Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის "შავი ოქტომბერი" და მისი მთავარი მოქმედი პირები


ბარიკადები მოსკოვის ქუჩებში. 1993 წლის 3 ოქტომბერი
ბარიკადები მოსკოვის ქუჩებში. 1993 წლის 3 ოქტომბერი

1993 წლის 4 ოქტომბერს, მრავალთვიანმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ რუსეთში აპოგეას მიაღწია - რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა არმიას უბრძანა ცეცხლი გაეხსნა და შტურმით აეღო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა.

რუსეთში განვითარებული სახელისუფლებო კრიზისიდან, რომელმაც სამოქალაქო ომის ზღვარზე დააყენა ქვეყანა და 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ მოსკოვში ქუჩის ბრძოლების ყველაზე მასშტაბური პრეცედენტი შექმნა 30 წელი გავიდა.

რა ხდებოდა "შავ ოქტომბრამდე"?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს არყევდა მემარცხენე პარლამენტსა და ელცინის მთავრობის მემარჯვენე, თავისუფალი ბაზრის მომხრე რეფორმატორებს შორის მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა. მზარდი დაპირისპირების ვითარებაში პოლიტიკურ ძალებს არანაირ გამოსავალს არ სთავაზობდა ფატალურად მოძველებული და ძლიერ სახეცვლილი საბჭოთა კავშირის 1978 წლის კონსტიტუცია.

1993 წლის 21 სექტემბერს ბორის ელცინმა პარლამენტის (უმაღლესი საბჭოს) დაშლისა და ახალი არჩევნების დანიშვნის ბრძანება გამოსცა. ამ ბრძანებას უკანონო უწოდეს მეამბოხე დეპუტატებმა, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის მთავარი ოპონენტების, უმაღლესი საბჭოს სპიკერისა და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრ რუცკოის ხელმძღვანელობით, თეთრ სახლში (ასე უწოდებდნენ შენობას, რომელშიც რუსეთის პარლამენტი იყო განთავსებული - რედ.) ბარიკადები აღმართეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტს უყარეს კენჭი.

ქვეყანა ორხელისუფლებიანობის საშიშ ვითარებაში აღმოჩნდა.
1993 წლის ოქტომბრის კრიზისზე როდესაც საუბრობდა, აი, რა თქვა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში, 1993-1996 წლებში პრეზიდენტ ბორის ელცინის ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი ფილატოვმა:

"რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოპოზიციასთან ამ ბრძოლაში, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, ყველა კონტაქტი დაიკარგა. ერთმანეთის მიმართ ნდობა სრულიად დაკარგული იყო. და, რაც მთავარია, ეკონომიკური რეფორმების ძალისხმევაში ძლიერი ჩარევა მოხდა. ელცინი არ იყო ერთადერთი, ვისაც ეს სენი აწუხებდა. ჩვენ ყველას გვქონდა საბჭოთა, იმპერიული მენტალიტეტი, როდესაც ითვლება, რომ ძალა ყოველთვის უკეთესია პრობლემის მოსაგვარებლად, ვიდრე მოლაპარაკებები და კომპრომისი. ეს იყო ელცინის სენი, ეს იყო [ყოფილი საბჭოთა ლიდერის მიხაილ] გორბაჩოვის სენი, რომელიც ყველას გვჭირდა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ამა თუ იმ საკითხის ძალისმიერ გადაწყვეტას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მოვმწიფდით საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის დონემდე“, - განაცხადა ფილატოვმა.

ეს მოვლენები რუსეთში ისტორიაში შევიდა, როგორც „შავი ოქტომბერი“ და „თეთრი სახლის დახვრეტა“, რომლის მთავარი მოქმედი პირებიდან ამჟამად ცოცხალი მხოლოდ ალექსანდრ რუცკოია.

ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ რუცკოი

მე მხოლოდ ერთი რამ მინდოდა: რომ ეკონომიკური რეფორმები არა ჟურნალ „ფორბსის“ სიაში მყოფთა, არამედ მოსახლეობის ინტერესებში ყოფილიყო
ალექსანდრ რუცკოი

ავღანეთის ომის ორდენოსანი ვეტერანი ოფიცერი ალექსანდრ რუცკოი, ბორის ელცინმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 1991 წელს დაასახელა, როდესაც საბჭოთა კავშირში შემავალი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა.

ხასბულატოვის მსგავსად, ისიც 1991 წლის აგვისტოში მომხდარი გადატრიალების დროს ელცინის მხარეს დადგა. და ზუსტად მაშინ დაუპირისპირდა ელცინსა და მის გუნდს, როცა ხასბულატოვი.

იგი განსაკუთრებით კრიტიკულად უყურებდა ახალგაზრდა ეკონომისტების გუნდს, მათ შორის ეგორ გაიდარსა და ანატოლი ჩუბაისს, რომლებსაც ელცინმა რუსეთში ეკონომიკური რეფორმების გაძღოლა დაავალა.

1993 წლის ოქტომბრის მოვლენების მე-20 წლისთავზე გენერალი ალექსანდრ რუცკოი ამართლებდა თავის მოქმედებას, რითაც შეეცადა ხელი შეეშალა ქვეყნის „დამღუპველი“ ეკონომიკური კურსის გატარებისათვის.

„მე მხოლოდ ერთი რამ მინდოდა: რომ ეკონომიკური რეფორმები არა ჟურნალ "ფორბსის" სიაში მყოფთა, არამედ მოსახლეობის ინტერესებში ყოფილიყო. სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი: ამ პრივატიზაციას შედეგად მოჰყვა მოსახლეობის ტოტალური გაღარიბება. ჩვენ დავკარგეთ სამრეწველო, სამეურნეო და სამხედრო პოტენციალი“, - თქვა რუცკოიმ.

1992 წლის ბოლოს ვიცე-პრეზიდენტმა რუცკოიმ ელცინის და მისი გარემოცვის კორუფციაში დადანაშაულება დაიწყო. როგორც სახელმწიფო ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელი, იგი აცხადებდა, რომ „ჩემოდნებით ჰქონდა მაკომპრომეტირებელი მასალები“.

1993 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც ბორის ელცინმა ვიცე-პრეზიდენტი რუცკოი თანამდებობიდან დაითხოვა და კრემლის კარი დაუხურა, ხასბულატოვმა მას პარლამენტის შენობაში გამოუყო კაბინეტი.

რუსეთის პარლამენტის მიერ ელცინისათვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, ალექსანდრ რუცკოი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა და ფიციც დადო.

3 ოქტომბერს თეთრი სახლის აივნიდან რუსლან ხასბულატოვის გვერდით მდგარმა რუცკოიმ მომიტინგეებს ტელეკომპანია „ოსტანკინოსა“ და მოსკოვის მერიის შტურმისკენ მოუწოდა, რასაც საპასუხოდ თეთრი სახლის ტანკებით დაბომბვა მოჰყვა.

საბოლოო ჯამში, ალექსანდრ რუცკოი აჯანყების სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს მასობრივი არეულობების წაქეზებაში. მომდევნო წელს ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.

რუცკოიმ შექმნა ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია „დერჟავა“ და 1996 წელს აირჩიეს კურსკის რეგიონის გუბერნატორად. ამ პოსტზე იგი 2000 წლამდე მუშაობდა. ამის შემდეგ რუცკოი საჯარო საქმიანობას ჩამოშორდა.

ბორის ელცინი

შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ამა თუ იმ საკითხის ძალისმიერ გადაწყვეტას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მოვმწიფდით საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის დონემდე
სერგეი ფილატოვი

ელცინი პერესტროიკის ეპოქის რუსეთის დემოკრატიული მოძრაობის სწორუპოვარი გმირი იყო.

1980-იანი წლების ბოლოს ბორის ელცინი კომუნისტური პარტიის რეგიონული ლიდერიდან მგზნებარე პოპულისტად გადაიქცა. ამ მეტამორფოზის კულმინაცია იყო ტანკზე შემდგარი ელცინი, რომელიც 1991 წლის აგვისტოში მოსკოვის ცენტრში, ე.წ. გეკაჩეპეს სახელით ცნობილ სამხედრო გადატრიალებას დაუპირისპირდა.

ამ არშემდგარმა პუტჩმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა და კრემლისკენ გზა გაუხსნა ბორის ელცინს.

მაგრამ 1993 წლის გაზაფხულზე იმ მშფოთვარე დღეების ბრწყინვალება ეკონომიკური კრიზისის წყვდიადმა შთანთქა.

რუსეთის პოსტსაბჭოთა ეკონომიკა სულს ღაფავდა, ხოლო ელცინის საბაზრო რეფორმები, ცნობილი როგორც „შოკური თერაპია“, სულ უფრო არაპოპულარული გახდა. 1992 წლის მეორე ნახევარში რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ უარი თქვა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ელცინის ფავორიტი ეკონომისტის ეგორ გაიდარის კანდიდატურის ხელმეორედ დამტკიცებაზე. კომპრომისული ნაბიჯად, ელცინმა მის ნაცვლად „გაზპრომის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ვიქტორ ჩერნომირდინის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტმა ჩერნომირდინი 1992 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

1993 წლის აპრილში გამართულ რეფერენდუმზე მიღებული სახალხო მხარდაჭერის მიუხედავად, ელცინს სულ უფრო უჭირდა საერთო ენის გამონახვა რუსეთის უმაღლეს საბჭოსთან, მის სპიკერთან, რუსლან ხასბულატოვთან და მის ვიცე-პრეზიდენტთან, ალექსანდრ რუცკოისთან.

ჩიხში შესული პოლიტიკური დაპირისპირებისა და ქვეყნის ეკონომიკური პარალიზების საფრთხის ფონზე, პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1993 წლის 21 სექტემბერს ხელი მოაწერა 1400-ე დეკრეტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დაშლასა და დეკემბერში ახალი ორპალატიანი პარლამენტის არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებდა.

ელცინმა თავისი განკარგულება დააფუძნა იმ ფაქტზე, რომ აპრილის რეფერენდუმში რუსების თითქმის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვას.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად და საბჭოთა წარსულში დაბრუნების თავიდან ასაცილებლად.

რუსეთის პრეზიდენტმა 1999 წლის 31 დეკემბერს გადადგომის შესახებ გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა 1999 წლის 31 დეკემბერს გადადგომის შესახებ გამოაცხადა

იმპიჩმენტის პასუხად ბორის ელცინმა პარლამენტის შენობის იზოლირების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციის ალყაში მოქცეულ პარლამენტს გაუთიშეს დენი, წყალი და ტელეფონი.

მას შემდეგ, რაც ხასბულატოვმა და რუცკოიმ ელცინის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების შეიარაღებულ ბანდებს მოუწოდეს, თავს დასხმოდნენ ოსტანკინოს სატელევიზიო სტუდიას, რუსეთის სამაუწყებლო მედიის ნერვულ ცენტრს, და მოსკოვის მერიას, - რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

4 ოქტომბრის დილით ბორის ელცინმა თავდაცვის მინისტრს პაველ გრაჩოვს უბრძანა, ცეცხლი გაეხსნა თეთრი სახლისთვის და შენობა იერიშით აეღო. შუადღისთვის ელცინისადმი ლოიალურად განწყობილმა სამხედრო ძალამ შენობა დაიკავა. მეამბოხე დეპუტატები და მათი მოთავეები: რუსლან ხასბულატოვი, ალექსანდრ რუცკოი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ტრუდოვაია როსიას“ თავმჯდომარე, ვიქტორ აპილოვი დააპატიმრეს.

მაგრამ ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო დუმის მიერ გამოცემული ამნისტიის საფუძველზე ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

ბორის ელცინმა მეორე ვადით გაიმარჯვა 1996 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ხოლო ხელისუფლება კორუფციულ სკანდალებში ჩაერთო. ბორის ელცინი მოულოდნელად გადადგა 1999 წლის ახალი წლის ღამეს და საპრეზიდენტო ძალაუფლება თავის პრემიერ-მინისტრსა და არჩეულ მემკვიდრეს, კგბ-ს ყოფილ ოფიცერს, ვლადიმირ პუტინს გადააბარა.

ბორის ელცინი 2007 წელს გარდაიცვალა.

ვლადიმირ პუტინი რკინის ხელით განაგრძობს რუსეთის მართვას, მან მეთოდურად გაანადგურა დემოკრატიის ის ელემენტები, რაც მემკვიდრეობით მიიღო ბორის ელცინისგან, შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში და მოახერხა დასავლეთისგან ქვეყნის სრული იზოლაცია.

რუსეთის უზენაესი საბჭოს სპიკერი რუსლან ხასბულატოვი

ჩვენს ქვეყანაში არავის აქვს ძალაუფლება პრეზიდენტის გარდა. მისი ნებართვის გარეშე ცხვირის დაცემინებაც კი არ შეიძლება. და ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც მაშინ მოხდა
რუსლან ხასბულატოვი.

ჩეჩნური წარმოშობის ეკონომისტი, რუსლან ხასბულატოვი საბჭოთა კავშირის დასასრულს ელცინის ახლო მოკავშირე იყო. იგი 1990 წელს აირჩიეს საბჭოთა რუსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოში, 1991 წლის აგვისტოში წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების დროს მან მხარი ბორის ელცინს დაუჭირა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ხასბულატოვი აირჩიეს უმაღლესი საბჭოს სპიკერად, სადაც მან სწრაფად მოახერხა ძალაუფლების კონსოლიდაცია.

მალევე ხასბულატოვი ელცინს დაუპირისპირდა, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული საბაზრო ეკონომიკური კურსისა და „შოკური თერაპიის“ გამო. რეფორმამ, რომელსაც „შოკური თერაპია” ეწოდა, 1992 წელს რუსეთში ფასები გაათავისუფლა და პრივატიზაციის პირველ ტალღას დაუდო საფუძველი.

1993 წლის სექტემბერში ხასბულატოვმა საჯაროდ დაადანაშაულა პრეზიდენტი ალკოჰოლიზმში და მოითხოვა მისი გადადგომა. ელცინის განკარგულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს დაშლის შესახებ, ხასბულატოვმა აჯანყებული დეპუტატები შეკრიბა თეთრ სახლში, სადაც ხმა მისცეს ელცინის იმპიჩმენტს და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრ რუცკოის პრეზიდენტად დანიშვნას.

თეთრი სახლის აივნიდან ხასბულატოვმა მხარდამჭერებს კრემლის შტურმის და „კრიმინალური უზურპატორი ელცინის“ დაპატიმრებისკენ მოუწოდა.

4 ოქტომბერს თეთრი სახლის შტურმითა და სროლით აღების შემდეგ ხასბულატოვი დააპატიმრეს. 1994 წელს ახლად არჩეულმა რუსეთის სახელმწიფო დუმამ, ხასბულატოვი და ელცინის მოწინააღმდეგე სხვა ლიდერები ამნისტიით გაათავისუფლა.

რუსეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერი, რუსლან ხასბულატოვი და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრ რუცკოი. სპეცრაზმ "ალფას" მიერ მათი დაპატიმრების დროს, 1993 წლის 4 ოქტომბერი
რუსეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერი, რუსლან ხასბულატოვი და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრ რუცკოი. სპეცრაზმ "ალფას" მიერ მათი დაპატიმრების დროს, 1993 წლის 4 ოქტომბერი

2013 წელს, ოქტომბრის მოვლენათა 20 წლის თავზე, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში რუსლან ხასბულატოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თეთრის სახლის დახვრეტის ბრძანებით საფუძველი დაუდო უკანონობას, რომელიც დღემდე გრძელდება.

„ელცინმა მიიღო მხარდაჭერა, როდესაც მან დახვრიტა პარლამენტი. მაგრამ ხედავთ, რა სახის კონსტიტუცია გვაქვს ახლა? ეს არ არის მხოლოდ კონსტიტუცია, ეს არის სუპერკონსტიტუცია. ჩვენს ქვეყანაში არავის აქვს ძალაუფლება პრეზიდენტის გარდა. მისი ნებართვის გარეშე ცხვირის დაცემინებაც კი არ შეიძლება. და ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც მაშინ მოხდა“, - განაცხადა რუსლან ხასბულატოვმა.

გათავისუფლების შემდეგ ხასბულატოვმა დატოვა პოლიტიკა და ასწავლიდა ეკონომიკას პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკის აკადემიაში მოსკოვში. რუსლან ხასბულატოვი გარდაიცვალა 2023 წლის იანვარში.

ეგორ გაიდარი: „ნამდვილი მოქალაქე და პატრიოტი“

თუ ხასბულატოვი და რუცკოი გაიმარჯვებენ, რუსეთი ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარ საკონცენტრაციო ბანაკად გადაიქცევა
ეგორ გაიდარი

1992 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად 36 წლის ლიბერალური ეკონომიკის მიმდევარი, ეგორ გაიდარი დანიშნა. ის მხარს უჭერდა სწრაფი ეკონომიკური ლიბერალიზაციის რადიკალურ და მტკივნეულ პროგრამას, რომელიც ცნობილია როგორც „შოკური თერაპია“.

მტკივნეულმა რეფორმებმა ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია გამოიწვია. 1992 წლის ზაფხულში რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ არაერთხელ თქვა უარი გაიდარის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებაზე, რაც ხელისუფლების ორ შტოს შორის განხეთქილების ნათელი ილუსტრაცია გახდა.

1992 წლის დეკემბერში, რუსეთის უმაღლეს საბჭოსთან კომპრომისის მიღწევის მცდელობისას, ბორის ელცინმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა „გაზპრომის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვიქტორ ჩერნომირდინი, რომელსაც მხარი საკანონმდებლო ორგანომაც დაუჭირა.

გაიდარი კვლავ იყო მთავრობის წამყვანი ეკონომიკური მრჩეველი. 1993 წლის სექტემბერში, იგი დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად, რომელიც პასუხისმგებელი იყო ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე.

3 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ხასბულატოვმა და რუცკოიმ თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდეს „ოსტანკინოსა“ და დედაქალაქის მერიის შტურმისკენ, გაიდარი ტელევიზიაში მივიდა და რიგით მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

„თუ ხასბულატოვი და რუცკოი გაიმარჯვებენ, რუსეთი ათწლეულების განმავლობაში უზარმაზარ საკონცენტრაციო ბანაკად გადაიქცევა“, - ამბობდა მაშინ ეგორ გაიდარი.

რუსეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ეგორ გაიდარი, რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატების ყრილობაზე გამოსვლის დროს. 1992 წელი
რუსეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ეგორ გაიდარი, რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატების ყრილობაზე გამოსვლის დროს. 1992 წელი

ეგორ გაიდარმა მთავრობა 1994 წელს დატოვა და აკადემიურ სფეროს დაუბრუნდა. მას დღემდე ფართოდ აკრიტიკებენ რუსულ საზოგადოებაში.

ეგორ გაიდარი 2009 წელს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვლადიმირ პუტინმა, რომელიც იმ დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო, გაიდარი დაახასიათა, როგორც „ნამდვილი მოქალაქე და პატრიოტი“.

„ის არ ერიდებოდა პასუხისმგებლობას და ყველაზე რთულ სიტუაციებში ღირსეულად და გაბედულად იღებდა დარტყმებს“, - განაცხადა პუტინმა.

ამერიკელი იურისტი, ტერი დუნკანი, ცნობილი თავისი მეორე სახელით - მაიკი, 30 წლის წინ მოსკოვში დაწყებული სროლების შემდეგ ცნობისმოყვარეობამ „ოსტანკინოსთან“ მიიყვანა.


ამერიკელი ტერი დუნკანის ისტორია

ამერიკელი იურისტი, ტერი დუნკანი, ცნობილი თავისი მეორე სახელით მაიკი, 30 წლის წინ მოსკოვში დაწყებული სროლების შემდეგ ცნობისმოყვარეობამ „ოსტანკინოსთან“ მიიყვანა.

როდესაც ბრძოლა დაიწყო და სნაიპერებმა ხალხსა და ჟურნალისტებზე ნადირობა დაიწყეს, 26 წლის დუნკანი დაჭრილებს ეხმარებოდა.

„ის მოძრაობდა წინ და უკან, ამოწმებდა ხალხს, რათა დარწმუნებულიყო, რომ ისინი კარგად იყვნენ“, - იხსენებდა ოტო პოლი, New York Times-ის ფოტოგრაფი, რომელიც იმ დღეს დაიჭრა და ერთ-ერთი იყო, ვისაც დუნკანი ეხმარებოდა.

დუნკანს ამ მისიის შესრულების დროს ტყვია თავში მოხვდა და დაიღუპა.

იგი მოსკოვში მხოლოდ რამდენიმე თვის ჩასული იყო და თავის პარტნიორ ჯეიმსონ ფაიერსტონთან ერთად ახალი იურიდიული ფირმის შექმნაზე მუშაობდა.

ფირმა Firestone Duncan-ი, რომელიც მათ შექმნეს, რუსეთში მოგვიანებით კვლავ ტრაგიკული ამბის შუაგულში აღმოჩნდა. სწორედ ამ ფირმამ დაიქირავა რუსი იურისტი და აუდიტორი სერგეი მაგნიტსკი, რომელიც 2009 წლის ნოემბერში პატიმრობაში გარდაიცვალა. მაგნიტსკის სიკვდილმა პუტინის რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ მასშტაბური საერთაშორისო კამპანია გამოიწვია.

პასუხად, 2013 წელს რუსეთის სასამართლომ გადასახადების გადაუხდელობაში დამნაშავედ ცნო ციხეში გარდაცვლილი ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი, რომელიც სიცოცხლეში კორუფციასთან ბრძოლით იყო ცნობილი.

ოფიციალური მონაცემებით, 30 წლის წინ რუსეთში განვითარებული კონსტიტუციური კრიზისისა და შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 187 ადამიანი დაიღუპა. არაოფიციალური წყაროები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, დაახლოებით 2000 იყოს.

ამ ისტორიის პირველი ვერსია გამოქვეყნდა 2013 წლის 3 ოქტომბერს.
ინტერვიუები ჩაიწერეს მიხაილ სოკოლოვმა და ანასტასია კირილენკომ. მასალა მომზადებული ტომ ბალმფორთის, რობერტ კოულსონისა და გლენ კეიტსის მიერ.

XS
SM
MD
LG