თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სოციალურად დაუცველი ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურიდან.
"ოჯახი სოციალურად დაუცველია და ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ოჯახს მიეცა რამდენიმე თვე [არაუმეტეს 6 თვე]", - ამბობენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
ბიურომ გამოიყენა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 31-ე მუხლი. ამ მუხლით, თუ გამოსახლების ადგილზე განსაკუთრებული მდგომარეობაა შექმნილი (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) და "არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს", მოვალის განცხადების საფუძველზე პროცესის გადადება შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვით.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბინის ახლანდელი მფლობელი იქ ცხოვრობს, თუმცა კაკიაშვილი და მისი ორი არასრულწლოვანი შვილი არ ტოვებენ მიშენებულ ნაწილს, რომელიც საცხოვრებელს გაყიდვამდე ჰქონდა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლება ამ დრომდე 3-ჯერ გადადო. დღეს, 24 იანვარს, აღსრულების პოლიცია იქ მეოთხედ მივიდა. 48 წლის ქალისა და მისი არასრულწლოვანი შვილების მხარდასაჭერად სახლთან მეგობრები და აქტივისტები დილიდან იყვნენ შეკრებილი. მათ წინააღმდეგობის გასაწევად მოაწყვეს ბარიკადები და გადაკეტეს ბინამდე მისასვლელი გზები.
გუშინ, 23 იანვარს კი, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის N1-დან გამოასახლა ოჯახი.
პოლიციამ საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის - ორი სისხლის სამართლის კოდექსით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) დააკავეს 18 ადამიანი, მათ შორის იყო ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.