Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხატავს 18 წლის ნინი 2008 წლის ომს საკუთარი სახლის კედლებზე


Georgia -- Cover for article on August war
Georgia -- Cover for article on August war

გორში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის რამდენიმე წლის წინ აშენდა. ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულის სადარბაზო სხვებსას არ ჰგავს. კედლები ფერადი საღებავებითაა მოხატული.

ჯარისკაცი, რომელსაც საქართველოს დროშა აქვს აფარებული, კავკასიის მთების ფონზე დგას, უკან ეკლესია და აყვავებული ბუნებაა.

„ძალიან ვაფასებ ჩვენს ჯარისკაცებს. მათი საქმეების გამო სულ მაქვს ემოცია და ამ ემოციის გადმოცემა ასე გადავწყვიტე, კედელზე ხატვით“, - ხატვისას ნინისაც კამუფლირებული მაისური აცვია.

მანამდე, გრძელ კედელზე ნინიმ აგვისტოს ომი დახატა - ის, რაც უამბეს და რაც კადრებში ნახა:საქართველოს რუსეთის ავიაცია უტევს. ქართველი ჯარისკაცები კი მათ მოგერიებას ცდილობენ. ჯარისკაცებიც და ავიაციაც ყვითელ-წითელი ცის ფონზე შავი საღებავითაა გამოსახული.

ნინის ნახატი სადარბაზოში
ნინის ნახატი სადარბაზოში

ცხინვალიდან დევნილობა

ნინი ხუროშვილი ახლა 18 წლისაა, ერთი წლის წინ სამხატვრო სკოლა დაამთავრა.

მისი ოჯახი 90-იანი წლების პირველი კონფლიქტის დროს ცხინვალიდან გამოიქცა. ნინის დედა, თამარ ხუბულაშვილი 10 წლის იყო, როცა ოჯახი იძულებული გახდა კონფლიქტის ზონიდან გამოსულიყო.

30 წელზე მეტია ოჯახს უკან დაბრუნების ფიქრი აწვალებს, მაგრამ ეს დღე არა და არ დადგა.

იძულებით გადაადგილებული პირების პირველი ტალღა 1991 წლის 5-6 იანვარს ცხინვალის რეგიონში განვითარებული კონფლიქტის შედეგად გაჩნდა. ცხინვალიდან გამოსულ დევნილებს გორში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ასახლებდნენ , ძირითადად საბჭოთა პერიოდში აშენებულ სასტუმროებსა და ტურბაზებში. 1991-92 წლებში ცხინვალის რეგიონი 30 ათასამდე ადამიანმა დატოვა.

დევნილი ოჯახი გორთან ახლოს, საბჭოთადროინდელი ტურბაზის კოტეჯებში შეასახლეს. ნინი და მისი და-ძმა დევნილობაში დაიბადნენ. ომს გამოქცეულ ოჯახს მეორე ომი 2008 წელს გორშიც დაეწია. ნინი მაშინ სამი წლის იყო.

„ორივე ომი შეეხო ჩემ ოჯახს" - ამბობს ნინის დედა, თამარ ხუბულაშვილი- 10 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა ცხინვალიდან მე და ჩემი და გამოგვიყვანეს. ერგნეთისკენ მუხლებზე დამდგრები მოვდიოდით, ჩვენ წინ ტყვიები ცვიოდა. მერე დევნილობა... და ბოლოს უკვე 2008 წლის ომი, რომელიც იმაზე მეტად განვიცადე, ვიდრე ბავშვობის მეხსიერებაში ჩარჩენილი კონფლიქტი”.

თამარის მეორე შვილი, ნინის უმცროსი ძმა 2008 წელს 7 თვის იყო.

"რუსეთი ოკუპანტია და ვერასოდეს შევეგუები იმას, რომ ჩვენ გმირ ბიჭებს ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს... გია და გელა რომელაშვილები ცხინვალში ჩემი მეზობლები იყვნენ, ერთად გავიზარდეთ... გმირულად დაიღუპნენ ცხინვალში. ჩვენი გმირები უნდა დაფასდნენ გარდაცვლილებიც და ცოცხლებიც და ამას ვასწავლი ჩემ სამ შვილს”, - ამბობს ნინის დედა, თამარ ხუბულაშვილი.

ძმები გია და გელა რომელაშვილები, ოჯახთან ერთად, 90-იანი წლების პირველი კონფლიქტის დროს ცხინვალიდან გამოდევნეს. მაშინ გია თერთმეტი წლის იყო, გელა - შვიდის. ბავშვობა გორში, დევნილობაში გაატარეს. გია რომელაშვილი ბოლოს გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა ოცმეთაურად, გელა იმავე ოცეულის მემიზნე-ოპერატორი იყო. გელა ოჯახში ბოლოს 6 აგვისტოს ნახეს, გია 7-ში ყოფილა შინ. მას შემდეგ ძმები აღარ უნახავთ. ერთად დაიღუპნენ 2008 წლის აგვისტოს ომში.

ნინი ხუროშვილის "ომი კედლებზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00

კედელზე გადატანილი მეხსიერება

„თუ შევძელი, მინდა რომ გიორგი ანწუხელიძეც დავხატო. ასევე 2008 წლის ომის კონკრეტული ამბები გადმოვცე, მაგალითად, ვერხვების დასახლების დაბომბვა, შინდისის ბრძოლა. ჩემთვის ხატვა ემოციების გადმოცემაა, იმ ყველაფრის, რასაც ვგრძნობ შინაგანად“, - ამბობს ნინი და ფუნჯით კედელზე ჯარისკაცის ხატვას აგრძელებს.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს ტყვედ ჩავარდა. იგი წამების შემდეგ ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ცემით მოკლეს.

სატელეფონო ვიდეოჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი ვინაობა ქართული მხარისათვის გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია და გორში ის ქუჩა, სადაც ძირითადად იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, მათ შორის თამარ ხუბულაშვილის ოჯახი.

ნინი ხუროშვილს მეზობლები სთხოვენ, რომ მათი სართულების კედლებიც მოხატოს. ეს ამბავი უკვე სამეზობლოსაც გასცდა და ქალაქის სხვა უბნებიდანაც მოდიან ანწუხელიძის ქუჩაზე, ნახატების დასათვალიერებლად.

თამარ ხუბულაშვილი 10 წლის იყო როდესაც დევნილი გახდა. მეორედ ომმა მას 2008 წელს გორში მიუსწრო.
თამარ ხუბულაშვილი 10 წლის იყო როდესაც დევნილი გახდა. მეორედ ომმა მას 2008 წელს გორში მიუსწრო.

„ნინის ეს თემები სულ აინტერესებს... ჯერ ამ სტატუსზე სვამდა კითხვებს, რა არის დევნილი? რას ნიშნავს დევნილობა? ამ ყველაფრის განმარტება გვიწევს მშობლებს. მერე იმ ამბების თხრობა, თუ რა გავიარეთ და რატომ გავიარეთ ეს გზა...მე რომ მახსოვს ამ ორი ომის საშინელება, მერე 90-იანების ბნელი წლები, ამ ყველაფერს ჩემ შვილებს გადავცემ, რომ მათაც იცოდნენ და დაიმახსოვრონ. ეს ხომ უახლესი ისტორიაა“, - ამბობს თამარ ხუბულაშვილი.

XS
SM
MD
LG