დაკავება ღამით, აბაშიძის #22-ში
რა ხდებოდა უჩა აბაშიძის სახლში თითქმის ორსაათიანი ჩხრეკის დროს, ეს, იქ მყოფი პოლიციელების გარდა, იცის თავად უჩა აბაშიძემ, რომელიც ამ პროცესს ადვოკატების გარეშე ადევნებდა თვალს.
აბაშიძის 22-ში პოლიციის მისვლის ამბავი 9 მაისს გვიან ღამით გავრცელდა და ადგილზე მალევე მოიყარა თავი უჩას მხარდამჭერმა ასობით ადამიანმა.
ხალხის რაოდენობათან ერთად იზრდებოდა ადგილზე მობილიზებული პოლიციის რიცხვიც.
ბინას ჩხრეკდნენ, გარეთ ხმაურიანი აქცია გრძელდებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჩხრეკისა და ამოღების დამსწრის გარეშე ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე.
არსებული ინფორმაციით, დამსწრეები ჩხრეკას არ დასწრებიან. გარეთ იდგნენ ადვოკატებიც. ისინი შიგნით მხოლოდ ჩხრეკის დასრულების შემდეგ შეუშვეს.
ამ ამბისთვის თვალის დევნება რადიო თავისუფლების პირდაპირ რეპორტაჟებშიც შეგეძლოთ. 10:45 წუთიდან შეგიძლიათ აბაშიძის დაკავების კადრები ნახოთ.
მოგვიანებით, როცა ბორკილებდადებული სამხედრო ბლოგერი უკვე პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს, პოლიციამ, ჭავჭავაძის გამზირზე, აქციის მონაწილეების დაჭერაც დაიწყო.
უჩა აბაშიძის მეგობარმა, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მისი დაკავების შემდეგ თქვა, რომ აბაშიძეს ჰქონდა დრონის ნაწილები, „აირსოფტის“ იარაღი და გაფორმებული ტაბელური იარაღიც.
„აირსოფტი“ გუნდური საბრძოლო სპორტული თამაშია. „აირსოფტის“ იარაღი არის რეალურის ადაპტირებული ასლი და ისვრის მსუბუქ პლასტმასის ბურთულა-ტყვიებს.
თუთბერიძემ გუშინვე განაცხადა, რომ თუ ამოღებულ ნივთებს შორის „აირსოფტის“ და გაფორმებული იარაღის გარდა სხვა რამ აღმოჩნდებოდა, ის „პოლიციის მიერ იქნებოდა ჩადებული“.
რას ამბობს შსს - ბრალდება
შსს-ს ოფიციალური განცხადებიდან ცნობილია, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის:
- 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით - შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე, რაც გულისხმობს „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას“ - დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე.
- 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს - დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს თბილისსა და ბათუმში. და რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩის #22-ში მდებარე ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს „უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა“.
ბრალის წარდგენას უჩა აბაშიძე წინასწარი დაკავების საკანში ელის.
„მხნედ არის“, - რა ვიცით უჩაზე მისი ადვოკატისგან
საქმის მასალებს ელის ადვოკატი გიორგი მახარაძე.
ის უკვე შეხვდა თავად უჩა აბაშიძეს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში:
„კარგადაა, მხნედ არის“, - ამბობს ის.
ადვოკატი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, ამოღებული იარაღიდან „ორი იარაღი უჩასია, მისსავე სახელზე ოფიციალურად გაფორმებული, დანარჩენი კი "აირსოფტის" სათამაშო იარაღებია“.
ადვოკატს ვკითხეთ, ხომ არ ფიგურირებს საქმეში სხვა იარაღიც?
მან გვითხრა, რომ ჯერ ეს არ იცის, თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩხრეკის დროს, ადვოკატები ადგილზე არ იყვნენ, ხოლო უჩა აბაშიძე იჯდა დივანზე, რამდენიმე პოლიციელით გარშემორტყმული, დანარჩენები კი დადიოდნენ სხვა ოთახებში კონტროლის გარეშე, რთული სათქმელია, კიდევ რა შეიძლება აღმოჩნდეს ამოღებულ ნივთებში.
მისი თქმით, კანონი დაირღვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადვოკატები დაუყოვნებლივ, დაბრკოლების გარეშე არ შეუშვეს ბინაში, ერთი საათი ალოდინეს და არ დაასწრეს საგამოძიებო მოქმედებას.
მომდევნო სამართლებრივი პროცედურები ასეთია:
- ჯერ უნდა დაიდოს დასკვნა ამოღებული იარაღის შესახებ;
- დაკავებიდან 48 საათში უჩა აბაშიძეს უნდა წაუყენონ ბრალი;
- ბრალის წარდგენიდან 24 საათში ის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე.
