Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დატოვა შევარდნაძემ სოხუმი?


ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთში, 1993 წლის ივლისი.
ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთში, 1993 წლის ივლისი.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ყოფილი წევრი ასლან კობახია ირწმუნება, რომ 1993 წელს, საქართველოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე სოხუმიდან რუსებმა ვერტმფრენით გაარიდეს, მანამდე კი აფხაზები მოატყუეს, არ ისროლოთ, დაჭრილი რუსი პოლკოვნიკი გაგვყავსო. ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში წერს, რომ სოხუმიდან ქართულმა ეკიპაჟმა გამოიყვანა თვითმფრინავით.

რადიო თავისუფლებამ 1993 წლის 28 სექტემბრის დილის გახსენება თვითმხილველებს სთხოვა.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოთ თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და სხვები, ვინც იმ დროს მინისტრთა საბჭოს შენობაში იმყოფებოდა.

„როგორ გაგვისხლტა „ეშმაკი“ ხელიდან“

ასლან კობახია, რომელიც მაშინ გუმისთის ფლოტის არტილერიას მეთაურობდა (მოგვიანებით ის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა), თავის მოგონებებში „როგორ გაგვისხლტა „ეშმაკი“ ხელიდან“ წერს, რომ ედუარდ შევარდნაძე სოხუმიდან რუსებმა გაიყვანეს. იგივე უთხრა მან „ეხო კავკაზას“ ბლოგერ ვიტალი შარიასაც:

„ბრძანება იყო მოსული, სასწრაფოდ წავსულიყავით აღმოსავლეთის ფრონტისკენ, კოდორში. არტილერიით ვამუშავებდით ბაღმარანის, მაჭარკის მიდამოებს... - იხსენებს ასლან კობახია, - ჩვენი ქვეითი ჯარი უკვე გადავიდა ტერიტორიიდან და ჩვენ შევწყვიტეთ დაბომბვა. და აი, აქ, ჩემთან მოვიდა თავდაცვის მინისტრი სულთან სოსნალიევი. მან თქვა: „სასწრაფოდ შეწყვიტე სროლა. ახლა ზღვიდან ნაპირზე ვერტმფრენი შემოფრინდება - მოსკოვის სამხედრო ოლქის სანატორიუმიდან მძიმედ დაჭრილ რუს პოლკოვნიკს წაიყვანენ“.

ფაქტობრივად, ჩვენ მაინც აღარ ვისროდით და ამ საუბრიდან, წუთ-ნახევარი-ორი წუთის შემდეგ ჰორიზონტზე ვერტმფრენიც გამოჩნდა. და ის ზუსტად სანატორიუმის სანაპიროზე დაჯდა. ჩვენგან ეს 400-500 მეტრით იყო დაშორებული და ბინოკლით რომ გადახედო, ისე ჩანს, თითქოს 15-20 მეტრის მანძილზე იყურები. რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდით. ველოდით, რომ დაჭრილ პოლკოვნიკს ახლა საკაცით გადაიყვანდნენ ვერტმფრენამდე, თუმცა ვერ გაგვეგო სად დაიჭრა ეს პოლკოვნიკი, სოხუმში უკვე არანაირი სამხედრო მოქმედებები აღარ იყო.

უცებ ვხედავ, ჩქარი ნაბიჯით, შეიძლება ითქვას, სირბილით მიჰყავთ ჭაღარა კაცი. ვუყურებ - შევარდნაძეა. დავიწყე ყვირილი - შევარდნაძე! და ეს ხდებოდა მაქსიმუმ 15-30 წამის განმავლობაში. მოკლედ, მათ სწრაფად ჩასვეს იგი ვერტმფრენში - და ვერტმფრენი აფრინდა. მშვიდად წავიდა ზღვისკენ, ასე ჩვენ ცხვირწინ.

მართალი გითხრათ, ჩვენ ხელთ არ გვქონდა საჰაერო თავდაცვა, მაგრამ რომც გვქონოდა, ბრძანებას არავინ გასცემდა და მეც არ მივცემდი რუსულ თვითმფრინავზე სროლის ბრძანებას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, თუნდაც შევარდნაძე იქ ყოფილიყო“.

მიტოვებული Як-40

„ბოლო წუთს გამომარიდეს იქიდან“ , - წერს ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში „ფიქრები წარსულსა და მომავალზე“. შევარდნაძე მემუარებში იხსენებს, რომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს პარლამენტმა მას განცხადებით მოუწოდა, თბილისში დაბრუნებულიყო. ხალხი გარბოდა, ქართული ჯარი უკან იხევდა, ერთი ნაწილი, ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით, სოხუმის მახლობლად, სოფელ აგუძერაში შეჩერდა. აქ იყო შევარდნაძეც, მას რადიოთი შეატყობინეს, რომ მოწინააღმდეგე აეროპორტს უახლოვდებოდა. აეროპორტში კი მისი თვითმფრინავი, Як-40 იდგა.

ედუარდ შევარდნაძე, გია ყარყარაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი აფხაზეთში.
ედუარდ შევარდნაძე, გია ყარყარაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი აფხაზეთში.

„აღარ გამიწევია წინააღმდეგობა. მანქანით ჩავედით აეროდრომამდე. თვითმფრინავი კი იყო, მაგრამ ეკიპაჟი არ ჩანდა, ვიღაცას ეთქვა, შევარდნაძე სვანეთით წავიდაო...

ისევ აეროპორტის ხელმძღვანელმა იყოჩაღა, მგონი, ბერულავა იყო გვარად. ერთი ეკიპაჟი უნდა იყოსო სადღაც. მოძებნეს. ეძინათ. მათი თვითმფრინავიც იქვე იდგა Tu-134, მაგრამ ნავთი არ გვეყოფა თბილისამდეო. იქნებ, ხონამდე ჩავფრინდეთ-მეთქი. არც ხონამდე გვეყოფა, ბათუმამდე კიდევ გავრისკავთო.

ჩავსხედით, დაახლოებით თხუთმეტი კაცი ვიქნებოდით... ზღვიდან ცეცხლი გაგვიხსნეს, მაგრამ მფრინავმა იყოჩაღა, გადავრჩით“, - წერს შევარდნაძე.

ძროხები დასაფრენ ზოლზე

თვითმფრინავში მასთან ერთად მაშინდელი მთავრობის წევრები ისხდნენ: უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, ვიცე-პრემიერი სანდრო კავსაძე, თბილისის მერი კოტე გაბაშვილი, კონტრდაზვერვის უფროსი ავთო იოსელიანი.

კოტე გაბაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვერსია, თითქოს შევარდნაძე რუსებმა გამოიყვანეს სოხუმიდან, მტკნარი სიცრუეა.

„27 სექტემბერს საღამოს გადაწყდა, რომ გია ყარყარაშვილი (ქართული ჯარების სარდალი) და გენერალი გენო ადამია აფხაზეთში დარჩებოდნენ. ისინი გააკონტროლებდნენ ვიწრო გამოსასვლელს, რომ სოხუმს აქეთ არ წამოსულიყო მოწინააღმდეგე, ძირითადად რუსული ჯარი. ეს ჯარი, „ალფა“ რაზმები, 24 სექტემბერს თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს. 27-ში მათ სოხუმში დაიკავეს სკოლის ქუჩა, რომელიც ფუნიკულიორზე ადიოდა. იქიდან, როგორც კურდღლებზე, ისე ნადირობდნენ ჩვენზე.

ყველანი სოხუმის გამოსასვლელში შევიკრიბეთ, რაღაც შენობაში. რამდენადაც მახსოვს, ბაბუშარა იყო. ვლაპარაკობდით, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო. ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თბილისიდან დარეკა, უკრაინელებს ვთხოვ, გემით გამოგიყვანონო. სასაცილო იყო. ვერავითარი გემი იქიდან ვერ გამოგიყვანდა, რუსებს უკვე ალყაში ვყავდით. მათი ამოცანა ჩვენი ამოწყვეტა იყო. ზოგიერთი ადგილობრივი ქართველი პოლიტიკოსი, ქალაქში ხმებს ავრცელებდა, ზვიად გამსახურდია ჩამოსულია, არძინბასთან მოლაპარაკებულია, მთავარია, ახლა ესენი ჩავხოცოთ და მერე ყველა სახლში დაბრუნდებაო. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილი იყო“.

კოტე გაბაშვილი ჰყვება, რომ აეროპორტში მისულებს სამთავრობო თვითმფრინავი Як-40 ადგილზე დახვდათ, პილოტები კი - არა.

„იქ დიდი ღალატი იყო. პილოტები ერთ-ერთ ქართულ შენაერთს ჩაუსვამს მანქანაში და წაუყვანია, ძალით, მოტყუებით თუ როგორ, არ ვიცი. ის თვიმფრინავი სოხუმში დარჩა, ვერ წამოვიყვანეთ. აეროპორტში ორი ადგილობრივი მფრინავი იყო, მათაც უნდოდათ გამოფრენა. გვითხრეს, ამ თვითმფრინავის მართვა ჩვენ არ ვიცითო. იქვე Tu-134 იდგა, მაგრამ საწვავი მხოლოდ ქუთაისამდე გვეყოფაო. მაინც გადავწყვიტეთ, გამოვფრენილიყავით“.

კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ თვითმფრინავში მთავრობის წევრების გარდა, დაცვა და რამდენიმე ქალი იჯდა, ისინი აეროპორტში იმ იმედით მისულიყვნენ, იქნებ, თვითმფრინავი გაფრინდესო.

მფრინავები გააფრთხილეს, რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით აჭრილიყვნენ ჰაერში, რომ ვერც გემებიდან და ვერც ხმელეთიდან დამიზნება ვერ მოესწროთ.

„აეროპორტთან იყვნენ ჩასაფრებულები. „ისარი-2“ ჰქონდათ, მოკლე მანძილის ჭურვები. რომ ავფრინდით, გვესროლეს. ფანჯრიდან დავინახე, როგორ აფეთქდა ჩვენგან 150 მეტრში“, - იხსენებს კოტე გაბაშვილი.

დაშვების უფლების მისაღებად თვითმფრინავი თავიდან ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდა, მაგრამ - „ქუთაისიდან გვითხრეს, დასაფრენ ზოლზე ძროხებია, არ ვიცით, გავყრით თუ არა, ამიტომ ვერ მიგიღებთო“.

„დამინახეს და გაცვივდნენ“

ამის შემდეგ თვითმფრინავმა უკვე ბათუმისკენ აიღო გეზი. აეროპორტში რომ დაფრინდნენ, დამხვდურებს უთხრეს, თვითმფრინავით დაჭრილები მოგვყავსო.

„4 ბიჭი იყო, შავპერანგიანები, ასლანის. უნდოდათ თვითმფრინავში შემოსულიყვნენ, ვითომ დაჭრილებს სიგარეტებს მივცემთო. თან საწვავს ვასხამდით. როგორც კი ჩავასხით, დავხურეთ კარები და ავფრინდით. რუსეთს ასლან აბაშიძესთან ერთად დიდი ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი შევარდნაძის დასაჭერად“, - ამბობს კოტე გაბაშვილი.

ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში წერს, რომ ბათუმის აეროპორტში ყოფნისას, თვითმფრინავის ფარდა გადასწია და დამხვდურებს დაენახა: „დამინახეს და გაცვივდნენ. ეტყობა, ასლან აბაშიძეს დაურეკეს. ასლანი არ მოსულა, მაგრამ ავიანავთი კი მაშინვე ჩაგვისხეს და თბილისში გამოვფრინდით“.

თვითმფრინავის კიდევ ერთი მგზავრი სანდრო კავსაძე, ამჟამად არქიმანდრიტი ილია, ამბობს, რომ კობახიას ვერსია სიმართლესთან ახლოსაც არ არის და სინამდვილეში სოხუმიდან გაფუჭებული თვითმფრინავით გამოფრინდნენ.

ედურად შევარდნაძე, სანდრო კავსაძე და გივი ლომინაძე აფხაზეთში, 1992 წელი.
ედურად შევარდნაძე, სანდრო კავსაძე და გივი ლომინაძე აფხაზეთში, 1992 წელი.

„შევარდნაძე არ აპირებდა გამოფრენას, ეს მოულოდნელად მოხდა, ასეთ დასასრულს არ ველოდით. ჟიული შარტავასაც ველაპარაკე დილით და არ წამოვიდა, დაბრუნდა თავის სამსახურში, - იხსენებს არქიმანდრიტი ილია, - რომ მოვფრინავდით, ვიცოდით, რომ წავაგეთ, ისიც ვიცოდით, რომ ეს ჩვენი შეცდომები იყო. მართალია, რუსეთი დაეხმარა მათ, მაგრამ მაინც. მე მებარა ეს საკითხები, მოლაპარაკების, სამშვიდობო პროცესების. ვერ გავართვი, როგორც ჩანს, თავი. არც შევარდნაძის ბრალია, მასაც ჩემგან მიჰქონდა ინფორმაცია. თავიდანვე არ უნდა დაწყებულიყო დაპირისპირება.

ახლაც დაღუპულების მოსახსენებელ ლიტურგიას რომ ვატარებ, ვთხოვ უფალს, რომ მომიტევოს ან დამსაჯოს, რითიც უნდა იმით დამსაჯოს, რადგან ვერ მოვახერხეთ იქ მშვიდობის დამყარება“.

თბილისში დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ 28 სექტემბერს ბრიფინგი გამართა.

„სოხუმის დაკარგვა უდიდესი მორალური, პოლიტიკური და აუნაზღაურებელი დანაკლისია დღევანდელი საქართველოსთვის. მე ვამბობ დღევანდელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ხვალ სოხუმი უნდა დავიბრუნოთ. გუშინ, 27 სექტემბერს, მე ჩემს გამოთქმებსა და შეფასებებში პირველად ვიხმარე სიტყვა „ოკუპაცია“, „ოკუპირებული ტერიტორია“, დღესაც ამას ვადასტურებ. აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ოკუპირებულია, ჩემს განცხადებაში გავიხსენე რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთს საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთსა და აჭარაში თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს. სულ მეშინოდა, რომ მოხდებოდა უარესი, მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: სოხუმის აღების გეგმა დამუშავებულია რუსეთის შტაბებში“ - თქვა შევარდნაძემ 30 წლის წინ.

აფხაზეთის ომი 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით, ქართველების ეთნოწმენდით და საბოლოოდ, რუსეთის მიერ აფხაზეთის დროებით ოკუპაციით დასრულდა. ომის დროს ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 16 ათასი ადამიანი - 10 ათასი ქართველი, 4 ათასი აფხაზი და საქართველოს ცხინვალის რეგიონიდან და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩასული 2 ათასი მებრძოლი. 250 ათასამდე ადამიანი დღემდე დევნილობაში იმყოფება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG