Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი კოზირევი: ჩვენ უკან, სტალინის ეპოქისკენ მივექანებით


ანდრეი კოზირევი
ანდრეი კოზირევი

„ისინი (დასავლეთში) გონს რომ მოგებულიყვნენ, 1999 წელს თუ არა, თუნდაც 2005 ან 2006 წლებში, იქნებ შესაძლებელიც გამხდარიყო კრემლის შეკავება. ხომ შეძლეს საბჭოთა კავშირის შეკავება ისე, რომ საქმე ცხელ ომამდე არ მისულიყო?... უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხება მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ეს იქნებოდა რეჟიმის დამარცხება (ეს არ იქნება რეჟიმის დამარცხება), ის უბრალოდ იმისთვის არის საჭირო, რომ მოსკოვმა თავი დაანებოს აგრესიულ ომებს“, - აცხადებს 1990-1996 წლებში რუსეთის ფედერაციის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი კოზირევი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის დიპლომატია დღეს „მკვდარია“, როგორც სტალინის პერიოდში, რუსი დიპლომატები ამჟამადაც კრემლის აგრესიული პოლიტიკის მომსახურებით არიან დაკავებული.

ანდრეი კოზირევი ოჯახთან ერთად 2012 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში და მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკურ სისტემას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობას. მასთან ინტერვიუს შემოკლებული სახით გთავაზობთ.

„შევარდნაძეს ლავროვის კანდიდატურა მე შევთავაზე“

„არავითარი დიპლომატია არ არსებობს! რამდენადაც მესმის, რუს დიპლომატებს საერთოდ არ აღიქვამენ დიპლომატებად. აქ, ამერიკაში, მათ არც ერთ სიტყვას არ ენდობიან, მორჩა და გათავდა. ადრე, რაღაცნაირად ყოველთვის იყო იმის შეგრძნება, რომ უნდა გავქცეულიყავი, ამეხსნა: ხალხო, გატყუებენ. განსაკუთრებით ძნელი იყო, როდესაც ეჭვის თვალით გიყურებდნენ. მაგრამ უნდა სცადო და გააგებინო. დიპლომატია - ეს არის საუბარი. რანაირი საუბარი შეიძლება იყოს, თუ შენი არავის სჯერა? თანაც არც შენ ხარ მაინცდამაინც მონდომებული, რომ დაგიჯერონ, ცდილობ შავი თეთრად გაასაღო. ჩინეთსა და ინდოეთთან თუ დარჩა [დიპლომატიიდან] კიდევ რაღაც. ცდილობენ რაღაც მიიღონ, რაღაც სარგებელი ნახონ. ჩინელები საკუთარ თამაშს თამაშობენ, ასევე - ინდოელებიც. ხოლო აფრიკაში არასოდეს არ ყოფილა არანაირი დიპლომტია. იქ ყველა ხელებში იყურება - ვინც ფულს იძლევა, კარგიც ისაა...

გალინა სიდოროვა: და საით მივექანებით ახლა?

ანდრეი კოზირევი: უკან, სტალინის დროში, როდესაც არსებობდა მტერი, შეურიგებელი მტერი, რომელსაც არაფერი ესმოდა. ვფიქრობ, რომ ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, კარგად ესმის ამ საქმის უაზრობის...

გამოსამშვიდობებლად შევარდნაძესთან მივედი. მითხრა: „კარგი, გილოცავთ, ვინ გსურთ, რომ შემომთავაზოთ თქვენს ადგილზე?“ მაშინ მე ლავროვის [კანდიდატურა] შევთავაზე...

გალინა სიდოროვა: ომის დროს დიპლომატიამ ხომ უნდა ითამაშოს რაღაც როლი. აქ კი დიპლომატია ლამის იმის საწინააღმდეგო როლს თამაშობს, რასაც მისგან მოელი - მხოლოდ ამძაფრებს სიტუაციას. როგორც ჩანს, პუტინს სხვა რამ არც სჭირდება...

ანდრეი კოზირევი: ნახეთ რას ამბობს ლავროვი. ეს ხომ დიპლომატია არ არის, ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდა, შიდა პუბლიკაზე თამაში და მცდელობა, რომ ძვალი გადაუგდოს აშშ-ის თეთრი სახლის დღევანდელი გუნდის მოწინააღმდეგეებს, რესპუბლიკური პარტიის ნაწილს ან ულტრამემარცხენეებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი განცხადებებით სწორედ მათზე აკეთებს გათვლებს. და უნდა ვთქვა, რომ მოქმედებს ძალიან გაწაფულად, მაგრამ ამას დიპლომატიასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია“, - ამბობს კოზირევი და აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღემდე მუშაობენ კადრები, რომლებსაც იგი თავის დროზე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს, კარიერულ კიბეზე ასვლაში ეხმარებოდა და ედუარდ შევარდნაძესთან, მაშინდელ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც შეაწია სიტყვა.

„იმავე სერიოჟა ლავროვსაც მე ვაძლევდი ბიძგს. როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავდიოდი, გამოსამშვიდობებლად შევარდნაძესთან მივედი. მითხრა: „კარგი, გილოცავთ, ვინ გსურთ, რომ შემომთავაზოთ თქვენს ადგილზე?“ მაშინ მე ლავროვის [კანდიდატურა] შევთავაზე, რომელიც მეზობელ სამმართველოში უფროსის მოადგილე იყო. შევარდნაძეს მის შესახებ არასდროს სმენოდა რამე, რაც ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტროს იერარქიაში. „ვნახავო“, - მომიგო. ზუსტად რამდენიმე კვირაში სერიოჟა (ლავროვი) საკავშირო საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს ადგილზე, საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს უფროსად დაინიშნა. მაშინ თავში აზრადაც არ მომივიდოდა, რომ სერიოჟა იმად იქცეოდა, რადაც გადაიქცა...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი მალელი კოლეგა აბდულაე დიოპი. 2023 წლის 7 თებერვალი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი მალელი კოლეგა აბდულაე დიოპი. 2023 წლის 7 თებერვალი.