10 მაისს შსს-მ დამატებით განაცხადა, რომ უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებული სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღებს შორის არის „აირსოფტის“ იარაღებიც. უწყება აცხადებს, რომ ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
პარალელური ჩხრეკა - რა ხდებოდა უჩას მეუღლის, მარიამ იაშვილის სახლში
უჩას სახლის ჩხრეკის პარალელურად, პოლიცია მივიდა მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ სახლში, წერეთლის გამზირზე. ამ კორპუსში ცხოვრობს მარიამის დაც და იმ დროს, როცა სოციალური ქსელიდან უჩას დაკავების ამბავი გაიგო, მარიამი თავის დასთან იყო სახლში.
უჩამ დაკავებამდე მარიამთან დარეკვა ვერ მოასწრო.
ორ უცხო პირს, რომლებიც მარიამის დის სახლს მიადგნენ, კარი მარიამმა გაუღო. დანარჩენი პოლიციელები კიბეებს აკონტროლებდნენ.
მარიამმა მაშინვე მოითხოვა დაკავების ოქმი, ჩხრეკის ორდერი, თავისი უფლებების გაცნობა და ინფორმაცია, თუ რატომ და სად მიჰყავდათ.
„ამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად მივიღე ჯაჯგური“.
მარიამი გვიყვება, რომ წერეთელზე მისული პოლიციელების ნაწილი ფორმიანი იყო, ნაწილი - სამოქალაქო ტანსაცმელში. იმ მომენტში, სულ, დაახლოებით, ცხრა ადამიანი დათვალა.
პოლიცია ცდილობდა, მარიამი ძალით ჩაეყვანა მის საცხოვრებელ ბინაში, ის კი იმეორებდა, რომ პროცესი გადაეღოთ და მოითხოვდა ადვოკატთან დარეკვას.
„ამის თქმა იყო და ჩემკენ გამოიწიეს ტელეფონის და გასაღების წასართმევად. ეს ხდებოდა ჩემი დის სახლის კარის ზღურბლზე. ჩემს დას დავუძახე, რომ გადაეღო ეს ყველაფერი და როცა ეს გაიგეს, მის სახლში შევარდნენ უნებართვოდ, კარზე მოწოლით, უკვე ხუთი-ექვსი კაცი იყო. ჩემი და კარს იჭერდა და ესენი აწვებოდნენ“.
ტელეფონი წაართვეს მარიამის დასაც. არ აძლევდნენ დედის ზარების პასუხის უფლებას. დები პოლიციას ეხვეწებოდნენ, რომ დედისთვის მათ მაინც გაეცათ პასუხი, რომ ცოცხლები იყვნენ და არ ენერვიულა.
საბოლოოდ, პოლიციელმა, რომელიც ამ „ოპერაციას“ კურირებდა, მარიამის მონათხრობით, მისი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მისი დის სახლი დატოვა.
პოლიცია მარიამს სთხოვდა გაყოლას და თან იმეორებდა: „აგიხსნით, ჩამოდით“.
„მე ვეუბნებოდი, როგორ გენდოთ, ხელები გადამიგრიხეთ-მეთქი და ამასაც უარყოფდნენ. არადა, ჩემი დაა ამის მოწმე. ერთი პოლიციელი მეუბნებოდა, მიდი, აბა, ექსპერტიზა დაანიშნინე, რამეს თუ დაგიმტკიცებენო“.
როცა მიხვდნენ, რომ მარიამი ჩხრეკის ნებართვის დოკუმენტის გარეშე მათ არ გაჰყვებოდა, იქვე დაიწყეს რაღაც ფურცლების შევსება. ამ დოკუმენტზე ხელი მარიამს არ მოუწერია. მხოლოდ პირველი გვერდი წაუკითხეს. პროცესის პარალელურად კი, პოლიციელების ნაწილი, რომელთაც უკვე ხელში ჰქონდათ ბინის გასაღები, მარიამის გარეშე შევიდნენ მის სახლში.
დომოფონის ხაზი გადაჭრეს როგორც მარიამ იაშვილის დის სახლში, ისე თავად მარიამის ბინაშიც. ასევე ინტერნეტის კაბელები. მოხსნეს ვაიფაის მოდემი, შიდა ჩამწერი კამერა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით სახლში ჰქონდათ დამონტაჟებული.
საბოლოოდ, როგორც მარიამი გვიყვება, ის ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს მის ბინაში, რომელიც უკვე ღია იყო.
„უბრალოდ სახელური ჩამოწიეს, გასაღებიც კი არ მოურგიათ“.
პოლიციელები ოთახიდან ოთახში დადიოდნენ, ჩხრეკდნენ ყველაფერს და გარშემო ყრიდნენ. ამასობაში ადვოკატებიც მივიდნენ, თუმცა არსებობს ჩანაწერი, როგორ აკაკუნებენ მთელი საათის განმავლობაში უწყვეტად კარზე და შიგნით მაინც არ უშვებენ.
„მარტო ამ ხმის - ხანგრძლივი კაკუნის და ბრახუნის გაგონება იყო ძალიან სტრესული“.
პოლიციამ მარიამის სახლში ნაპოვნ გაუმჭვირვალე პარკებში ჩაყარა ამოღებული ნივთები, თუმცა ის ამ ნივთების სრულ სიას არ გასცნობია. იცის, რომ წაიღეს მისი პირადი კომპიუტერი, იამაჰას კლავიშებიანი სინთეზატორი, ტელეფონი და კამერა. ასევე, მარიამს, რომელიც არის ტელეკომუნიკაციების ინჟინერიის სპეციალისტი და ძველ, რარიტეტულ ტელეფონებს აგროვებს, ეს საკოლექციო, უდამტენო ტელეფონებიც ჩამოართვეს და თან წაიღეს.
იყო სრული ქაოსი, - გვიყვება მარიამი, - ხან გადმოყრიდნენ პარკებიდან ამ ნივთებს, ხან ისევ უკან აბრუნებდნენ. მერე დათვლა დაიწყეს ნივთების.
„კიდევ საკითხავია, მართლა ჩემგან ამოიღეს თუ არა ყველაფერი, რადგან როგორც გავიგე, შესაძლოა, უჩასაც რაღაც ჩაუდეს“.
როცა პოლიციამ გაიგო, რომ გარეთ ტელევიზიები იდგნენ, პოლიციელებმა მარიამს პირბადეები სთხოვეს სახის დასაფარად და მისი სახლი ასე დატოვეს.
„წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რომ ჩემთან იკადრეს, არაფრის გამო, რას იზამდნენ უჩასთან“.
ვინ არის უჩა აბაშიძე?
უჩა აბაშიძე არის სამხედრო ბლოგერი, რომელიც აქტიურია სოციალურ ქსელებში, აქვს თავისი იუტუბარხი, სადაც აქვეყნებს ვიდეოებს სხვადასხვა სამხედრო თუ აქტუალურ თემაზე. ის ხშირად წერდა ვიდეოებს უკრაინის ომის შესახებ. ჰქონდა ლაივები სამხედრო სტრატეგიის, იარაღის და სხვა მსგავს თემებზე.
უჩა აბაშიძე არის „აგენტების კანონის“ აქტიური მოწინააღმდეგე და აქციების მონაწილეც.
თუ მის რამდენიმე ბოლო ვიდეოს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ღიად და ბევრს ლაპარაკობს აქციაზე მოქცევის წესებზე. ზოგადად, პროტესტზე, იმაზე, თუ კანონით რისი უფლება აქვს აქციის მონაწილეს და რისი არა და ა.შ.
ხოლო დაახლოებით რვა თვის წინ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში უჩა ჰყვება, რომ კონსულტაციებიც კი აქვს გავლილი იურისტებთან, ხომ არ არის რაიმე არალეგალური მის საქმიანობაში. ის ასევე ღიად ამბობს, რა იარაღი აქვს გაფორმებული და, რომ მას არასოდეს მოუხმარია და არც ახლა მოიხმარს ნარკოტიკებს და სასმელს. თუმცა ამ ვიდეოში ის იმასაც ამბობს, რომ ამ ფონზეც, რაიმეს ჩადებისგან მაინც არ არის დაზღვეული.
უჩა აბაშიძე ასევე არის „აირსოფტის“ ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წლებია ამ თამაშს თამაშობს.
დაახლოებით ხუთი დღის წინ კი, უჩა აბაშიძემ თავის იუტუბარხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ლაპარაკობს აქციის მონაწილეებისთვის სტარლინკის მეშვეობით უკეთესი ინტერნეტის მიწოდების გეგმაზე.
ნამდვილი თუ სათამაშო
იმ ფოტო/ვიდეომასალაში, რაც შსს-მ 9 მაისს, ღამით გაავრცელა, რეგისტრირებული ორი იარაღის გარდა, მოჩანს ეს სათამაშო იარაღები.
უჩა აბაშიძის დედამ, ლია თოდუამ ერთ-ერთმა პირველმა დაწერა ფეისბუკზე, რომ უჩას სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს აქვეყნებდა, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიები იყო და ამ საჯარო პოსტს იარაღის აღმწერი მინაწერებით ეს ფოტოც დაურთო.
ზუსტი სროლის ფედერაციის თავმჯდომარე ოთარ კიშინსკი ჩვენთან საუბარში ამ ვიდეოში შსს-ს მიერ გავრცელებულ ფოტოზე არსებულ იარაღებს მიმოიხილავს:
რადიო თავისუფლება ასევე ესაუბრა უჩა აბაშიძის ერთ-ერთ მეგობარს და „აირსოფტის“ თანამოთამაშეს, გიო ნადირაშვილს, რომელსაც ვთხოვეთ აეხსნა, რა თამაშია „აირსოფტი“.
მისი განმარტებით, „აირსოფტის“ იარაღი არის ნამდვილი იარაღის ასლი იმ განსხვავებით, რომ არის ელექტროძრავზე და ისვრის პატარა პლასტმასის ბურთებს:
„ეს სამხედრო თამაშია, რომელსაც მსოფლიოში ძალიან ბევრგან თამაშობენ, სამხედრო სიმულაცია, ერთგვარი ვარჯიშიც. სპორტია. ამ თამაშს საქართველოში ვთამაშობთ ათასამდე ადამიანი, არსებობს ფედერაციაც და კომერციული გასართობი არენაც“.
ნადირაშვილი განმარტავს, რომ „აირსოფტის“ იარაღს რეგისტრაცია არ სჭირდება.
ის საქართველოს მთავრობის დადგენილებას ეყრდნობა, სადაც წერია, რომ რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატური იარაღი (paint ball).
„პროგრამისტია და ბარემ დავუწეროთ“
უჩა აბაშიძის ძმას რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, რატომ დაუკავშირეს კიბერშეტევაზე დაწყებული გამოძიება მისი ძმის დაკავებას:
„მე მგონია, ეგ ის ამბავია, პროგრამისტია და ბარემ ეგეც დავუწეროთო“.
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნებისა“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საიტების, ასევე იუსტიციის სამინისტროს საიტის დროებით გათიშვის შესახებ. საიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა აიღო. ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა 1 მაისს გამოუცხადა მხარდაჭერა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს.
ვკითხეთ, რა კავშირშია უჩა აბაშიძესთან ბათუმი - რატომ ფიგურირებს შსს-ს ტექსტში ეს ქალაქი, რაზეც გოგი აბაშიძემ გვითხრა, „მთელი ოჯახი ვარკვევთ, რა შუაშია ბათუმიო“.
რა გაჩხრიკეს ბათუმში, ან როგორ უკავშირდება ეს ჩხრეკა უჩა აბაშიძეს, ამ დროისთვის უცნობია როგორც მისი ახლობლებისთვის, ისე ადვოკატებისთვის,
უჩა აბაშიძის მეგობრები, უფლებადამცველები და მისი მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ სამხედრო ბლოგერის დაჭერა მიზნად შიშის დათესვას და „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მუხტის შენელებას ისახავს.
იმავეს ვარაუდობს მარიამ იაშვილი, რადგან უჩას, მისი თქმით, ბევრი ადამიანი უსმენდა, ითვალისწინებდნენ მის რჩევებს და, როგორც მარიამიც შენიშნავს, ბევრი ისეთი რამ აქვს ნათქვამი, რაც ამ ხელისუფლებას არ მოსწონს.
„მე ვფიქრობ, რომ ის პირდაპირ "გასაშავებლად" არჩეული ადამიანია, რადგან იცოდნენ, რომ დაშინებით ვერ დააშინებდნენ, მხოლოდ დარეკვებით და გინებით, და ახლა გადაწყვიტეს, ეს საქმე შეკერონ“.
მარიამი ჰყვება, რომ მისი მეუღლის ბინის ჩხრეკის ერთადერთი დამსწრე, მეზობელი, პოლიციელებმა ბინიდან მალევე გაუშვეს და ჩხრეკას სხვა მოწმეები, პოლიციელების გარდა, არ დასწრებიან.
10 მაისს განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომლის თქმით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს უჩა აბაშიძე, რომელმაც მათთან საუბარში თქვა, რომ ძალოვნები მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.
სახალხო დამცველმა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის გამოძიების მოთხოვნით ინფორმაცია გადასცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ომბუდსმენი წერს, რომ უჩა აბაშიძის სახლის ჩხრეკის პროცესს არ ესწრებოდა ადვოკატი, რომლის შეშვებასაც დაკავებული ბლოგერი უშედეგოდ ითხოვდა.