ზურაბ ქარუმიძე 1957 წლის 22 აგვისტოს დაიბადა, თბილისში. ინგლისური ენის სპეციალისტი იყო და ერთი პერიოდი საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს რედაქტორობდა: „საქართველო/კავკასიის პროფილზე“ და „კავკასიის კონტექსტს“. პირდაპირ ინგლისურად დაწერა თავისი ერთი რომანი: „Dagny or a Love Feast“ („დაგნი ანუ სიყვარულის დღესასწაული“).
ზურაბ ქარუმიძე მოთხრობებსაც წერდა, მაგრამ მაინც უფრო რომანისტი იყო. მისი დაწერილია „ღვინომუქი ზღვა“, „მელია-ტულეფია“, „ჯაზის ცხოვრება“ და „ბაყაყები“, რომელიც შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმით გამოსცა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები - „ლიტერა“ და „საბა“.
„ზურა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გავიცანი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მასთან 5-10 წუთით ურთიერთობაც კი კმაროდა, რომ ენერგიით დამუხტულიყავი - მისი იუმორი, ელვარე გონება, სტილი, რომელიც არა მხოლოდ მის ტექსტებს, საუბარსაც ახასიათებდა. ინტელექტუალური და, ამავე დროს, ძალიან ლაღი მწერალი იყო, ძალიან ღრმა ცოდნით და განსაკუთრებული იუმორით, ირონიით. თუნდაც ის ტექსტი რომ ავიღოთ, რომელიც სიკვდილის წინ დაწერა. სულ ვეხმიანებოდი, როგორ ხარ-მეთქი და ერთხელაც ეს ტექსტი ჩამიგდო, აი, ასე ვარო“, - იხსენებს მწერალი შოთა იათაშვილი.
Belacqua - ასე ჰქვია მოთხრობას, რომელიც შემდეგ „ახალ საუნჯეში“ დაიბეჭდა. ამ დროს ზურაბ ქარუმიძე უკვე ავად იყო. ამ მოთხრობაშიც სნეულობასა და მომავალ სიკვდილს დასცინის.
„როგორც ყველაფერი ცუდი, ეს ამბავიც დილიდან დაიწყო - დაძაბული ძილისა და მრუმე გამოღვიძების შემდეგ. იმ დილით ბელაკვა საწოლიდან წამოდგა, გავიდა ტუალეტში, დადგა უნიტაზთან და... მოშარდა ხაშმის საფერავი!“ - ასე იწყება მისი მოთხრობა, რომელსაც შემდეგ ანალიზებზე სირბილის, მკურნალობის, შიშისა და სიკვდილთან ვაჭრობის აღწერა მოსდევს. თან ეს ყველაფერი ისეთი იუმორითაა აღწერილი, რომელიც მხოლოდ ზურაბ ქარუმიძეს ახასიათებდა.
„ზურას აინტერესებდა მოდერნი, ავანგარდი, საქართველოს მდგომარეობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცოტა მერეც - ეს ეპოქა შემდეგ „ჯაზის ყვავილობაში“ აისახა. ეპოქიდან ეპოქაში დაძვრებოდა, საინტერესო ამბებს პოულობდა და მათზე აგებდა თავის ტექსტებს“, - ამბობს შოთა იათაშვილი და იმ ერთ ამბავს იხსენებს, - „90-იან წლებში ამერიკულ პოეზიას ვთარგმნიდი. როდესაც გამოცემაზე მიდგა საქმე, ზურას ვთხოვე, გადაეხედა. ძალიან რთული ტექსტები იყო, მაგალითად, გინსბერგის „ყმუილი“. ყველა ამბობს, რომ ძალიან კარგი თარგმანია. იმიტომ, რომ ზურამ იმუშავა ამ ტექსტზე. რომ ვთხოვე, რედაქტორად დამეწერა, იუარა, რა საჭიროაო. ახლა, როცა უკვე აღარ არის, თავს უფლებას ვაძლევ, ვთქვა, რომ ზურას დამსახურებაა, ეს თარგმანები რომ კარგი გამოვიდა“.
„მე ვიხილე ჩემი თაობის ყველაზე ჭკვიანი ხალხი, მისული სიგიჟის პირას, მოშიმშილე, შიშველი და ისტერიული,
დილაბნელზე მოლასლასე ზანგთა კვარტლებში, წამლის დოზის საძებნელად გამოსული...“ (ალენ გინსბერგის „ყმუილი“).
„ძალიან ძვირფასი მეგობარი და გამორჩეული მოაზროვნე წავიდა, ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი. ზურასთვის ლიტერატურა შემეცნებისა და თამაშის საოცარი სამყარო იყო. შემთხვევითი არ არის, რომ მას ასე უყვარდა ჯოისი, ლუის კეროლი და ზოგადად ინგლისური ლიტერატურა, სადაც ნიღბების ცვლაა შესაძლებელი. თვითონაც თამაშობდა ფსევდონიმებით. თან საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო, ძალიან სათნო. უყვარდა მუსიკა, ჯაზი, ოპერა. ხშირად გვისაუბრია მარია კალასზე“, - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.
ლაშას ერთ-ერთი მოგონება ციურიხს უკავშირდება. იქ მორიგი ლიტერატურული ფესტივალის შემდეგ ჩავიდნენ. ზურაბ ქარუმიძემ დაიჟინა, ჯეიმზ ჯოისის საფლავი უნდა მოვინახულოო. კარგა ხანი ვერ პოულობდა, არ მოეშვა. ბოლოს მიაგნო და ცოტა ხანი მდუმარედ შესცქეროდა ჯოისის სკულპტურას.
„ბოლოს ზურა მრგვალ ბაღთან ვნახე, - იხსენებს ლაშა ბუღაძე, - ერთ-ერთ კაფესთან იჯდა. ტაქსიში ვიჯექი და შორიდან დავუქნიე ხელი. მანაც დამიქნია. ცრემლები მომდის, ახლა ეს სურათხატი რომ მახსენდება - ზურა, რომელიც ხელს მიქნევს“.