Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკმელაშვილის საქმეში ნარკოტიკებიც გაჩნდა - როგორ და რატომ დააკავეს "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე რეჟისორი


გიორგი ოკმელაშვილი, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი
გიორგი ოკმელაშვილი, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი

„აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე, 41 წლის გიორგი ოკმელაშვილს გამოძიებამ ბრალი დაუმძიმა. ადვოკატის თანახმად, პოლიციელზე თავდასხმის გარდა, მას „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას“ ედავებიან.

გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს; მისი ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. პოლიციამ გაჩხრიკა ოკმელაშვილის სარეკლამო კომპანია „ლიმონი“ და საცხოვრებელი სახლი.

დაკავების შემდეგ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ თავდაპირველ განცხადებაში, რომელსაც უწყების მიერ დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი ახლავს, წერია, რომ გიორგი ოკმელაშვილი პოლიციაზე თავდასხმის მუხლითაა დააკავებული. ეს მუხლი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოჯახისა და ადვოკატის ინფორმაციით, ბრალის წაყენება 16 მაისს 2-ჯერ გადაიდო.

დაკავება, ჩხრეკა

როდესაც გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს, ამ დროს, სავარაუდოდ, უკვე დაწყებული იყო ჩხრეკა მის სარეკლამო კომპანია „ლიმონში“; ხოლო როდესაც ამ ორგანიზაციიდან პოლიციამ ტექნიკა გაიტანა, მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჯერ ისევ მიმდინარეობდა.

ოფისში ჩხრეკის დაწყებისას, თანამშრომლებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ ხელმძღვანელის დაკავების შესახებ - მასთან რეკავდნენ, მაგრამ დაკავშირება ვერ შეძლეს. ჩხრეკა ოფისში დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ამ პროცესს ერთ-ერთი მენეჯერი და ადვოკატი დაესწრო.

კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები, ტექნიკა - „ლიმონის“ თანამშრომლები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ოფისიდან ბევრი რამ გაიტანეს. დალუქეს სამონტაჟო და ტექნიკის სათავსო ოთახები. ოფისში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ მისი კუთვნილი ტექნიკაც წაიღეს და შეკითხვაზე, როდის დააბრუნებენ ამ ყველაფერს, პოლიციამ უპასუხა - ოდესმე.

„ლიმონის“ მემონტაჟე, ლაშა კალანდაძე ჰყვება, რომ მათთან დაახლოებით 20-30 პოლიციელი იყო მისული - „მოდიოდნენ და მიდიოდნენ“, ხოლო ნაწილი გარე პერიმეტრზე იყო გაჩერებული. ლაშამ ვიდეოლაივი ჩართო, მალევე გაათიშინეს, - უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს გადაღება არ შეიძლებოდა. „გვიან გავიგე, რომ შეიძლებოდა“, - გვეუბნება ლაშა.

კრიმინალური პოლიცია სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ 15 მაისს საღამოს 4 საათისთვის შევიდა.

„მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, საერთოდ არ იცოდნენ სად მოვიდნენ - ადგილზე ერკვეოდნენ ვინ ვიყავით, რა კომპანია ვიყავით. დაბნეულები იყვნენ.... დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წესიერად არ იცოდნენ - სად შემოვიდნენ... თითქოს გზადაგზა აგროვებდნენ ინფორმაციას“, - ამბობს კალანდაძე.

გაჩხრიკეს გიორგი ოკმელაშვილის საცხოვრებელი სახლიც. პროცესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი და დაკავებულის მეუღლე ესწრებოდნენ. ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე ამბობს, რომ ოჯახიდან სამართალდამცველებმა ტექნიკასთან ერთად, დაკავებულის ტანსაცმელიც წაიღეს.

ოჯახი აცხადებს, რომ კომენტარები მოგვიანებით გაკეთდება.

შსს მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ გიორგი ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისარის ნასამართლევი.

მეუღლის ძმა, გიორგი ჩხეიძე იხსენებს დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მომხდარ ერთადერთ ფაქტს, როდესაც ოკმელაშვილს კონფლიქტი მოუვიდა რუსი ეროვნების ადამიანების ჯგუფთან - როდესაც ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში საქართველოს აუგად მოიხსენიებდნენ.

გიორგი ოკმელაშვილი, ისევე როგორც „ლიმონის“ სხვა თანამშრომლები, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.

შს სამინისტროს მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებული ცნობის თანახმად:·

  • დაკავებულმა 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს - „აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა“.
  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით [სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმა] მიმდინარეობს და სასჯელად 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

16 მაისს, დღის ბოლოს, გიორგი ოკმელაშვილის ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსიდან კიდევ ერთი მუხლი დაემატა - 260-ე - „მცირე ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა“. ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე ლაპარაკობს "ორ უცნობ აბზე" და ამბობს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო დაცვის მხარე ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს.

რა ვიცით "ლიმონის" შესახებ?

როგორც თანამშრომლებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას:

  • მათ კომპანიას არ დაუმზადებია არანაირი ვიდეოპროდუქცია ქუჩის აქციებისთვის „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
  • დამფუძნებლის დაკავებამდე და კომპანიის ჩხრეკამდე - მათ მიმართ არ ყოფილა დევნა ან მუქარა;

„ლიმონს“ USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს, ვირტუალური წარმოების თანამედროვე ტექნიკა (Virtual Production Camera Tracking and Motion Capture System) გადაეცა, ფილმების, სერიებისა და რეკლამების თანამედროვე ტექნოლოგიით გამოყენებით გადასაღებად,

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გადაცემული აპარატურის საფასური 39 363 დოლარი იყო.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID], საქართველოს ხელისუფლება ხშირად ახსენებდა საქართველოში "რევოლუციის" მსურველი ძალების დამფინანსებლად. USAID-ის დაფინანსებული ორგანიზაცის უმეტესობა, „აგენტების კანონის“ მიხედვით, თუ კანონი ძალაში შევა, „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების“ სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ.

არის კიდევ ერთი დეტალი. მაშინ, როცა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 11 მაისს მიტინგში მონაწილეთა რაოდენობა მხოლოდ 20 ათასი დათვალა, კომპანია „ლიმონის“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა სახუმარო პოსტი ამ ფაქტთან დაკავშირებით - დაახლოებით იმ შინაარსისა, რომ აქციის ვიზუალი კომპანიაში შეიქმნა.

კომპანიის თანამშრომელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ - ეს იყო მხოლოდ სახუმარო პოსტი, რადგან იმ პერიოდში ამ 20 000-ზე [როგორც მნიშვნელოვნად შემცირებულ რაოდენობაზე] მთელი სოციალური ქსელი ხუმრობდა.

ეს პოსტი "ლიმონის" გვერდზე აღარ იძებნება.

შს სამინისტროს მიერ გიორგი ოკმელაშვილის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალის კომენტარებში მომხმარებლები - პოლიციას შერჩევით მიდგომაში სდებენ ბრალს და მოძალადე სამართალდამცველების დაკავებისკენ მოუწოდებენ:

„პოლიცია ხელშეუხებელია თუ რა ხდება? ჩვეულებრივი რუსეთია“, „პოლიციელ მოძალადეებს როდის დაიჭერთ ? თუ მხოლოდ ერთ კარში თამაშობთ ???? ... ასევე მათ ვინც ადამიანებს სახლებთან ხვდება და სცემენ ან ტელეფონებზე რომ ემუქრებიან“; „პოლიციელის მიერ მშვიდობიან აქტივისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით რომელი პოლიციელი ან სპეცრაზმელი დააკავეთ?“, „იმ კადრებს რატომ არ აჩვენებთ როგორ მოკალით ცემით დავით ქაცარავა?“.

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციებისას, სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი; მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან უხეშ მოპყრობას და დემონსტრანტების გამეტებით ცემასაც არაერთი ვიდეო ასახავს.

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფარგლებში, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ „აგენტების კანონის“ კვლავ ინიციირებას მოჰყვა, სხვადასხვა დროს, დააკავეს ათობით პირი. მათ ნაწილს პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობა და ქონების დაზიანება ედება ბრალად.

ოფიციალურად გავრცელებული ცნობებით, პოლიციის ქმედებების შესწავლის მიზნით დაწყებულია რამდენიმე გამოძიება. უცნობია, იდენტიფიცირებული არიან თუ არა სავარაუდო ძალადობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG