Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის თეატრი მოსკოვში, "მოსსოვეტის" სცენაზე


მოსკოვში რუსთაველის თეატრს ელოდებიან. 8-9 ივნისს, მოსკოვში, "მოსსოვეტის" სახელობის თეატრის სცენაზე გაიმართება რობერტ სტურუას სპექტაკლი - „ვანო და ნიკო“. თეატრის დასი მოსკოვში ანტონ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა მიიწვია.

როგორც კრიტიკოსი, ჟურნალისტი დავით ბუხრიკიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჩეხოვის სახელობის ფესტივალის ორგანიზატორები რუსეთის ხელისუფლებასთან და კერძოდ, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირები არიან და შესაბამისად, მიუღებელია რუსთაველის თეატრის მონაწილეობა ამ ფესტივალში.

„ფესტივალისთვის ყოველთვის ძალიან დიდი ფული იხარჯება. პუტინის ხელისუფლება ამ ფესტივალს პოლიტიკურ და სოციალურ ინსტრუმენტად იყენებს... კარგად და ეშმაკურად აქვთ გათვლილი ყველაფერი - ძალიან მაღალ ხარისხს ინარჩუნებენ და საუკეთესო თეატრებსაც ამით იზიდავენ. ერთადერთი სწორი ნაბიჯია, თქვა - არა, ოკუპანტ ქვეყანაში არ ჩავალ... სხვა როგორც არ უნდა მოიქცე, მოსკოვი ამას მაინც თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს“, - ამბობს დავით ბუხრიკიძე.

მისი აზრით, როცა სახელმწიფო თეატრი, რუსთაველის თეატრი ჩადის მოსკოვში, ეს, გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთის მიმართ ქართული სახელმწიფოს პოზიციად აღიქმება.

„როცა შენ ხარ ძალიან მასშტაბური ნაციონალური თეატრი, შენ გაქვს ასმაგად და ათასმაგად უფრო დიდი პასუხისმგებლობა... აქ არ გამოგვადგება არგუმენტი, რომ ქართული კულტურის პროპაგანდას ვეწევით. კერძო თეატრი რომ იყოს, ეს ასე არ იქნებოდა. სახელმწიფო თეატრის გასტროლები სახელმწიფოს სახის წარდგენაა“.

სახელმწიფოს პოზიციის გასარკვევად რადიო თავისუფლება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვპირდნენ, რომ გაარკვევენ და შეგვატყობინებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG