Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის დატოვებს მელია ციხეს? - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 მაისს


გირაო გადახდილია - რა პროცესია წინ ნიკა მელიას გათავისუფლებამდე?

9 მაისს პროკურატურამ დაადასტურა, რომ უკვე მიმართა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით.

ახლა წინ არის პროცესი საქალაქო სასამართლოში, რომლის შემდეგაც მელია უნდა გათავისუფლდეს, თუმცა უცნობია როდის დაინიშნება სასამართლო.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა: „ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა მისი პატიმრობა. ვადების შესახებ ვერაფერს გეტყვით, სასამართლოზეა დამოკიდებული, როდის ჩანიშნავს პროცესს. ჩვენი მხრიდან გონივრულ ვადაში იქნა შუამდგომლობა შეტანილი“.

მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გმობს ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს

სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებს გმობს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეისწავლოს მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების ფაქტები.

„გუშინ, 2021 წლის 08 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. მასალაში ჩანს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება, და ბოლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასულიერო პირების არაერთ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენია, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე განმარტებებს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქოც“, - წერია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

სტიქია აღმოსავლეთ საქართველოში

9 მაისს ძლიერმა წვიმამ სტიქია გამოიწვია კახეთსა და შიდა ქართლში. გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად გორის რაიონის სოფელ ატენში, კლდე ჩამოიშალა. მიწა და კლდის ნაშალი გორი-ბოშური-ატენის მონაკვეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოვიდა.

ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ კახეთში, ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახმეტის სოფლებში, ფიჩხოვანში, არგოხსა და მაღრაანში დაზიანებულია ვენახები, ერთწლიანი კულტურები, კენკროვანი ხილისა და ხეხილის ბაღები.

დღეს დილიდან დაიწყება სტიქიის შედეგების აღწერა და შეფასება. სინოპტიკოსების ინფორმაციით ხვალ, 10 მაისს საქართველოში ისევ მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

წაიკითხე მეტი.

შეტაკებები იერუსალიმში

გუშინ ისევ განახლდა შეტაკებებში იერუსალიმში პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის. არიან დაშავებულები.

დაძაბულობამ მას მერე იმატა, რაც ცნობილი გახდა პალესტინელი მოსახლეობის შესაძლო გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარას დასახლებიდან.

პალესტინური წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ 9 მაისს გამოაცხადა, რომ მხოლოდ წინა ღამეს შეტაკებებისას დაიჭრა 100-მდე პალესტინელი, ბევრი მათგანი რეზინის ტყვიებით და ხმოვანი ყუმბარებით. ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ დაჭრილია 17 ოფიცერი.

იერუსალიმში ძალადობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა რომის პაპი ფრანცისკე. ისრაელის უსაფრთხოების ძალების მოქმედება რამდენიმე არაბულმა ქვეყანამაც დაგმო.

წაიკითხე მეტი.

ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ბრძანებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესახებ

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ბრძანებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუკი ის გარდაიცვლება, ან სხვა მიზეზით ვეღარ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას.

ბევრი მთავრობა ლუკაშენკას პრეზიდენტობას უკვე არალეგიტიმურად მიიჩნევს, აგვისტოში ჩატარებულ, მწვავე უთანხმოების გამომწვევ არჩევნებში მისი გამარჯვების და ოპოზიციური გამოსვლების მიმართ მიმდინარე სასტიკი რეპრესიების ფონზე.

აქამდე, თუკი პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გახდებოდა, ან პრეზიდენტი ვეღარ შეძლებდა თავისი მოვალეობების შესრულებას, უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადაეცემოდა ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. მაგრამ 9 მაისს ხელმოწერილი ბრძანებით საპრეზიდენტო უფლებამოსილება ასეთ შემთხვევებში გადადის უშიშროების საბჭოზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

დეზერტირები მეორე მსოფლიო ომში

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ხალხი მასობრივად გაიწვიეს საბრძოლველად, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ომში წასვლა არ სურდა. მიზეზი შეიძლება მრავალი ყოფილიყო, უბრალო შიშით დაწყებული იდეოლოგიით დასრულებული. ომის დეზერტირებს საბჭოთა რეჟიმი ყველგან ეძებდა და სამაგალითოდ სჯიდა.

გაიყვანეს და პირდაპირ დახვრიტეს ზღვაზე“, - სოსო ტუხაშვილი, რომელიც ქერჩში იბრძოდა ყვება, რომ დეზერტირობის შემთხვევები ცოტა არ იყო, - ქერჩში შვიდი თვე დღე-და ღამე მიწაში ვისხედით. ყირიმი როგორი ადგილია იცით? მთაგორიანი. აგერ ჩვენ ვართ და 10-15 მეტრში ხევი ჩამოდის. იქ უკვე გერმანელები არიან. შეაჩნიეს, რომ ერთი ოფიცერი ღამე გერმანელებთან გადადიოდა და დილით ისევ ბრუნდებოდა. დააკვირდნენ, ფაქტზე დაიჭირეს და საღამოს დაგვიძახეს ოფიცრებს. ზღვასთან დახვრიტეს ჩვენს თვალწინ. ასეთი კანონები იყო“.

ვეტერანი იხსენებს, რომ თუ საბჭოთა ჯარისკაცს დეზერტირობას შეამჩნევდნენ, მას საჯარიმო ბატალიონში უშვებდნენ, რომელიც წინა ხაზზე იბრძოდა. წინა ხაზზე ბრძოლა, თავის მხრივ, ნიშნავდა იმას, რომ ჯარისკაცს გადარჩენის შანსი თითქმის აღარ ჰქონდა.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

სოსო ტუხაშვილი 18 წლის ბიჭი იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ფრონტზე წაიყვანეს. იბრძოდა ქერჩში, სევასტოპოლში. შიმშილი, თვალწინ ამოწყვეტილი ბატალიონი, სანგარში გატარებული თვეები - 99 წლის ვეტერანი მეორე მსოფლიო ომს იხსენებს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG