Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში, ბინაში შევიდა და ნივთების გამოტანა დაიწყო


თბილისი, კეკელიძის ქუჩა N1
თბილისი, კეკელიძის ქუჩა N1

აღსრულების პოლიცია, რომელიც დილიდან თბილისში, კეკელიძის N1-შია, ბინაში შევიდა და ნივთების გამოტანა დაიწყო. პოლიციამ ბინაში შეკრებილ ადამიანებს მოუწოდა, დაეტოვებინათ სივრცე, შემდეგ კი მათი გაყვანა ძალის გამოყენებით დაიწყო.

როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა "საქართველოს ბანკს" 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.

აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.

"ბოლო მოლაპარაკება ჩვენი ინიციატივით შედგა გუშინ. კრედიტორი მოვალე მხარეს სთავაზობდა ალტერნატიულ ფართს თბილისში, ასევე იყო შემოთავაზება ბინის გამოსყიდვაზე. მოვალე მხარემ ალტერნატიულ ფართზე უარი თქვა, ხოლო თანხის ნაწილში, მის ოდენობაზე, მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ, აღსრულების პოლიცია აღასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას", - უთხრა ჟურნალისტებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა პაატა შამუგიამ.

მოქალაქეები ამ ოჯახის მხარდასაჭერად კეკელიძის ქუჩაზე დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ცდილობდნენ, პოლიციელები არ შეეშვათ ბინაში - სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. კორპუსიდან პოლიციელებს წყალს ასხამდნენ.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არც აღსრულების პოლიციას და არც საპატრულო პოლიციას ბინაში შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ ცრემლსადენი აირი ან სხვა მსგავსი ნივთიერება. დამატებით, პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ბინაში შეკრებილი ადამიანები "სპრეის" იყენებდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც რკინის შედუღებულ კარს ჭრიდნენ.

ბინა წლების განმავლობაში, 2018 წლამდე, ეკუთვნოდა მარინა ხატიაშვილის ოჯახს. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი აღსრულების პოლიცია ცდილობს მათ გამოსახლებას.

აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა.

მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.

ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.

აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ, მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ, გადადო ოჯახის გამოსახლების პროცესი.

XS
SM
MD
LG