Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთის მეცნიერება კაპუტ!“ - რუს ფიზიკოსებს CERN-იდან აძევებენ


დიდი ადრონული კოლაიდერი
დიდი ადრონული კოლაიდერი

2024 წლის ნოემბერში 500-ზე მეტი რუსი მეცნიერი შეწყვეტს მუშაობას ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN). ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ მიიღო.

რუსული მეცნიერებისთვის ეს ნიშნავს ექსპერიმენტების შეჩერებას დიდ ადრონულ კოლაიდერზე, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. როგორც პროექტი „ოკნო“ წერს, CERN-იდან რუსი ფიზიკოსების გაშვება მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს რუსეთის მეცნიერებას - მეცნიერება იზოლირებულად ვერ იარსებებს.

1967 წელს საბჭოთა მეცნიერებმა მოსკოვის გარეუბანში მდებარე პროტვინოში აამოქმედეს იმ დროისთვის რეკორდული სიმძლავრის (70 გიგაელექტრონვოლტი) პროტონის ამაჩქარებელი. იმავე 1967 წელს საბჭოთა ფიზიკოსები მიიწვიეს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN), რომელიც შეიქმნა შვეიცარიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც ფიზიკოსთა თანამშრომლობის პლატფორმა. CERN-ი მაშინ ნაკლებად ცნობილი კვლევითი ორგანიზაცია იყო და არ გამოირჩეოდა თანამშრომლების სიმრავლით. ჩანაფიქრის მიხედვით, მეტისმეტად ძვირი კვლევის ღირებულება უნდა გადანაწილებულიყო პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის.

დღეს CERN-ის ექსპერიმენტებში 16 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს მსოფლიოს 77 ქვეყნიდან. მეცნიერების უმეტესობა აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან და რუსეთიდანაა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური თანამშრომლობის პლატფორმა ბირთვული ფიზიკის სფეროში.

2008 წელს აქ ამოქმედდა დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) - ამაჩქარებელი, რომელიც ათასჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე 1967 წელს გაშვებული საბჭოთა (პროტვინოს) ამაჩქარებელი. LHC-ზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა საშუალება მისცა მეცნიერებს, 2012 წელს აღმოეჩინათ, მაგალითად, ჰიგსის ბოზონი - „ღვთიური ნაწილაკი“ - ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელის ბოლო დეტალი, რომელიც იწინასწარმეტყველა ბრიტანელმა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა პიტერ ჰიგსმა ჯერ კიდევ 1964 წელს.

„ვაკეთებთ ექსპერიმენტებს, ვამოწმებთ თეორიებს, ვსწავლობთ მატერიის თვისებებს, პარალელურად კი, თანმდევი პროდუქტების სახით, პრაქტიკული ნივთები მზადდება. მაგალითად, ყველას აქვს ჯიბეში CERN-ის მუშაობის შედეგად მიღებული ისეთი საგანი, როგორიც არის სმარტფონი. აქვე გამოიგონეს ინტერნეტი და სენსორული ეკრანი. ეკრანი გამოიგონეს მაშინ, როდესაც საჭირო გახდა ამაჩქარებლის მართვის სისწრაფის გაზრდა, რაც შეუძლებელი იყო კლავიატურაზე საჭირო სიმბოლოების ხანგრძლივი აკრეფით. ახლა ბევრი რამ კეთდება, მაგალითად, ბირთვული მედიცინის სფეროში”, - ამბობს "ოკნოსთან" საუბარში CERN-ის მიწვეული ფიზიკოსი ანატოლი რომანიუკი, რომელსაც ასევე შეეხება ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის გადაწყვეტილება.

ანატოლი რომანიუკი
ანატოლი რომანიუკი

ანატოლი რომანიუკი შვეიცარიაში 1991 წელს ჩავიდა. ის სამი ათეული წელია მუშაობს გამოსხივების ტრეკულ დეტექტორზე - მისი გამოგონების დახმარებით უნდა მოხდეს ადამიანის სკანირება გამოსხივების მცირე დოზით, რათა შემცირდეს თანამედროვე ტომოგრაფის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. რომანიუკის ჯგუფში შედის ორი ათეული მეცნიერი რუსეთიდან.

„არ არსებობს სხვა ისეთი ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც ამდენ ქვეყანას და ინსტიტუტს აერთიანებს. მაგალითად, ATLAS-ის ექსპერიმენტში (ერთ-ერთი ოთხიდან, რომელიც ამჟამად ტარდება CERN-ში) 200 უნივერსიტეტის 700 ასპირანტი მონაწილეობს“, - ამბობს ის.

რუსმა მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს CERN-ის ყველა ძირითად ექსპერიმენტში, მათ შორის, დიდი ადრონული კოლაიდერის მშენებლობასა და გაშვებაში.

„ადრონული კოლაიდერის უამრავი აღჭურვილობა გაკეთდა რუსეთში, - განაგრძობს რომანიუკი, - ნოვოსიბირსკის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში დამზადდა 1200 ცალი მაგნიტი. იგეგმებოდა (არსებობდა შეთანხმება) კოლაიდერის მორიგი განახლების ფარგლებში თითქმის 100 მილიონი ევროს ღირებულების მაგნიტის მიწოდება. ახლა კი ეს შეთანხმება შეჩერებულია. რუსეთმა ბევრი ჩადო ამ პროექტში, სადღაც ინფრასტრუქტურის 10%. CERN-ისთვის, რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკლისი იქნება - თანამშრომლობის ასეთი დასასრული. საერთოდაც, CERN-ს ეს დიდად არ ახარებს, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკა ერევა ცხოვრებაში“.

CERN-ის მთავარი ბაქანი
CERN-ის მთავარი ბაქანი

2024 წლის თებერვალში CERN-ის წარმომადგენელმა არნო მარსოლიემ განაცხადა, რომ 500-ზე მეტ მეცნიერს რუსეთის ინსტიტუტებიდან ჩამოაშორებენ ორგანიზაციაში საქმიანობას. რუსეთის ი. კურჩატოვის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, მიხაილ კოვალჩუკმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა "საჩუქარი ქვეყნისთვის", რადგან, მისი თქმით, რუსი ფიზიკოსები დაბრუნდებიან სამშობლოში.

რუსეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ CERN-ის ობიექტებზე, კურჩატოვის ინსტიტუტის გარდა ასევე არიან: მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნოვოსიბირსკის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი და ა.შ. სულ 1100 მეცნიერი. CERN-მა რუს მეცნიერებთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მიიღო, როგორც პასუხი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე, თუმცა მეცნიერებს ორი წელი მიეცათ პროექტების დასასრულებლად.

500-მდე მეცნიერი, რომლებზეც საუბარია, რუსული უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების ცალკეული სპეციალისტები არიან. თუმცა CERN-ში ასევე მუშაობს დუბნის ბირთვული კვლევების ერთობლივი ინსტიტუტის 600-მდე მეცნიერი, რომლებთანაც CERN-ს ცალკე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამ ხელშეკრულების ვადაც იწურება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

დუბნის (ქალაქი მოსკოვის მახლობლად) ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი შეიქმნა 1953 წელს, 2013 წლიდან კი დუბნაში შენდება მინიკოლაიდერი NIKA.

2020 წლის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ამაჩქარებელი ამუშავდებოდა 2022 წლის ბოლოს, თუმცა გახსნა გადაიდო, როგორც ჩანს, 2024 წლის ბოლომდე.

უკონტრაქტოდ

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) მდებარეობს ჟენევის მახლობლად, ქალაქ მეირინში (ფრ. Meyrin). სამეცნიერო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია მეცნიერთა ჰოსტელი და კოლაიდერი - მძლავრი მაგნიტებისაგან დამზადებული მიწისქვეშა მილი, რომლის სიგრძე 27 კილომეტრია. ზამთრობით კოლაიდერი წყვეტს მუშაობას. მეცნიერთა უმეტესობა ქალაქში მუდმივად არ ცხოვრობს. ჩადიან ხოლმე რამდენიმე თვით კვლევების ჩასატარებლად.

„ეს არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ტვინების დაბრუნება რუსეთში. არიან კოლეგები, რომლებიც საერთოდ არ ჩადიან CERN-ში, რადგან ყველაფერს დისტანციურად აკეთებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი წელი იქ სხედან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის სამუშაოს ასრულებს“, - ამბობს პეტერბურგელი ფიზიკოსი ანდრეი სერიაკოვი.

ანდრეი სერიაკოვი
ანდრეი სერიაკოვი

ანდრეი სერიაკოვი - სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი მკვლევარი, ყოველწლიურად ჩადის შვეიცარიაში ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად. მეცნიერს მაისურზე აწერია „STOP WARS“.

სერიაკოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებელი იყო, ის ასევე გამოდიოდა უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ, მისული იყო ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე. როგორც თვითონ ამბობს, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს პეტერბურგის უნივერსიტეტიდან „მომეტებული პოლიტიკური აქტიურობის გამო“.

ფიზიკოსმა სოციალურ ქსელ VKontakte-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, მისი და რამდენიმე ათეული მისი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების უკან იდგა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ფსბ).

„ფსბ მივიდა უნივერსიტეტში და დაიწყო ზეწოლა, გავრცელებული ხმებით, „გონივრული ხმის მიცემის“ (ინტერნეტპლატფორმა, რომელიც შეიქმნა ალექსეი ნავალნის გუნდის მიერ მუნიციპალურ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად) გაჟონილი სიებით. ფსბ-ს წარმომადგენლები მზად არიან გაესაუბრონ მეცნიერების ნაწილს და, ლოიალობის დადასტურების შემთხვევაში, მიიღონ კომპრომისული გადაწყვეტილება, დანარჩენებთან კი შეუვალები არიან“, - დაწერა ანდრეი სერიაკოვმა.

ATLAS დეტექტორი
ATLAS დეტექტორი

CERN-ი „სუპერგონივრულად“ მოიქცა, როცა მეცნიერებს მისცა ორწლიანი „ფორა“ ახალი პროექტების მოსაძიებლად, „მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის დაარსების ფუნდამენტურ პრინციპებს“, - აღნიშნავს ფიზიკოსი, რადგან, მისი თქმით, მეცნიერება პოლიტიკის მიღმაა.

„ჩვენ გვეშინოდა, რომ მყისიერად გაგვაძევებდნენ. იტყოდნენ, მოუსვით აქედანო. მაშინ არავის ჰქონდა დაგეგმვის ჰორიზონტი, იყო იმედი, რომ ომი სწრაფად დამთავრდებოდა, - იხსენებს ანდრეი სერიაკოვი, - იმ მომენტში დეპრესიაში ვიყავი. ეს ის დრო იყო, როცა კოლეგებთან ხშირად მიწევდა ურთიერთობა, ბაზისური ჭეშმარიტებების ახსნა და კონტაქტების აწყობა. პრობლემები მქონდა პოლონელებთან. საერთოდ რუსი კოლეგების მიმართ დიდი მიუღებლობა იყო“.

„რუსეთში მეცნიერება კაპუტ (გერმ. Kaputt). მეცნიერება შეიძლება აშენდეს და განვითარდეს მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობით. როდესაც შესაძლებელია იდეების გაცვლა სხვა ქვეყნებში მომუშავე კოლეგებთან. მეცნიერება იზოლირებულად ვერ იარსებებს“, - მიაჩნია ანდრეი სერიაკოვს.

ცნობილია, რომ დუბნის კოლაიდერი იმუშავებს უფრო დაბალ ენერგიებზე. შესაბამისად, მეცნიერთა აზრით, ყველა ფიზიკოსისთვის არ იქნება საინტერესო ასეთ მოწყობილობაზე კვლევების ჩატარება.

„რა თანხაც არ უნდა გამოიყოს, რუსეთი მეორე CERN-ს ვერ შეიქმნის, რადგან საჭიროა 100 ქვეყნის მოზიდვა მათი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, შესაძლებლობებით, კომპანიებით და ა.შ. CERN-ის პროექტში მონაწილეობა რუს მეცნიერებს თანამედროვე მეცნიერების წინა პლანზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევდა. არსად არ არსებობს უფრო მოწინავე ორგანიზაცია მაღალი ენერგიების ფიზიკის სფეროში“, - ამბობს რომანიუკი.

კოვალჩუკის ფიზიკა

რუსეთის უნივერსიტეტების რექტორებმა, მათ შორის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა, 2022 წლის 4 მარტს გამოაქვეყნეს ომის მხარდამჭერი წერილი. უნივერსიტეტების ოფიციალურმა პირებმა საზოგადოებას მოუწოდეს დაირაზმონ „პრეზიდენტის გარშემო".

ევროპული სამეცნიერო საზოგადოებისთვის ეს დოკუმენტი იქცა ერთგვარ „წითელ ნაჭრად“, ამბობს ანდრეი სერიაკოვი.

„რექტორების წერილმა დიდი როლი ითამაშა რუსი მეცნიერების CERN-იდან მოკვეთის გადაწყვეტილების მიღებაში. რუსეთში ისეთივე ტერმინები გამოიყენება, როგორიც ევროპაში, თუმცა სინამდვილეში კი მათ განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ. ევროპელები ფიქრობენ, რომ პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იდენტურია მათი რომელიმე ინსტიტუტის რექტორისა, რომელიც არჩეულია საბჭოს მიერ და წარმოადგენს უნივერსიტეტს. რუსეთში კი რექტორი ბიუროკრატიული ვერტიკალის ერთ-ერთი ჭანჭიკია, რომელიც არ იმყოფება უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. რაც უთხრეს, იმას მოაწერა ხელი. ამიტომ ევროპელებმა რექტორების მიმართვა აღიქვეს საუნივერსიტეტო საზოგადოების ხმად, რომელიც მხარს უჭერდა ომს“, - უთხრა ანდრეი სერიაკოვმა "ოკნოს".

ანდრეი სერიაკოვი
ანდრეი სერიაკოვი

ანატოლი რომანიუკის თქმით, სინამდვილეში, იყო რუსეთის უნივერსიტეტების რექტორების ორი წერილი:

„პირველში, 2 მარტით დათარიღებულში, ისეთი არაფერი ეწერა. გამოთქმული იყო დიდი თანაგრძნობა უკრაინაში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით. მაგრამ ვიღაცას მოეჩვენა, რომ ნამეტანი კარგი იყო და გასწორება გადაწყვიტეს. ასე დაიწერა „სწორი წერილი“.

რომანიუკის თქმით, რუსეთში არიან მეცნიერები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ იდიოტურ ოპერაციას (სპეციალური სამხედრო ოპერაცია - ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება და მედია უკრაინაში მიმდინარე ომს), რის გამოც რამდენიმე მეგობართან ურთიერთობა შეწყვიტა.

„ხალხს ორის ორზე გამრავლება უჭირს. ტელევიზიით ეუბნებიან, რომ ხუთია და ისინიც იმეორებენ, რომ ხუთია“, - ამბობს რუსი მეცნიერი.

მიხაილ კოვალჩუკმა, რომელიც კურჩატოვის ინსტიტუტის პრეზიდენტი და ვლადიმირ პუტინის მეგობარია, თავის ინსტიტუტს დაუქვემდებარა ყველა სხვა ინსტიტუტი, რომლებიც მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევითაა დაკავებული. პარალელურად შეიქმნა რაღაც სამეცნიერო საბჭოები (უფრო ადმინისტრაციულები და ფორმალურები, ვიდრე სამეცნიერო), რომლებიც კოვალჩუკის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

ვლადიმირ პუტინი და მიხაილ კოვალჩუკი
ვლადიმირ პუტინი და მიხაილ კოვალჩუკი

„არ მომწონს მათი მიზნები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს საბჭოებიც გარკვეული ხელისუფლებაა. დავარქმევდი ამას მეცნიერულ ხელისუფლებას, რომელიც გვთავაზობს თავის იდეებს მომსახურე კაცის შესახებ. არის ასეთი ანეკდოტი, - ამბობს ანატოლი რომანიუკი, - ზოოპარკის მცველს ეკითხებიან: „მართლა შეუძლია სპილოს ამდენი და ამდენის ჭამა?“ – „ჭამით, რა თქმა უნდა, შეჭამს, მაგრამ ვინ მისცემს მაგდენს!" ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა: მისცეს, მაგრამ შეჭამს კი ამ ყველაფერს? ან რა სარგებელს მოიტანს ეს ყველაფერი? ფაქტობრივად, ეს ყველაფერი გამოიწვევს დიდ არეულობას“.

მეცნიერის თქმით, დუბნაში მშენებარე ამაჩქარებლისთვის მზადდება ორი ექსპერიმენტი, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან (მაგალითად, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან).

„ახლა რუს მეცნიერებსაც შეუძლიათ ჩაერთონ ამ ექსპერიმენტებში. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სხვა ფიზიკაა. დიახ, შეგიძლიათ შეუერთდეთ, მაგრამ, უხეშად რომ ვთქვათ, ექსპერიმენტი რეზინი არ არის, რომ გაიწელოს. ასევე შეუძლიათ წავიდნენ და დაიწყონ მუშაობა ჩინელებთან. მათაც სურთ დიდი ამაჩქარებლის აშენება. ფული თუ იქნება? ჩინეთს ახლა თავისი სირთულეები აქვს, მაგრამ ღმერთმა იცის, რა იქნება...“ - ამბობს ანატოლი რომანიუკი "ოკნოსთვის" მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ტაგირ აუშევმა, რომელიც მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელიცაა, გაზეთ "ვედომოსტის" უთხრა, რომ „ურთიერთობების გაწყვეტით გამოწვეული სამეცნიერო ზიანი ორმხრივი იქნება“, რადგან, მისი თქმით, რუსმა სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს CERN-ის ექსპერიმენტებში.

თუმცა, CERN-ის ექსპერიმენტებში მონაწილე რუსმა ფიზიკოსმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა The Insider-ს უთხრა, რომ თანამშრომლობის შეწყვეტა რეალურად ნიშნავს რუსეთში ექსპერიმენტული მაღალი ენერგიების ფიზიკის მთელი დარგის განადგურებას:

„CERN-ი ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ასეთი მეცნიერებაა შესაძლებელი. კოლაიდერიც ერთადერთია. არ არის მასზე წვდომა - არ არის მეცნიერება".

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG