რჩევები მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
თუკი ახლა მოწყენილი ხარ, დაბნეული და შეშინებული, იცოდე, რომ ეს შეგრძნებები ნორმალურია.
ასეთ სიტუაციაში ძალიან დაგეხმარება იმ ადამიანებთან ურთიერთობა და ლაპარაკი, რომლებისაც გჯერა.
ეცადე, ნაკლები დრო დაუთმო ისეთ საინფორმაციო ნაკადს, რომელიც შენში შიშს იწვევს. არ არის აუცილებელი უყურო ყველა საინფორმაციო გამოშვებას.
თუკი იძულებული ხარ, რომ სახლში დარჩე, მაშინ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიე - ჭამე, გამოიძინე, ივარჯიშე, სოციალური ქსელით ეკონტაქტე იმ ადამიანებს, რომლებიც გიყვარს.
შიშის და სევდის გასაქარვებლად, ნუ მიეძალები ალკოჰოლსა და სიგარეტს.
შეაგროვე ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ. ეს დაგეხმარება სწორად შეაფასო არსებული სიტუაცია და რისკები. ინფორმაცია მოიძიე სანდო წყაროებზე დაყრდნობით. ეწვიე, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტს, ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ საიტებს.
შეეცადე აკეთო ის, რაც განსაკუთრებულ სიამოვნებას გგვრის და დამშვიდებაში გეხმარება.
სტატისტიკა და ცნობები კორონავირუსის შესახებ
26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსი აღმოაჩნდა კიდევ 433 ადამიანს. 29 გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ჩინეთში დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.
ჩინეთის შემდეგ ყველაზე სარისკო ქვეყნები არიან სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.
დღეს, 27 თებერვალს სამხრეთ კორეამ დაადასტურა 334 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 1595-ს მიაღწია. გარდაცვლილია 13 ადამიანი
ირანში ოფიციალურად დადასტურებულია დაავადების 139 და გარდაცვალების 19 ფაქტი.
აზიის მიღმა ყველაზე დიდი აფეთქებაა იტალიაში, სადაც 100 ახალი შემთხვევაა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში სულ დაავადდა 400-ზე მეტი ადამიანი და 12 გარდაიცვალა.