Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენზე ამბობენ, რომ ვყარვართ!" - რუსეთში სპექტაკლის შინაარსის გამო ასამართლებენ რეჟისორსა და დრამატურგს


ვლადიმირ პუტინი, ევგენია ბერკოვიჩი, სვეტლანა პეტრიიჩუკი. კოლაჟი
ვლადიმირ პუტინი, ევგენია ბერკოვიჩი, სვეტლანა პეტრიიჩუკი. კოლაჟი

მოსკოვში გრძელდება რეჟისორ ევგენია ბერკოვიჩისა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკის სასამართლო პროცესი. განსასჯელებს ბრალად ედებათ „ტერორიზმის გამართლება და ხელშეწყობა“ პიესის „ფინისტი - ნათელი შევარდნის“ შექმნისა და დადგმის გამო.

23 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების მთავარი მოწმე, 32 წლის მსახიობი, ვლადიმირ კარპუკი, რომელმაც სოციალურ ქსელებში პირველმა გააკრიტიკა ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის დადგმა. ირკვევა, რომ სწორედ მისი საჯარო პოსტის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

პროკურატურის მთავარმა მოწმემ, მსახიობმა კარპუკმა თქვა, რომ ის ასევე არის ნიჟნი ნოვგოროდის ერთ-ერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დგამს „პატრიოტულ სპექტაკლებს როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაციის, ასევე ზოგადად რუსეთის, მისი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის მხარდასაჭერად“.

ვლადიმირ კარპუკმა „ფინისტი“ 2021 წლის გაზაფხულზე ნახა და, როგორც თვითონ ამბობს, "ცოტა გაოგნებული" დარჩა დადგმით. მოგვიანებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სპექტაკლი მის მშობლიურ ნიჟნი ნოვგოროდში უნდა ეჩვენებინათ, რაც კარპუკმა მწვავედ გააკრიტიკა სოციალურ ქსელ Vkontakte-ში:

„გარდა ამისა, იმ წელს მარიუპოლშიც ჩავედი. ვესაუბრე ხალხს და ძალიან შთაგონებულიც ვიყავი ნანახით. 7 ოქტომბერს კი, პრეზიდენტის (ვ. პუტინის. რ.თ.) დაბადების დღეზე, ააფეთქეს ყირიმის ხიდი. ამ დროს ვიგებ, რომ ჩვენთან უნდა აჩვენონ სპექტაკლი ტერორისტებზე!"

შედეგად, სპექტაკლი გაუქმდა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად ტერორიზმის გამართლება და ხელშეწყობა ედებათ.

ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის სპექტაკლი ოთხ ქალზეა. მათ მიმოწერა აქვთ სირიელ მამაკაცებთან, როგორც ირკვევა, „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წევრებთან. ასეთივე წარმატებით შესაძლებელია დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ მიიჩნიონ „მკვლელობის პროპაგანდად“ - ამბობს ექსპერტი.

„არ ვიცი, ვინ გასცა დადგმის გაუქმების ბრძანება. ვიცი, რომ ხალხი კითხულობს ჩემს სოციალურ ქსელებს და, როგორც ჩანს, „ზემოთაც“ წაიკითხეს“, - უთხრა სასამართლოს მოწმე კარპუკმა, რომელსაც პროკურორმა ეკატერინა დენისოვამ სპექტაკლის შინაარსზეც ჰკითხა.

„ფასეულობების ერთგვარი ჩანაცვლება ხდება! - თქვა საქმის მთავარმა მოწმემ, - როგორ გგონიათ, ვინ არის ფინისტი? ეს არის 1970-1980-იანი წლების საბჭოთა ზღაპრის გმირი, რომელიც იცავს ქვეყანას. ალიონუშკა მზად არის თავი გასწიროს მისთვის... ყველანაირად ცდილობდა მის დახმარებას. ამ დროს მოვდივარ სპექტაკლზე და იქ მეუბნებიან, რომ ფინისტი - ნათელი შევარდენი ვიღაც მოჯაჰედია! ხოლო ყველა ჩვენზე, [რუს] კაცებზე ამბობენ, რომ ვყარვართ! უსიამოვნო მოსასმენი იყო. Crocus City Hall-ში ვნახეთ, რა მისიის მატარებლებიც არიან ისინი!“

მოწმემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პიესის ავტორების აზრით, რუსი „კაცები რაღაც ვერ არიან“. კარპუკი დარწმუნებულია, რომ „ფინისტი“ რუსოფობიური დადგმაა და არ უკვირს, რომ პრემია „ოქროს ნიღაბიც“ მიანიჭეს.

ვიდრე „ოქროს ნიღბის“ პრეზიდენტად ვლადიმირ მაშკოვს დანიშნავდნენ, „ოქროს ნიღაბს“ იღებდნენ „სერებრენიკოვები და ყველანაირი ბრუსნიკინები“, რომლებიც „ამართლებენ კიევის რეჟიმს და სწყალობენ მხოლოდ ტრანსებს, ლგბტსა და შავებს“.

პროცესის მსვლელობისას გაირკვა, რომ ვლადიმირ კარპუკისათვის უცნობია, რომ პრემია „ოქროს ნიღაბი“ მიღებული აქვს ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირს, ცნობილ დირიჟორს, ვალერი გერგიევსა და სხვა არაერთ კრემლთან დაახლოებულ ხელოვანს.

პროკურორის შემდეგ ბრალდების მთავარ მოწმეს კითხვა დაუსვა განსასჯელ ევგენია ბერკოვიჩის ადვოკატმა ქსენია კარპინსკაიამ, რომელიც დაინტერესდა ვლადიმირ კარპუკის განათლებით და იმით, კარგად ესმის თუ არა მას ტერმინების - „ტერორიზმისა“ და „ექსტრემიზმის“ მნიშვნელობები.

კარპუკმა უპასუხა, რომ სწავლობდა „გიტის“-ში (ГИТИС - რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი) სამსახიობო ფაკულტეტზე ნიკიტა მიხალკოვის კლასში.

”ნიკიტა სერგეიჩი არ არის უბრალო მასწავლებელი, ის პედაგოგია! კაცი, რომელმაც კულტურით აგვიხსნა, როგორ უნდა მოვიქცეთ. იმედია, „ბესოგონი" (ნიკიტა მიხალკოვის საავტორო გადაცემათა ციკლი. რ.თ.) ყველას ნანახი გაქვთ“.

ევგენია ბერკოვიჩის მეორე ადვოკატმა, ელენა ორეშნიკოვამ სცადა გარკვევა, ნამდვილად ნანახი ჰქონდა თუ არა მოწმეს სპექტაკლი. კარპუკმა თქვა, რომ ნამდვილად იმყოფებოდა დარბაზში, თუმცა იქვე რატომღაც დააზუსტა, რომ იმყოფებოდა „ნიღბით“ და, რომ ბილეთი შეიძინა არა თეატრის სალაროში, არამედ შესასვლელში ვიღაც გოგონასგან.

დაკითხვიდან ასევე გაირკვა, რომ მოწმეს სპექტაკლის დეტალებიც ან არ ახსოვდა, ან ბუნდოვნად ახსოვდა.

დაკითხვიდან ასევე გაირკვა, რომ მოწმემ არ იცოდა, რომ „ფინისტი - ნათელი შევარდენი“ არა მხოლოდ საბჭოთა ფილმი იყო, არამედ - რუსული ხალხური ზღაპარიც.

„არ ვიცი იმიტომ, რომ მოსიარულე ენციკლოპედია არ ვარ“, - განაცხადა ვლადიმირ კარპუკმა, რომელსაც რატომღაც ასევე გაუჭირდა იმის გახსენება, თუ როგორ გამოიყურებოდა დარბაზი, სადაც სპექტაკლი ნახა.

სასამართლომ ასევე მოუსმინა როგორც სპექტაკლში დაკავებულ მსახიობებს, ასევე ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის კოლეგებს, რომლებიც ბრალდების მხარემ დაიბარა, თუმცა არცერთმა მოწმემ არ დაადასტურა, რომ სპექტაკლი შეიცავდა ტერორიზმის გამართლებას.

„ეს არის აბსოლუტურად ანტიტერორისტული პიესა და ანტიტერორისტული სპექტაკლი", - თქვა პირველმა მოწმემ, ალექსანდრ ანდრიევიჩმა, ბერკოვიჩის მიერ შექმნილი თეატრალური პროექტის "სოსოს ქალიშვილების" რეჟისორმა.

მსახიობებს, რომლებიც სპექტაკლში "მარიუშკების" როლს ასრულებდნენ (მარიუშკა - ასე ჰქვიათ სპექტაკლში პერსონაჟ ქალებს, რომლებიც მიმოწერაში შედიან ისლამისტებთან. რ.თ.) ჰკითხეს, ისურვებდნენ თუ არა ისინი თავიანთი გმირების ბედის გაზიარებას. ყველამ უპასუხა, რომ არ ისურვებდნენ, რადგან სპექტაკლი ცხადად აჩვენებს ამ ქალების ცხოვრების სავალალო დასასრულს.

„ამ სპექტაკლში არცერთი პერსონაჟი არ არის ისეთი, რომელსაც მივბაძავდი“, - უთხრა მოსამართლეს მსახიობმა მარიეტა ციგალ-პოლიშჩუკმა.

ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის სპექტაკლშო რუსეთში მცხოვრებ ოთხ ქალს მიმოწერა აქვთ სირიელ მამაკაცებთან, როგორც ირკვევა, „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წევრებთან. ზოგიერთი ამბავი რეალურ გამოცდილებას ეფუძნება.

ევგენია ბერკოვიჩი და სვეტლანა პეტრიიჩუკი
ევგენია ბერკოვიჩი და სვეტლანა პეტრიიჩუკი

რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად, მსახიობებმა თავიანთი გმირების მონოლოგები თვითონ დაწერეს. მოსამართლის თხოვნით, ერთ-ერთი მონოლოგი სასამართლო დარბაზშიც წაიკითხეს. ქალი სირიაში ჩვილ შვილთან ერთად ჩავიდა ინტერნეტით გაცნობილ მამაკაცთან, რომელიც დაჰპირდა, რომ ცოლად მიიღებდა და „თავისთან აცხოვრებდა ერთ ჭერქვეშ“, თუმცა მალევე მათი სახლი დაბომბვაში მოყვა და კაცმაც გამოაცხადა, რომ იწყებდა წმინდა ბრძოლას, რომელიც თავის გაწირვასაც გულისხმობდა. „ყველამ უნდა ავიფეთქოთ თავი", - ამბობს კაცი, რომელიც ცოლს აიძულებს შაჰიდის ქამარი ატაროს. ქალი მოახერხებს სირიიდან გაქცევას, თუმცა სამშობლოში დაბრუნებულს გაასამართლებენ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, ნასამართლობის გამო, სამსახურს ვერ შოულობს.

მოსამართლის კითხვაზე, სურდა თუ არა ამ გმირის ბედის გაზიარება, მსახიობმა იულია ვიტკოვსკაიამ, რომელიც მას თამაშობდა, უარყოფითად უპასუხა.

პროკურორმა მსახიობ ანასტასია საპოჟნიკოვას ჰკითხა, თუ რას ამბობს სპექტაკლი იმ ქალებზე, რომლებიც ტოვებენ რუსეთს და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გასაწევრიანებლად მიდიან სირიაში.

მსახიობის თქმით, „ფინისტის“ პერსონაჟები სირიაში მიდიან არა ISIS-ში შესასვლელად, არამედ იმისთვის, რომ „დაქორწინდნენ, შექმნან ოჯახი და გააჩინონ შვილები“.

”ასე არ არის, რომ მიდიან და ISIS-ის წევრები ხდებიან! ასეთი რამ საერთოდ არ ყოფილა. პირიქით, არც კი იცოდნენ, რას საქმიანობდნენ მათი გულისსწორები. გოგოები სიყვარულზე, ოჯახურ ბედნიერებაზე ოცნებობდნენ და არა ISIS-ის წევრობაზე. ვის უნდა ISIS-ში შესვლა?" - იკითხა ანასტასია საპოჟნიკოვამ.

სასამართლო პროცესის დასაწყისშივე პეტრიიჩუკისა და ბერკოვიჩის ადვოკატებმა შესთავაზეს სასამართლოს სპექტაკლის ვიდეოჩანაწერის ჩვენება, რათა ყველას შეძლებოდა კონტექსტის გაგება, თუმცა მოსამართლემ და პროკურორმა ადვოკატების ეს შეთავაზება უყოყმანოდ უარყვეს.

საერთო ჯამში, სპექტაკლში მონაწილე ცხრა მსახიობმა მისცა ჩვენება სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბრალდების მოწმის სტატუსით იმყოფებოდნენ პროცესზე, ყველა მათგანმა სპექტაკლის შემქმნელების მხარდამჭერი ჩვენება მისცა.

ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დაკავებული რუსი დრამატურგის სვეტლანა პეტრიიჩუკის პიესის კითხვა ტაშკენტის "ილხომის" თეატრში. ივნისი, 2023 წ.
ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დაკავებული რუსი დრამატურგის სვეტლანა პეტრიიჩუკის პიესის კითხვა ტაშკენტის "ილხომის" თეატრში. ივნისი, 2023 წ.

სასამართლომ ასევე დაკითხა „სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკური ექსპერტიზის“ ავტორი, ფილოსოფოსი და კულტუროლოგი ლევ ზაკსი.

ექსპერტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არც პიესაში და არც სპექტაკლში მან ვერ დაინახა ტერორიზმის „გამართლებისა და პროპაგანდის“ ვერანაირი ნიშნები. მისი აზრით, ასეთივე წარმატებით შესაძლებელია დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ მიიჩნიონ „მკვლელობის პროპაგანდად“.

„შეუძლებელია ამის აღქმა ტერორიზმის განდიდებად და გამართლებად”, - განაცხადა ექსპერტმა, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა პროკურატურის მიერ ჩატარებული „ფინისტის“ ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნა. ლევ ზაკსის აზრით, ფსიქოლოგები და ენათმეცნიერები, რომლებსაც არ მიუღიათ სახელოვნებო განათლება, ვერ შეძლებენ ხელოვნების ნაწარმოების სრულფასოვან შეფასებას:

”ეჭვქვეშ ვაყენებ დასკვნების კომპეტენციას. მეცნიერებაში ამას „არარელევანტურს“ უწოდებენ. კვალიფიკაციას ადასტურებს საქმე და არა განათლების დამადასტურებელი ქაღალდი“.

  • რეჟისორ ევგენია ბერკოვიჩისა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკის სასამართლო პროცესი 20 მაისს დაიწყო. სხდომები იმართება ყოველდღიურად. ბერკოვიჩსა და პეტრიიჩუკს დასავლეთის მე-2 ოლქის სამხედრო სასამართლოში ასამართლებენ. რვა წლის წინ, სწორედ აქ გაასამართლეს ვარვარა კარაულოვა, ქალი, რომელიც ცდილობდა სირიაში გამგზავრებას ინტერნეტით გაცნობილ ახალგაზრდა მამაკაცთან. კარაულოვას ბრალი დასდეს ტერორისტებთან თანამშრომლობის მცდელობაში, რის გამოც 4,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ვარვარა კარაულოვას ისტორია საფუძვლად დაედო ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის სპექტაკლის ერთ-ერთ სიუჟეტურ ხაზს.
  • ევგენია ბერკოვიჩისა და სვეტლანა პეტრიიჩუკის სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა 30 მაისს გაიმართება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG