ნაწილდება თანხა. კომპანიამ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა, თუმცა მე, როგორც კომისიის წევრს, მაქვს უფლება ეს ვიცოდე
გიგა ვეფხვაძე

სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო დავაში მიმდინარე წლის იანვარში შექმნილი სპეციალური ერთობლივი კომისიის თხოვნით ჩაერთო.

ექსპერტიზის დასკვნით, „ინტერტრანსის“ადმინისტრაციული ხარჯებისა და მისი კუთვნილი მ2 კატეგორიის მანქანების ექსპლუატაციის, ძღოლების ხელფასის, ასევე საწვავ-საპოხ მასალებზე საბაზრო ფასის გათვალისწინებით, „ერთი მგზავრის ღირებულება, საორიენტაციოდ, უნდა შეადგენდეს 1,8 ლარს“.

კომისიაზე, რომელშიც შედიოდნენ საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და სამოქალაქო აქტივისტები, საკრებულოს წევრმა გიგა ვეფხვაძემ განაცხადა, რომ გაითვალისწინებენ ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა მგზავრობის ფასის დადგენის დროს საკრებულო თავის არგუმენტებს წარმოადგენს. მან „ინტერტრანსის“ წარმომადგენლებს შეახსენა, რომ კომპანიამ კომისიას არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება მგზავრობის ტარიფი.

„სამხარაულის დასკვნა ჩვენთვის დოგმა არ არის, თუმცა მას გავითვალისწინებთ, რადგან მნიშვნელოვანია. თქვენ არ გაქვთ კონსოლიდირებული შესყიდვები, რომლითაც შეიძლება ტარიფი გაიაფდეს. სამხარაულის ბიუროს არ გაუთვალისწინებია მგზავრთა ნაკადის ცვლილების კოეფიციენტი. კომპანიას არ წარმოუდგენია მძღოლის მიერ მანქანის იჯარა-ორგანიზების ხარჯები. და, სერთოდ, ჩვენ არ ვიცით, ტარიფიდან როგორ ნაწილდება თანხა. კომპანიამ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა, თუმცა მე, როგორც კომისიის წევრს, მაქვს უფლება ეს ვიცოდე“, თქვა გიგა ვეფხვაძემ კომისიის სხდომაზე, რომელიც 2.5 საათს გაგრძელდა.

ლარიანი წიწიბურა დღეს 3 ლარი ღირს. ყველაფერი გაძვირდა, გაძვირდა საწვავი, გაძვირდა მანქანის ნაწილები.
თენგიზ სანიკიძე

გივი შანიძემ კი, კომისიის წევრმა სამოქალაქო სექტორიდან, აღნიშნა, რომ „ინტერტრანსის“ სამარშრუტო მანქანები, გარდა იმისა, რომ მგზავრობისთვის არაკომფორტულია, არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე.
„კომპანია არღვევს სატენდერო პირობებს და მასთან კონტრაქტი უნდა გაწყდეს“ - გივი შანიძის ამ განცხადებას კამათი მოჰყვა.
„თუ მგზავრობის ტარიფს არ გაზრდით, „ინტერტრანსი“ შეწყვეტს რუსთავის თვითმმართველობასთან ურთიერთობას და მერე ნახეთ სატრანსპორტო ქაოსი “, თქვა კომპანიის დირექტორის მოადგილემ თენგიზ სანიკიძემ. მან დასძინა, რომ მხოლოდ მანქანის ძრავის შეკეთება 2000 ლარიდან 4 500 ლარამდე გაიზარდა.
„ლარიანი წიწიბურა დღეს 3 ლარი ღირს. ყველაფერი გაძვირდა, გაძვირდა საწვავი, გაძვირდა მანქანის ნაწილები“, თქვა თენგიზ სანიკიძემ. პასუხად, კომისიის წევრმა ალექსანდრე ბერიძემ განაცხადა, რომ მართალია, „ინტერტრანსის“ მანქანებით მგზავრობა არაკომფორტულია, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან კონდიციონერები არ მუშაობს, მაგრამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა გამოსავალი არ არის.


„’ინტერტრანსთან’ დაპირისპირება ჩიხში შეგვიყვანს, ამიტომ კომპრომისი უნდა მოვძებნოთ“, თქვა ალექსანდრე ბერიძემ, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

მისი თქმით, კომისიამ სამუშაო დოკუმენტები და რეკომენდაციები უნდა გადაუგზავნოს ქალაქის მერს, რომელიც ტარიფის გაზრდის შესახებ საკრებულოს მიმართავს.

საკრებულოს წევრმა გურამ კვარაცხელიამ კი განაცხადა, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ კვალიფიციური დასკვნა წარმოადგინა, რომელსაც თვითმმართველობა თავს ვერ აარიდებს.

„მაგრამ მოსახლეობას კარგად უნდა ავუხსნათ, რატომ იზრდება მგზავრობის ტარიფი“, თქვა გურამ კვარაცხელიამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა.

საწვავის ღირებულების გაზრდის გათვალისწინებით, კომისია მერს მგზავრობის ტარიფის გაზრდის რეკომენდაციით მიმართავს.
ბესიკ ტოგონიძე

„ინტერტრანსი“ რუსთავი-თბილისის მიმართულებით და უკანა მარშრუტზე ხელოვნური მონოპოლისტია, რომელსაც, სატენდერო პირობების თანახმად, ყოველდღე დაახლოებით 200 მიკროავტობუსი უნდა გამოჰყავდეს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, კომპანია ყოველდღიურად საშუალოდ 125 ათას მგზავრს ემსახურება.

დღევანდელი სხდომის შემდეგ ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, რუსთავის ვიცე-მერმა ბესიკ ტოგონიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დროებითი კომისია რუსთავის მერს თავის დასკვნას წარუდგენს.

„საწვავის ღირებულების გაზრდის გათვალისწინებით, კომისია მერს მგზავრობის ტარიფის გაზრდის რეკომენდაციით მიმართავს, შემდეგ მისი გადაწყვეტილების პროექტზე საკრებულო იმსჯელებს “, თქვა ბესიკ ტოგონიძემ. მან შეახსენა კომისიის წევრებს, რომ 11-დან ხუთ მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება, რადგან ის ისედაც ძვირია და, საბოლოო დანიშნულების ადგილის გათვალისწინებით, 2 ლარიდან 2,5 ლარამდე მერყეობს.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოცემულ საკითხზე დღეს ჟურნალისტებს არ გასაუბრებია.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG