Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოსახლება ყველაზე ცივ დილას - როგორია საქართველოში გამოსახლების პოლიტიკა


კეკელიძის #1, აღსრულების პოლიცია ოჯახს ასახლებს, 23 იანვარი, 2024 წ.

23 იანვარს, დილით, 11 საათზე, კეკელიძის ქუჩაზე, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსასახლებლად რომ გამოჩნდა აღსრულების პოლიცია, ყინავდა. „ყინავდა“ - მხოლოდ სიტყვის მასალა არ არის. თბილისში იმ დილით მინუს ერთი იყო და თავგამოდებით თოვდა.

23 იანვრის დილა, ამ ზამთარს, დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცივი დილა გამოდგა. თუმცა, მეტეოროლოგიურ პირობებს არ შეუშლია ხელი აღსრულების პოლიციისათვის, რომ ოჯახი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოეყვანათ და ავეჯი, პირადი ნივთები, ტანსაცმელი, წიგნები, ჭურჭელი ღია ცის ქვეშ დაეყარათ. იმ დღეს კეკელიძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა 20 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ორი დაკავებულის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოსახლება ყველაზე ცივ დილას - როგორია საქართველოში გამოსახლების პოლიტიკა

კეკელიძის #1, გამოსახლებული ოჯახის ავეჯი და პირადი ნივთები სადარბაზოსთან აწყვია
კეკელიძის #1, გამოსახლებული ოჯახის ავეჯი და პირადი ნივთები სადარბაზოსთან აწყვია

თოვდა თბილისში გასული წლის 23 თებერვალსაც, როცა არდაზიანის 2 ნომრიდან გიგაურების რვასულიანი ოჯახი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი და ოჯახის ორი ხანდაზმული წევრი, დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე გამოასახლეს. ლაშა გიგაური, სახლის ყოფილი მფლობელი ამბობდა, რომ ეს მისი ერთადერთი საცხოვრებელი იყო და წასასვლელი აღარსად ჰქონდათ.

რამდენიმე სიტყვა სტატისტიკაზე

მიმდინარე საქმეები, ანუ გამოსასახლებელი ოჯახების რიცხვი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ასეულს ითვლის.

მაგალითად, 2022 წლის პირველი აპრილის მონაცემებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, ანუ გამოსახლების, 2216 მიმდინარე საქმე ჰქონდა. ეს მონაცემი ბიურომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ 2022 წლის აპრილში მიაწოდა (მას შემდეგ ორგანიზაციას განახლებული ინფორმაცია გამოსახლებების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან აღარ მიუღია).

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ზოგად მონაცემთან ერთად ითხოვდა დამუშავებულ სტატისტიკასაც. მაგალითად, რამდენი ერთეული უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდა ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის სასარგებლოდ. თუმცა, როგორც აღსრულების ბიუროდან მიღებული წერილი იტყობინებოდა, უწყებაში სტატისტიკური მონაცემების ამგვარად არ მუშავდება.

აღსრულების ეროვნული ბიუროსგან მათ ვერც ამ კითხვაზე მიიღეს პასუხი:

მარიამ ჯანიაშვილი
მარიამ ჯანიაშვილი

„უძრავი ქონებაა საცხოვრისიც, მიწაც, არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართიც და ა.შ. რამდენია ამ საერთო რიცხვში საცხოვრებელი და რამდენი არა, ასეთ გამიჯვნას აღსრულების ბიურო არ აწარმოებს. არადა, ამ ტიპის სტატისტიკის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია იმის დასანახად, თუ რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე“, - მეუბნება მარიან ჯანიაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი.

2024 წლიდან, როგორც სხვა უწყებებს, ისე აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოუწევს დეტალური სტატისტიკის წარმოება და შემდეგ გამოქვეყნება:

„მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. რამდენად შესრულდება გეგმა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ აღსრულების ბიურომ აიღო ვალდებულება, რომ გამოსახლებებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების მეთოდოლოგია შექმნას და ეს ინფორმაცია პროაქტიულად გამოაქვეყნოს“, - ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

რატომ ითხოვენ უფლებადამცველები და აქტივისტები მორატორიუმს გამოსახლებებზე

ამ კითხვას აქტივისტები და იურისტები ერთი მარტივი წინადადებით პასუხობენ - იმიტომ, რომ დღეს არსებული პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოა გამოსახლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან:

„არც გამოსახლების პრევენციის, არც უშუალოდ გამოყვანის დროს და არც გამოსახლების შემდგომ, ის რელევანტური მექანიზმები, რაც მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებდა, არ არსებობს, არ სრულდება და ამ მორატორიუმის დროს სწორედ ეს პრობლემები უნდა მოწესრიგდეს“, - მეუბნება მარიამ ჯანიაშვილი, რომლის თქმითაც, დღეს არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გარდასაქმნელად სისტემური მუშაობაა საჭირო, რასაც გარკვეული დრო და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა სჭირდება:

„საუბარია უშუალოდ გამოსახლების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, ასევე ფულად-საკრედიტო სისტემაზე, რომელიც წარმოშობს გამოსახლების საკმაოდ მაღალ რისკსა და რიცხვს. მოსაგვარებელია საცხოვრისის საკითხები. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავშესაფრის ისეთი პოლიტიკა, რომელიც გამოსახლებულ ადამიანებს შესთავაზებს ალტერნატიულ საცხოვრისს.

სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ როგორც დროებითი ღონისძიება, გამოცხადდეს მორატორიუმი და სახელმწიფომ ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად დაიწყოს მსჯელობა სისტემის გარდაქმნაზე, რომ გამოსახლებები არ იყოს ასეთი არაჰუმანური, ბრუტალური და ღირსების შემლახავი“.

გამოსახლებებზე მორატორიუმი კოვიდპანდემიის პერიოდში, 2020 წლის მარტში გამოცხადდა და ორ წელს გასტანა. თუმცა, როგორც მარიამ ჯანიაშვილი ამბობს, ხელისუფლებამ ეს პერიოდი გამოსახლების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებისთვის ვერ გამოიყენა.

რა იგულისხმება გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებაში?

სტატიის დასაწყისში ტყუილად არ ვახსენეთ კონკრეტული გამოსახლებების დროს არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობები და სეზონი.

ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა აწესებს შეზღუდვებს გამოსახლებებზე ზამთრის პერიოდში - Winter Bans, ასე ჰქვია ამ შეზღუდვებს და მათ იყენებენ, მაგალითად, ავსტრიაში, ბელგიაში (ბრიუსელსა და ვალონიის რეგიონში), ბულგარეთში (სასამართლოს დისკრეციით), საფრანგეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და რუმინეთში. ევროსაბჭოში სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის ინიციატივით, კანონში უნდა არსებობდეს ჩანაწერი ზამთარში გამოსახლებების აკრძალვის შესახებ და ეს სტანდარტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე უნდა ვრცელდებოდეს.

ერთია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელთა გამოსახლებების პოლიტიკაც შესაძლოა, მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა, მეორეა ე.წ. ქოლგა საერთაშორისო სტანდარტი - გაეროს პაქტი „ეკონომიკურ-სოციალური და კულტურულ უფლებათა შესახებ“ და მის საფუძველზე მოქმედი კომიტეტის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტები. 1994 წლიდან საქართველო ამ პაქტის მონაწილე და ხელშემკვრელი მხარეა. შესაბამისად, ქვეყანას მისი შესრულების ვალდებულება აქვს, მათ შორის, საცხოვრისისა და გამოსახლების ნაწილშიც:

„პაქტის კომიტეტი თავის ზოგად კომენტარში მიუთითებს, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოახერხოს გამოსახლებისა და უსახლკარობის პრევენცია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი გამოსახლებას ვერ იცილებს თავიდან, მაშინ ამ პროცესში ადამიანის ღირსება და უფლებები უნდა იყოს დაცული. მათ შორის, პირდაპირ აქვთ მითითებული, რომ, მაგალითად, ღამით, ასევე ზამთარში, ცივ ამინდში, გამოსახლების აკრძალვა არის ბაზისური პრინციპი და მოთხოვნა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ უშუალოდ გამოსახლების პროცესში“, - ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმადვე, სახელმწიფომ გამოსახლების პროცესში უნდა უზრუნველყოს ძალის გამოყენების მინიმიზაცია და პრევენცია. გაეროს პაქტის საფუძველზე მოქმედი კომიტეტი პაქტის ზოგად კომენტარში წერს, რომ ამ პროცესს ხედავს მხარეებთან, განსაკუთრებით კი მოვალესთან აქტიური კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და სავარაუდო ალტერნატივების განხილვის ფონზე, როდესაც სახელმწიფო ესაუბრება ადამიანს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის მიმართ იძულების ღონისძიებები და ძალა არ იქნეს გამოყენებული:

„სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს უწყება, რომელიც შეძლებს იყოს რელევანტური მხარეთა შორის მორიგების ნაწილში. ეს შეიძლება იყოს აღსრულების ბიურო, ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური სამსახური, სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა გამოცდილება აქვს“, - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი.

კეკელიძის #1, გამოსახლების პროცესი, 23 იანვარი
კეკელიძის #1, გამოსახლების პროცესი, 23 იანვარი

კიდევ ერთი და უკიდურესად მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელსაც მარიან ჯანიაშვილის თქმით, დღეს საქართველო ვერ აკმაყოფილებს, ეს არის გამოსახლების შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისთვის ალტერნატიული, ღირსეული საცხოვრებლის შეთავაზება, რომელიც ასევე საერთაშორისო სტანდარტებითაა გათვალისწინებული.

„საქართველოში, თავად უსახლკაროს ცნებაც კი ბუნდოვანია. ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს გაწერილი „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში, თუ ვინაა უსახლკარო პირი და ვის მიმართ წარმოექმნება სახელმწიფოს გარკვეული მექანიზმების ამოქმედების ვალდებულება და არა ისე ფორმალურად, როგორც ეს ახლა გვაქვს“.

მარიამ ჯანიაშვილი ამბობს, რომ დღეს, ცალკეული მუნიციპალიტეტები თავად წერენ ადამიანების უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის წესებს და ასე ხდება საქართველოს მუნიციპალიტეტების დაახლოებით მესამედში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ასეთი წესები საერთოდ არ არსებობს და საცხოვრისის შეთავაზება-არშეთავაზების საკითხი მთლიანადაა დამოკიდებული მუნიციპალიტეტების კეთილ ნებაზე:

„ეს არ არის ინსტიტუციონალიზებული სისტემა, რომელიც გაწერდა ყველა მუნიციპალიტეტში იმ მინიმალურ სერვისებს, მათ შორის, საცხოვრისის ნაწილში სასწრაფო რეაგირების სერვისებსაც, რომელიც გამოსახლებულ ადამიანებს ან სხვა უსახლკარო ჯგუფებს შესთავაზებდა საცხოვრებელს“.

მარიამს მოჰყავს თბილისის მაგალითი - რა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი საცხოვრისიდან გამოსახლებული ოჯახი, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არსებობს გარკვეული სერვისები, მათ შორის, სოციალური საცხოვრისის სერვისი, ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისი, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი, ამ შემთხვევაშიც კი, დიდი გამოწვევის წინაშე დგება:

„უსახლკაროდ დარჩენის შემდეგ, პირმა ჯერ უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტში არსებულ სპეციალურ კომისიას, მოაგროვოს შესაბამისი დოკუმენტები. შემდეგ დოკუმენტები უნდა განიხილოს კომისიამ, რასაც სჭირდება გარკვეული დრო, ამის შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, შეუძლია პირს სოციალურ საცხოვრისში ჩარიცხვა თუ არა“.

თუმცა, მისი თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი წინ ახალი პრობლემა წამოიჭრება:

„სოციალურ საცხოვრისებში, თბილისში, ფაქტობრივად, არ არის ადგილები. ყველაზე მსხვილი საცხოვრისია ორხევის საცხოვრისი და იქ საცხოვრებელი პირობები მკვეთრად არაადეკვატურია. ეს საცხოვრისი საჭიროებს არათუ ახალი ოჯახის დამატებას, არამედ იქ მყოფი ადამიანების განსახლებას. იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია“.

რას ამბობს აღსრულების ბიურო?

აღსრულების ეროვნულ ბიუროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ 2023 წლის მონაცემებით, აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა, 562 საქმე კი მორიგებით დასრულდა. მორიგებების ნაწილში მედიატორის როლს აღსრულების ბიურო ასრულებდა.

რაც შეეხება გამოსახლებების საკითხს, პაატა შამუგია, აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გვეუბნება, რომ უწყება ოჯახების გამოსახლების პროცესს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით უდგება:

პაატა შამუგია
პაატა შამუგია

„როდესაც მოწყვლადი ჯგუფია გამოსასახლებელი, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ოჯახი, დევნილები, მარტოხელა მშობელი, ხანდაზმული, შშმ პირი და ა.შ., ამ საქმეებს დეტალურად განვიხილავთ. მაგალითად, დევნილების გამოსახლების შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თუკი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილებული არ იყო კომპენსაციით, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, უწყება მას პრიორიტეტად აყენებს, გვისახელებს ვადას და იმ ვადას ვაძლევთ ოჯახსაც, რომ მოაგვაროს საკითხი.

იგივეა სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში, მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევებში. ჩვენ მივმართავთ ადგილობრივ გამგეობებს, რა შეუძლიათ, რომ შესთავაზონ ამ ოჯახებს. თბილისში უფრო რთულია ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ რაიონებში უფრო ეხმარებიან, მასალებს აძლევენ სახლის ასაშენებლად და ა.შ. ამ ადამიანებს ვაცნობთ სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას და ამ სერვისების ხელმისაწვდომობაში ვეხმარებით.

ბევრ შემთხვევაში, ადამიანებმა არ იციან, რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ გამგეობაში, სოციალურ სამსახურში. ჩვენ გვაქვს ასევე თავშესაფრები და მოგვინახავს ადგილი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის“.

26 იანვარს, თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლება გადაიდო. რადიო თავისუფლებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში უთხრეს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და მათ იხელმძღვანელეს კანონით მიცემული შესაძლებლობით.

აღსრულების პროცესი გადაიდო 24 იანვარს დადიანის ქუჩაზეც. აღსრულების ბიურომ ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 31-ე მუხლით. ამ მუხლის თანახმად, თუ გამოსახლების ადგილზე განსაკუთრებული მდგომარეობაა შექმნილი (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) და „არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს“, მოვალის განცხადების საფუძველზე პროცესის გადადება შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვით.

რაც შეეხება 23 იანვარს, კეკელიძის N1-დან გამოსახლებულ ოჯახს, ბინის ახალი მფლობელის ადვოკატმა, გიორგი სუხიტაშვილმა 24 იანვარს ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილ მფლობელთან, მარინა ხატიაშვილთან „შეთანხმება შედგა“ და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ. აღსრულების ბიუროში აცხადენენ, რომ ისინი მხარეებს შორის მედიაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

XS
SM
MD
LG