„ეს ავანტიურა უიმედოა და ის მხოლოდ დამარცხებით დამთავრდება“

გალინა სიდოროვა: მრავალი წელია ვცდილობ გავიგო, თუ რა დაემართა ამ გახსნილ, მხიარულ, ჭკვიან პროფესიონალ ადამიანს, რომელიც მე 1990-იან წლებში გავიცანი? როგორ გადაიქცა ბრწყინვალე დიპლომატი არაფრით გამორჩეულ პროპაგანდისტად? ... ვერ იტყვი, რომ ლავროვს ეს არ მოსწონს, მაგრამ იძულებულია, ასე მოიქცეს... ის იმდენად შეეზარდა მინისტრის როლს, იმდენად გაითავისა საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის პირად სამინისტროდ, რომ სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ისევე როგორც პუტინს ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი პრეზიდენტის როლის გარეშე.

არსებობს ათასი საშუალება, გაკეთდეს ისე, რომ კრემლში გაიგონ: ეს ავანტიურა უიმედოა და ის მხოლოდ დამარცხებით დამთავრდება...

ანდრეი კოზირევი: მე შემიძლია იოლად წარმოვიდგინო, რომ საბოლოო ჯამში რუსეთი ჩრდილოეთ კორეად გადაიქცევა. უკრაინასთან ომში დამარცხება მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ეს იქნება რეჟიმის დამარცხება (ეს არ იქნება რეჟიმის დამარცხება), ეს მნიშვნელოვანია უბრალოდ იმისთვის, რათა მოსკოვმა შეწყვიტოს აგრესიული ომები. ისევე როგორც ჩრდილოეთი კორეა: საშინელი სახელმწიფო, აგრესიული სახელმწიფო, რომელსაც ბირთვული იარაღიც კი აქვს, მაგრამ თავს არ ესხმის სამხრეთ კორეას. რატომ? იმიტომ, რომ სამხრეთი კორეა კარგად არის შეიარაღებული, მის უკან ამერიკელები დგანან. და როგორი ნაკლებშერაცხადი ლიდერიც არ უნდა ჰყავდეს ფხენიანს - ის არ არის თვითმკვლელი. ანუ, ისინი იმუქრებიან ატომური ბომბით, ატარებენ რაღაც მანევრებს, მაგრამ თავს არავის ესხმიან. აი, ეს მიმაჩნია ახლა მთავარ მიზნად და არა რეჟიმის შეცვლა. თავად რუსეთის მოქალაქეების გარდა რეჟიმს ვერავინ შეცვლის. მთავარი მიზანია - უკრაინიდან ამჟამინდელი [ოკუპანტების] გაყრა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა და უკრაინის შეიარაღება (ნატოში თუ ნატოს გარეთ). არსებობს ათასი საშუალება, გაკეთდეს ისე, რომ კრემლში გაიგონ: ეს ავანტიურა უიმედოა და ის მხოლოდ დამარცხებით დამთავრდება. ეს არის იმის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეგვიძლია. მაგრამ იმის იმედი, რომ პუტინის [გაჩაღებული] ეს ომი პუტინის დამარცხებამდე მიგვიყვანს, სისულელეა ან დაშინება. რატომაა, რომ მისი პროპაგანდა, ყველა ეს „ჭკუის კოლოფები“ სულ მუდამ იმეორებენ, თითქოს, ის [პუტინი] კედელს აეკვრება, კუთხეში იქნება მიმწყვდეული... არა, არაფერი არ იქნება: სოლოვიოვი (კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი - რედ.) მეორე დღესვე ამღერდება, რომ დიდი გამარჯვება იქნა მიღწეული... რომ ნატოს ჭკუა ასწავლეს, ზელენსკის ჭკუა ასწავლეს, დენაციფიკაცია მოხდა... ეს რეჟიმი სერიოზული საქმეა და შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. ეს არის პოლიციური სახელმწიფო და თაობები უნდა შეიცვალოს, რათა ბზარები გაუჩნდეს, შემდეგ შეირყეს და დაეცეს. ასევეა ამ სახელმწიფოს დიპლომატიაც: მან დასაწყისში თუნდაც მხეცური სახე უნდა დაკარგოს, შემდეგ კი ადამიანურის მსგავსი სახე შეიძინოს. თუ წარმოვიდგენთ, რომ ხვალ ციხეების კარები გაიღება, რაც ისტორიაში მომხდარა, მაშინ [ალექსეი] ნავალნის უკან უამრავი ადამიანი გამოჰყვება. შესაძლოა მას მხარი დაუჭიროს ოლიგარქების ნაწილმა, შესაძლოა - ძალოვნების ნაწილმაც. მაგრამ ახლა იმის თქმა, რომ თუნდაც უკრაინაში დამარცხების შემდეგ რუსეთში ხვალ ხელისუფლებაში მოვა ნავალნი ან რომელიმე დემოკრატიულად განწყობილი ადამიანი, - ეს სისულელეა, მე ამის არ მჯერა.

XS
SM
MD
LG